დარგებიმეფუტკრეობა

საქართველოს ძირითადი თაფლოვანი ფლორა და მისი გაუმჯობესების ხერხები

  ფუტკრის საკვები ბაზა ის ფაქტორია, რომლის გარეშე მეფუტკრეობა არ  არსებობს. საფუტკრის მოწყობის დროს, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რა სახის თაფლოვანი მცენარეები არსებობს სიახლოვეს, როდის შეუძლია ფუტკარს მათგან ნექტრისა და ყვავილის მტვრის მოპოვება და აქედან გამომდინარე, განსაზღვროთ თქვენი საქმიანობის ხასიათი ფუტკრის  მოვლა – მოშენების საკითხებში. ამ ქვეთავში განიხილება ქვეყნის თაფლოვანი და მტვეროვანი მცენარეების დახასიათება და ფუტკრის საკვები ბაზის გაუმჯობესების ამოცანები.
მინდვრის სასოფლო-სამეურნეო და საკვები თაფლოვანი მცენარეები
  მზესუმზირა 

გავრცელებული ტექნიკური (ზეთოვანი) კულტურაა, მოჰყავთ ძირითადად კახეთში. იგი რთულყვავილოვანია, კალათის გარშემო არსებული წაგრძელებული ყვავილები მწერების მისაზიდადაა განკუთვნილი, ორსქესიანი ყვავილების რაოდენობა 600-1200 ცალს შეადგენს, გვალვაგამძლე, სითბოსმოყვარული მცენარეა, ყვავილობა იწყება ივნისის ბოლოს  და მისი ხანგრძლივობა 30 დღეს უდრის. ფუტკარი 1 ჰა-ზე 40 კგ-მდე თაფლს აგროვებს. თაფლი ღია ოქროსფერია, გემოთი ნაზი, სასიამოვნო, ნაკლებად არომატული, სწრაფად კრისტალდება, აღნიშნულია ფიჭაში დაკრისტალების შემთხვევები.

 ესპარცეტი 

უმნიშვნელოვანესი საკვები და თაფლოვანი მცენარეა პარკოსნებიდან, გამოირჩევა გვალვაგამძლეობით, ყვავილები თავთუნებადაა შეკრული. ყვავილობა იწყება მაისში და გრძელდება ივნისში. ლიტერატურაში ცნობილია, როგორც კარგი თაფლოვანი (90-400 კგ თაფლი 1 ჰა-ზე). საქართველოში მისი სათაფლე პროდუქტიულობა მერყეობდა 28-172 კგ-მდე. თაფლი ღია ქარვისფერია, გემოთი სასიამოვნო, ნაზი არომატით, საკმაოდ სწრაფად კრისტალდება.

სამყურა

სამყურა, როგორც თაფლოვანი, ცნობილია სამი სახის: ვარდისფერი, თეთრი და წითელი. ძალზე მნიშვნელოვანი თაფლოვანია, რომლის პროდუქტიულობა 100-120 კგ/ჰა-ს შეადგენს. წითელი სამყურას აგროტექნიკაში გრძელხორთუმიანი ქართული ფუტკრის მონაწილეობა ყველა სხვა ფუტკარზე უფრო ეფექტიანია. სამყურა მომთხოვნია ნიადაგში კირის შემცველობის მიმართ. ვარდისფერი სამყურა თითქმის მთელ ზაფხულს ყვავილობს. იგი უფრო გამძლეა მჟავე ნიადაგების მიმართ; თაფლი თეთრი ფერის, გამჭვირვალეა, საკმაოდ სწრაფად კრისტალდება, ახასიათებს შედარებით სუსტი არომატი.

ძიძო

მაღალმოსავლიანი საკვები კულტურაა და მაღალი სანექტრე პროდუქტიულობით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტენიან წელიწადს. ყველაზე გავრცელებულია თეთრი და ყვითელი ორწლიანი ძიძო. იგი იტანს გვალვას და საკმაოდ ზამთარგამძლეა, კარგად ეგუება დამლაშებულ ნიადაგებს, ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე. კარგია, როგორც თაფლოვანი (300 კგ/ჰა) კულტურა.

წიწიბურა

მნიშვნელოვანი სასურსათო და თაფლოვანი კულტურაა, რომელიც საქართველოში ხხ საუკუნის ბოლოს გავრცელდა. მისი ყვავილობა 25-30 დღეს გრძელდება, საქართველოში იგი 2-3-ჯერ ითესება, გვალვიან, ცხელ და ცივ ამინდში ნექტარს თითქმის არ გამოყოფს. კარგ ამინდში სანექტრე პროდუქტიულობა 70-90 კგ-ს შეადგენს. თაფლი შედარებით მუქია, თავისებური არომატით და კარგად გამოხატული გემოთი, რითაც ის გამოირჩევა თაფლის სხვა სახეობათაგან.

 იონჯ

ძალზე მნიშვნელოვანი საკვები კულტურაა, მაგრამ როგორც თაფლოვანი მცენარე, ურწყავ ნიადაგებზე ფუტკრისათვის საინტერესო არ არის. სარწყავ მიწებზე მისი პროდუქტიულობა 250-300 კგ-ს შეადგენს. არსებობს ცნობები, რომ იონჯის ყვავილის მტვერი მეთაფლე ფუტკრისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს   შეიცავს.

 შოროქნის ცოცხი

შოროქნის ცოცხი, როგორც თაფლოვანი მცენარე, იძლევა საკმაოდ მაღალ საგვიანო (სექტემბერი) სანექტრე პროდუქციას და ბარტყიანობის განახლებისათვის საკმაოდ კარგი საშუალებაა, ამტანია დამლაშებული ნიადაგების მიმართ.

 ოქროწკეპლა

ოქროწკეპლა უკანასკნელ პერიოდში გამოჩენილი თაფლოვანი და მტვეროვანი მცენარეა, რომელიც ხარობს, როგორც სარეველა (მიგდებულ ჩაის პლანტაციებში). ლიტერატურაში ცნობილია, როგორც კარგი თაფლოვანი და მტვეროვანი მცენარე. ამ მცენარის სათაფლე პროდუქტიულობა საქართველოში არ შესწავლილა. არსებობს ცნობები, რომ მისი თაფლი სწრაფადკრისტალებადია, რაც საკმაოდ საგანგაშოა, რადგან ოქროწკეპლა ყვავილობს შემოდგომაზე და მისი თაფლი შეიძლება საზამთრე მარაგში მოხვდეს.

 მდელოს ბალახებიდან როგორც თაფლოვანები, აღსანიშნავია: სალბი, შავბალახა, ჭინჭრისდედა და სხვა, რომლებიც ფუტკარს საკმაოდ კარგად იზიდავენ და უზრუნველყოფენ ნექტრით. ეს მცენარეები საქართველოში თაფლოვან  მასივებს არ ქმნიან, მათი სანექტრე პროდუქტიულობა არ არის შესწავლილი და შესაბამისად ლიტერატურაში მათ შესახებ ცნობები ნაკლებადაა.

თეთრეკალა, ტყის ცოცხი და ფუჭფუჭა საინტერესოა არა მარტო როგორც თაფლოვანი მცენარეები, არამედ ეროზიის საწინააღმდეგოდაც, რომლებსაც ნიადაგის საფარის გასამაგრებლად იყენებენ.

მდელოს ბუჩქოვანი  მცენარეებიდან აღსანიშნავია ძეძვი, მაყვალი და სხვა, რომლებიც აქტიურ სეზონზე (მაისის ბოლო-ივნისი) ფუტკარს უზრუნველყოფენ საკმაოდ ინტენსიური ღალით, თუმცა მათი როლი ფუტკრის საერთო პროდუქტიულობაში ბოლომდე გარკვეული არ არის. იმის გამო, რომ ამ მცენარეთა ერთიანი მასივები არ არსებობს, მათგან მიღებული თაფლიც ჩვეულებრივად წარმოებული პოლიფლორული თაფლის შემადგენელი კომპონენტია.

ტყის თაფლოვანი მცენარეები
 წაბლი

წაბლი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში და ტყის მცენარეულობაში საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი უკავია (20-25%). აღმოსავლეთ საქართველოში იგი გვხვდება ყვარლისა და ნაწილობრივ ლაგოდეხის, აგრეთვე ხაშურის რაიონებში. ყვავილობას იწყებს ივნისში და ვერტიკალური ზონალობის მიხედვით გრძელდება დაახლოებით 3 კვირას. საკმაოდ უხვი თაფლოვანია (230-260 კგ/ჰა), მისი ყვავილობის პერიოდი ნაწილობრივ ემთხვევა ცაცხვისას და ორივე ერთად ტყის ძირითად თაფლოვან მცენარეს წარმოადგენს. თაფლი მუქი აქვს, ძლიერი არომატით, მომწარო გემოთი (შერეული თაფლი), სუფთა სახით საკმაოდ მწარეა, თითქმის არ კრისტალდება, შეიცავს ალკალოიდებს, აღნიშნულია, როგორც კარგი საშუალება გულსისხლძარღვთა მკურნალობაში, კუპაჟირებისას მისი ხვედრითი წილი 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ცაცხვი

ცაცხვი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო თაფლოვანი მცენარეა ტყის ზონაში. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი რაიონებისა, შედარებით მცირე რაოდენობით გვხვდება ფშავის ხეობაში. ცნობილი ლიტერატურული წყაროების მიხედვით სათაფლე პროდუქტიულობა 1000 კგ/ჰა-ს აღწევს, საკონტროლო სკის დღიური წონამატი კი 10 კგ-ს. საქართველოში ეს მაჩვენებელი 3-4 კგ-ს არ აღემატება, რაც იმითაც არის განპირობებული, რომ მისი ხვედრითი წილი ტყის თაფლოვნებში ძალიან დიდი არ არის. ვერტიკალური ზონალობის გათვალისწინებით ყვავილობს 3 კვირამდე. მისი თაფლი გამჭვირვალე, ძლიერი, სასიამოვნო არომატის მქონეა, ღია ფერის, წარმოქმნილი კრისტალები სხვადასხვა ზომისაა, კრისტალდება 2-3 თვეში.

აკაცია

აკაცია  ფართოდ გავრცელებული თაფლოვანია პარკოსნების ოჯახიდან. იგი პირველი მნიშვნელოვანი თაფლოვანი მცენარეა გაზაფხულის პერიოდში. დაბლობ ზონაში ყვავილობას იწყებს 20 აპრილიდან, მისი ხანგრძლივობა 10 დღეს არ აღემატება. შესაფერისი ამინდების (მზიანი, უქარო, ნოტიო) პირობებში ნექტარს უხვად გამოყოფს, მაგრამ ყვავილობის პერიოდი თითქმის ყოველთვის უამინდობით აღინიშნება და შესაბამისად სასაქონლო თაფლს მცირე რაოდენობით იძლევა (სკის დღიური წონამატი არა უმეტეს 2,5 კგ-სა). თაფლი გამჭვირვალე, სუსტი არომატის მქონეა, ფრუქტოზის მაღალი შემცველობით, რის გამოც ძნელად კრისტალდება, ან შეიძლება სულაც არ დაკრისტალდეს. იგი მაღალხარისხოვან თაფლად ითვლება, თუმცა არ გამოირჩევა განსაკუთრებული მიმზიდველობით. მასში საქაროზის დასაშვები რაოდენობა 10%-ს შეადგენს, დიასტაზური აქტივობა _ 5 ერთეულს (გოტე).

სურო

სურო, როგორც თაფლოვანი, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: ყვავილობს დაბლობ ზონაში სექტემბრის შუა რიცხვებიდან და ეს გრძელდება 12-15 დღეს. იგი უზრუნველყოფს ფუტკრის ოჯახში ბარტყის რაოდენობის ზრდას და საგვიანო ღალას, მაგრამ ზამთრის საკვებ მარაგში მისი მოხვედრა სახიფათოა სწრაფი დაკრისტალების უნარის გამო, რამაც შეიძლება

ფუტკრის შიმშილობა და დაღუპვა გამოიწვიოს. თაფლი მუქი მოწითალო ფერისაა, ძალიან ბლანტია, დამწიფებული პროდუქტის გამოწურვა ფიჭებიდან ძალიან ძნელია, რის გამოც მეფუტკრეები უმწიფარ თაფლს წურავენ, რომელიც შემდგომში თუ არ შესქელდება ხელოვნურად, საკმაოდ ჩქარა მჟავდება. გამლღვალი თაფლი ისევ სწრაფად კრისტალდება და ორგანოლეპტიკურად მიმზიდველია.

შქერი და იელი დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული მცენარეებია. ყვავილობენ ივნისში, ფუტკრისათვის ნაკლებად მიმზიდველია ვეგეტატიური ნაწილების ტოქსიკურობის გამო, მაგრამ კონკურენტი თაფლოვანების არარსებობიდან გამომდინარე ფუტკარი მათგან სასაქონლო თაფლს აგროვებს, რომელიც ზოგიერთ წელს მომწამვლელია (ე.წ. მათრობელა). თაფლი მუქია, მოწითალო ფერის, აქვს დამახასიათებელი სიმწკლარტე, მომწამვლელ თვისებებს დიდხანს (წლობით) ინარჩუნებს, გაუვნებლების შემდეგ საკმაოდ მიმზიდველია.

ტყის თაფლოვანი მცენარეებიდან აღსანიშნავია ნეკერჩხალი, ზღმარტლი, წყავი (დასავლეთ საქართველოში), მაგრამ ეს მცენარეები მნიშვნელოვან მასივებს არ ქმნიან და შესაბამისად სასაქონლო თაფლს არ იძლევა.

 ბაღის თაფლოვანი მცენარეები

1) თესლოვნები:

 _ ვაშლი, მსხალი, კომში.

2) კურკოვანი მცენარეები:

 _ ქლიავი, ატამი, ნუში; ალუბალი, ბალი.

3) კენკროვანი თაფლოვნები:

 _ ჟოლო, შავი მოცხარი, ხურტკმელი;

4) ბოსტნეული კულტურები:

 _ კიტრი, ნესვი,  გოგრა,  საზამთრო.

 ამ მცენარეთა საერთო დამახასიათებელი ნიშანია დაბალი სათაფლე პროდუქტიულობა (20-100 კგ/ჰა), რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ მათი ყვავილობის პერიოდი გაზაფხულზე მოდის, როცა ამინდის არამდგრადობა უარყოფით გავლენას ახდენს სანექტრე ჯირკვლების ფუნქციონირებაზე. ამიტომ მათგან მიღებული ნექტრისა და ყვავილის მტვრის მოსავალი ფუტკრის ოჯახის განვითარებას ხმარდება (საარსებო ღალა). პირიქით, თქვენი მცდელობა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ამ პერიოდში უზრუნველყოთ ჩამოთვლილ მცენარეთა ფუტკრისმიერი დამტვერვა.

   სუბტროპიკული თაფლოვანი მცენარეები

ა) მანდარინი;  ბ) ფორთოხალი;  გ) ლიმონი.

ამ თაფლოვნებიდან ფორთოხალი ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდა ამისა, მისგან მიღებული თაფლი ხარისხით ყველაზე უკეთესია. ჩვენი ქვეყნის პირობებში ციტრუსოვანი მცენარეები მაღალი სანექტრე პროდუქტიულობით არ გამოირჩევიან. მეტიც, ფუტკრის მიერ დამტვერვის შედეგად, ფორთოხალში გაზრდილი რაოდენობით წარმოიქმნება კურკები, რაც სარეალიზაციო ნაყოფისათვის სასურველი არ არის. მიუხედავად ამისა, ფუტკრისთვის ამ მცენარეთა საარსებო ღალა ნექტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა გაზაფხულზე.

 მცენარის სანექტრე პროდუქტიულობა და  მცენარის სანექტრე პროდუქტიულობა და მასზე მოქმედი ფაქტორები

  მასზე მოქმედი ფაქტორები. თაფლის წარმოებისათვის ფლორის მხრიდან მთავარია ორი ფაქტორი: შაქრების საერთო რაოდენობა ნექტარში (%ულად) და ყვავილების რაოდენობა მცენარეზე. თავის მხრივ ეს მაჩვენებლები დამოკიდებულია მრავალ გარემოებაზე, რომელთა როლი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი (Shuel,2010):

 _ ამინდი და ნიადაგის შედგენილობა;

 _ მზის ინსოლაციის ინტენსივობა;

 _ ჰაერის ტემპერატურა;

 _ ნიადაგის ფიზიკური მდგომარეობა და ნაყოფიერება.

