აგროსიახლეები

პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე  თამარ მახარაშვილთან ერთად გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხოდ განათლების სისტემას განსაკუთრებული როლი აკისრია. მისი თქმით, გარემოსდაცვითი ცნობიერების ადრეული ასაკიდან ფორმირება და შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარება ქვეყნის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„დღეს, როდესაც გარემოსდაცვითი გამოწვევები სულ უფრო კომპლექსურ ხასიათს იღებს, აუცილებელია, რომ განათლების სისტემა ამ გამოწვევებზე რეაგირების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყოს. პროექტი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას. გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მიმართულებების ინტეგრაცია მიზნად ისახავს ისეთი თაობის ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება ცოდნა, უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი განცდა თანამედროვე გარემოსდაცვით გამოწვევებზე საპასუხოდ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მასწავლებელს, ვინც თავისი ყოველდღიური საქმიანობით ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდებში პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი კულტურის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პროექტი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

2026 წლის კონკურსში მონაწილეობა 150-მდე პედაგოგმა და აღმზრდელმა მიიღო. კონკურსის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა 20 საუკეთესო პედაგოგი – როგორც სკოლამდელი აღზრდის, ისე დაწყებითი საფეხურის კატეგორიებში. თითოეულ კატეგორიაში განისაზღვრა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ხოლო ჯამში 6 გამარჯვებულს გადაეცა სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები.

გამარჯვებულები სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა, რომელიც დაკომპლექტებული იყო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 4 000-მდე სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი და 8 000-მდე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

დაჯილდოების ცერემონია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დღის განმავლობაში ასევე გაიმართა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) პროექტის გახსნითი ღონისძიება და დედაენის ბაღში მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობები.