ატენის ხეობის მარნები
თუკი ჩვენი ქვეყანა რითამე მდიდარი და საინტერესოა, ესაა უპირატესად ვაზისა და ღვინის კულტურა და ამ სფეროების მრავალფეროვნება თუ თავისებურება. ეს მრავალფეროვნება ხშირად ბუნებისგანაა მოცემული, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც ბუნების მიერ მოცემულ ამ სიმდიდრეს ადამიანი ამა თუ იმ წესსა და ადათს მოარგებდა და მიასადაგებდა ხოლმე.
ეს საგანი მეტად თვალსაჩინოდ მოსჩანს საქართველოს კუთხეების მარნების არქიტექტურულ სტილში და მათ ნიშან თვისებებში. მარნის სახეს ადამიანს ხშირად კლიმატი კარნახობს. მაგალითად დასავლურ ზურგიან მარანს ღიობი იქითა აქვს საიდანაც ქარი არ უბერავს და შესაბამისად მარანში ნამქერის შეტანის რისკიც დაბალია, ხოლო ღია „ჭურისთავების“ გამართვა ნაკარნახევია ძლიერ ტენიანი პირობებიდან და სხვ.
მარნების ერთგვარი სტილი ხშირად რეგიონის ერთ კონკრეტულ ადგილასაა გავრცელებული და უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ერთსა და იმავე რეგიონშიც კი მარნების სტილი საკმაოდ განსხვავებულია. აღსანიშნავია, რომ თუკი რომელიმე სამეურნეო ნაგებობის ადგილსა და განლაგებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მარნის შემთხვევა აბსოლუტურად განსხვავებულია. მის მშენებლობას არა მარტო არქიტექურული სტილის, არამედ განსაკუთრებული, თავისებური ადგილის შერჩევაც უნდა, რადგან მარანი ღვინოს ემსახურება, ხოლო ღვინის ბუნება კი სხვა დანარჩენი პროდუქტებისაგან განსხვავებულია და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტ ყურადღებას ითხოვს.
ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითს, თუ როგორაა ერთმანეთთან მისადაგებული ბუნება და მარანი – ატენის ხეობაში ვხვდებით. ეს ხეობა და აქაური ღვინო უხსოვარი დროიდანვეა განთქმული მთელს ქართლში. გარდა ამისა, იშვიათად თუ შევხვდებით იმგვარ მოვლენას, რომ მეღვინეობით განთქმული ერთი სოფლის მომიჯნავედ მდებარეობდეს არანაკლებ ხარისხიანი ღვინით განთქმული მეორე სოფელი.
ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს ლალისფერი ღვინო „ხიდისთაურით“ ცნობილი სოფელი ხიდისთავი. ატენის ხეობაში, სადაც მევენახეობა იმთვითვე ტერასების სახითაა წარმოდგენილი მარნების თავისებური სტილი ჩამოყალიბდა, რაც უპირატესად მარნის ინტერიერს ეხება. მაგალითად ატენური საწნახელი საქართველოს ყველა კუთხის საწნახლისაგან გამორჩეულია. აქაური საწნახლის წინა კედელში ჩამონტაჟებულია ჭაჭის წნეხი, საქაჯავი და როდესაც საწნახელში ყურძნის წურვა დასრულდება მწურავები ჭაჭას საწნახელში ჩამონტაჟებულ საქაჯავში ყრიან და წნეხავენ. ამ შემთხვევაში საწნახელი და საქაჯავი არის არა ორი, არამედ ერთი მთლიანი ნაწილი, რასაც მხოლოდ ატენის ხეობაში თუ შევხვდებით, ხოლო ძალზე იშვიათად კი ხეობის მახლობელ სოფლებშიც.