ამ უკანასკნელში მოტანილი მაჩვენებლები (ფიზიკური მდგომარეობა, წყლის შემცველობა, ტემპერატურა და აერაცია) ითვლება უმნიშვნელოვანეს ელემენტად მცენარის მიერ ნექტრის გამოყოფისათვის. ცალკეულ მცენარეთა შესწავლის შედეგები მიუთითებს ძალზე ფართო ცვალებადობაზე (კგ/ჰა); ფაცელია – 183-1130; ცაცხვი – 125-500; ძიძო – 400-მდე; ოქროწკეპლა – 56-294; რძიანასებრნი – 187-576; წითელი სამყურა – 880; ბაბუაწვერა-5-72.

 ნექტრის გამოყოფისათვის ყველაზე ხელშემწყობია შემდეგი ფაქტორები: ჰაერის ტემპერატურა +16-250C; ფარდობითი ტენიანობა 60-80%; თბილი, უქარო, მზიანი ამინდი, რომელსაც ხანმოკლე წვიმები ახლავს (განსაკუთრებით, ღამით). ნიადაგის მიმართ მოთხოვნები სხვადასხვა თაფლოვან მცენარეს სრულიად განსხვავებული აქვს.

სანექტრე პროდუქციის გაზრდისათვის ამერიკელ ავტორებს ორი ფაქტორი მიაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად: 1) თაფლოვან მცენარეთა სელექციონირება ამ მიმართულებით; 2) მათი გაშენება სასოფლო – სამეურნეო წარმოებისათვის გამოუსადეგარ მიწებზე.

 თაფლოვან მცენარეთა სანექტრე პროდუქტიულობის განსაზღვრა

 ამ მაჩვენებლის განსაზღვრა ორი მეთოდით შეიძლება:

ა) ყვავილიდან ნექტრის ჩამორეცხვით, რისთვისაც ყვავილებს დოლბანდის იზოლატორებს შემოავლებენ გაზომვამდე 1 დღე-ღამით ადრე. გაზომვის წინ იზოლატორები მოიხსნება და აღებული ყვავილები დაიფარება წყლით, შეინჯღრევა ნექტრის სრულ გახსნამდე, რომლის ხანგრძლივობა მცენარის სახეობის მიხედვით მერყეობს 5-15 წუთის ფარგლებში. აღებულ ნექტარს აკონსერვებენ 960-იანი სპირტით, რის შემდეგ ლაბორატორიაში განსაზღვრავენ მასში შაქრების შემცველობას.

ბ) ნექტრის რაოდენობას განსაზღვრავენ მინის კაპილარებით, ან მიკროპიპეტებით, მათი აწონვით აღებამდე და აღების შემდეგ, ხოლო შაქრის შემცველობას _ რეფრაქტომეტრულად. ყვავილის სანექტრე პროდუქტიულობის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს ნექტრის რაოდენობისა და კონცენტრაციის განსაზღვრის ვადები, ყვავილის ასაკის გათვალისწინებით (Shuel,2010).

გარდა ამისა, თაფლოვან მცენარეთა სანექტრე პროდუქტიულობა არაპირდაპირ შეიძლება დადგინდეს საკონტროლო სკის მონაცემებით: აირჩევენ საფუტკრეში ძლიერ ოჯახს, მოაწყობენ ფარდულს და დადგამენ 150 კგ-მდე ტვირთამწეობის ბრტყელ სასწორზე. ჟურნალში  ჩანაწერები წონამატის შესახებ კეთდება ყოველდღიურად, ან უკიდურეს შემთხვევაში, ყოველ 5 დღეში ერთხელ, რომლის შუალედებში ხდება ფენოლოგიური დაკვირვება მოყვავილე თაფლოვან მცენარეებზე. ამასთან ერთად, მათი მონაწილეობა თაფლის მარაგის წარმოქმნაში შეიძლება მიახლოებით განისაზღვროს თაფლის მტვრული ანალიზით, რომელიც კეთდება ლაბორატორიულ პირობებში.

მტვეროვანი მცენარეები მტვეროვანი მცენარეები

  ახალი ყვავილის მტვერი ფუტკრის ოჯახის საადრეო განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მცენარეები ამ პროდუქტის შედგენილობის მხრივ ერთიმეორისაგან განსხვავდებიან. კერძოდ, ყვავილის მტვერში ცილის შემცველობა მერყეობს 7-35%-ის ფარგლებში. პროდუქტი, რომელიც ფუტკარს შემოაქვს სკაში, ძალზე ნაირგვარია, ფიჭაში მას აკონსერვებს განსხვავებული შედგენილობით, რაც საბოლოო ჯამში ჭეოს მეტნაკლებად გამოათანაბრებს. იმ მცენარეებიდან, რომლებიც ყვავილის მტვერს ადრე გაზაფხულიდან იძლევა, აღსანიშნავია: თხილი,    ნუში,    შვინდი,   ბაღის კურკოვანი მცენარეები და სხვ.

ფუტკრისთვის უმჯობესია ახალი ყვავილის მტვერი, თუნდაც საზრდო ნივთიერებების საშუალო შემცველობით, ვიდრე ზამთარგამოვლილი ჭეო, რომლის საზრდოობა და ბიოლოგიური აქტივობა საგრძნობლად დაქვეითებულია. თაფლისა თუ ყვავილის მტვრის წარმოშობისა და საზრდოობის განსაზღვრისას შეიძლება ვიმსჯელოთ მისი აღნაგობით, რომელიც ყოველი სახეობის მცენარეს თავისებური აქვს და სხვა მცენარეს არ ემსგავსება.

ფუტკრის საკვები ბაზის გაუმჯობესების ხერხები
  • აქტიურ სეზონზე ფუტკრის ინტენსიური მთაბარობა. ეს ღონისძიება საშუალებას მოგცემთ, მაქსიმალურად აითვისოთ ნექტრის არსებული მარაგი, რითაც უზრუნველყოფთ როგორც საფუტკრის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას საკვებზე, ისე თაფლის სასაქონლო პროდუქციის მიღებას. მთაბარობის დროს გამოიყენეთ როგორც საკუთარი გამოცდილება, ისე მკვლევართა მიერ დაგროვილი ცოდნა თქვენს რეგიონში თაფლოვანი ფლორის რესურსების შესახებ. ნუ დაუშვებთ ერთ ადგილზე ფუტკრის დიდი მასის თავმოყრას, რასაც შემოსავლის შემცირების გარდა, ინფექციური და ინვაზიური სნეულებების გავრცელება მოჰყვება. მთაბარობის განხორციელებისათვის ტრანსპორტთან ერთად ფართოდ გამოიყენეთ სკების დატვირთვაჩამოტვირთვის სამუშაოთა მექანიზაციის საშუალებები.
  • თქვენი საფუტკრის სიახლოვეს, აგრეთვე სასოფლო – სამეურნეო წარმოებისათვის გამოუსადეგარ მიწებზე გააშენეთ თაფლოვანი, მტვეროვანი მცენარეები და ბუჩქნარი, რომელიც თქვენს ფუტკარს ნაწილობრივ მაინც შეუვსებს უღალო პერიოდს. ამ მიზნით ფართოდ გამოიყენეთ ცაცხვის, წაბლის, აკაციის, წყავის, ევოდიას, თაფლოვანი ბუჩქნარის თესლი და სარგავი მასალა, ხოლო ეროზირებულ ნიადაგებზე ტყის ცოცხის, თეთრეკალასა და ფუჭფუჭას თესლეული.
  • ხეხილის ბაღების რიგთაშუა თესვი-სათვის გამოიყენეთ სამყურას, კურდღლისფრჩხილას, სხვა მცენარეთა თესვა, რომლებიც ერთი მხრით, ნექტრის მარაგის შექმნის გარდა გააუმჯობესებენ ნიადაგში აზოტის შემცველობას და მეორე მხრივ, წარმოადგენენ კარგ სიდერატებს ნიადაგში ჩასახვნელად.
  • საკვები კულტურების თესვის დროს შეადგინეთ მარცვლეულისა და პარკოსნების თესლებისგან ბალახნარევები, რომლებიც სანექტრე პროდუქციის გარდა ცხოველს შეუქმნიან სრულფასოვანი წვნიანი საკვების მიღების შესაძლებლობას პროდუქტიულობის შესაბამისი ზრდით.

გიორგი მაძღარაშილი