ატენი, თლილი ქვით ნაგებ საწნახელში ჩამონტაჟებული საქაჯავი
ხეობა და განსაკუთრებით კი სოფელი ატენი საკმაოდ ცხელი ადგილია და რომ არა აქაური მარნებისა და ღვინის მოვლის თავისებურება ღვინის შენახვა ნამდვილად გაჭირდებოდა. ეს პრობლემა დღეს ატენში საკმაოდ მძაფრად დგას, თუმცა კი მხოლოდ მათთან, ვინც ღვინოს ქვევრებში აღარ აყენებს…
აქაური მარნებისთვის, რომლებიც უპირატესად საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულებში ან სიღრმეშია გამართული დამახასიათებელია საკმაოდ ვიწრო სარკმელები, ამასთან მინიმალური რაოდენობით. მათი ძირითადი დატვირთვაა ის, რომ მარანში არ შეაღწიოს თბილმა ჰაერმა. ამისათვის ზაფხულის ცხელ პერიოდში ეს სარკმელები იგმანება კიდეც. ამ ადგილას არაერთი მარნის ნახვაა შესაძლებელი, რომლებიც ნაგებია ადგილობრივი ქვიშაქვით, ხოლო მათ კედლებში დატანებულია ვიწრო სარკმელები.
კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი აქაური მარნებისა არის ღვინის მოვლასთან დაკავშირებული ერთგვარი დეტალი. საქმე ის გახლავთ, რომ ძლიერი სიცხეების დროს, რაც ხეობისთვისაა დამახასიათებელი მეტად გამომშრალი ნიადაგი ქვევრიდან იწოვს გარკვეული რაოდენობის ღვინოს. მართალია, ეს არ არის დიდი რაოდენობა, მაგრამ ასეთ დროს ქვევრში ღვინო დასშვებზე მეტი რაოდენობით ნაკლულდება, რასაც მალევე მოსდევს ღვინის ხარისხის გაუარესება.
აქაურმა მემარნემ ეს არასასურველი პროცესი ადრიდანვე შენიშნა, რაზეც მიუთითებს ატენისა და გარდატენის მარნების იატაკზე გამართული ერთგვარი სადრენაჟე მოწყობილობები. ამგვარი სადრენაჟეები ქვევრების ირგვლივ ვერტიკალურადაა ჩატანებული. სადრენაჟე ღრმული მიწაში იმ სიღრმეზეა ჩაშვებული, რა სიმაღლეც აქვს თავად ქვევრს.
ძლიერი სიცხეების დროს სადრენაჟეებში ისხმება წყალი იმ მოტივით, რომ ზედმეტად გამომშრალმა ნიადაგმა ქვევრიდან ღვინო აღარ შეიწოვოს. ცხადია, საჭიროა წყლის ზომიერი რაოდენობა, რათა არ მოხდეს ქვევრის გარშემო ნიადაგის ზედმეტად დასველება, რაც უარყოფითად აისახება ქვევრზეც და ღვინის ხარისხზეც.
ძველად ამგვარ ღრმულებს აკეთებდნენ, როგორც თიხის ნასვრეტიანი მილებით, ისე კრამიტებითაც, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი ძველ მარნებში.
ბოლო პერიოდის მარნებში თიხის მილებისა და კრამიტის მაგივრად იყენებდნენ აზბესტის მილებსაც, რაც ყოვლად დაუშვებელია. იმისათვის, რომ სადრენაჟეში ჩასხმული წყალი ნიადაგში თანაბრად გადანაწილდეს მასში იყრება ქვიშა.
ქვევრების გარშემო გამართული სადრენაჟე
ატენის ხეობაში ასევე გვხვდება დამოუკიდებლად მდგარი მარნებიც, სადაც ვიწრო სარკმელების, მართებულად შერჩეული სამარნე ადგილ-მდებარეობისა და თავად მარნის არქიტექტურული სტილის გამო ძლიერი სიცხეების დროსაც კი საკმაო სიგრილეა. დიდად სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდის მარნების მშენებლობისას ხშირად არ ხდება იმ დეტალების გათვალისწინება, როთიც ხელმძღვანელობდნენ ჩვენი წინაპრები. მოგეხსენებათ, მარანში ერთ გრადუსსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის ხარისხისათვის. სწორედ ამ უკანასკნელი საგნის თვალსაჩინო მაგალითებს ვხვდებით ატენურ ძველ მარნებში, რომელთაგანაც ზოგიერთი არქიტექტურული სტილითა თუ ტექნოლოგიურად გამართულობის თვალსაზრისით ბრწყინვალე ნიმუშებია.
გიორგი ბარისაშვილი
მცხეთა, 2017 წ.