იმერელი მექვევრეები სოფელ საწაბლედან
საწაბლე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, შროშის სათემოში შემავალი ულამაზესი სოფელია და იგი მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, ზღვის დონიდან 550 მეტრზე. საწაბლეც და მისი მიმდებარე სოფლებიც ძველთაგანვეა განთქმული საქართველოს შინამრეწველობის ტრადიციული დარგით _ მეთუნეობით.
ამ ადგილებში ამჟამად, მართალია, აგური აღარ მზადდება, მაგრამ აქ დღემდე ამზადებენ: კრამიტს, თონეს, სხვადასხვა დანიშნულების საყოფაცხოვრებო ჭურჭელსა და, რა თქმა უნდა, ქვევრს. წინამდებარე მოკლე წერილში სწორედ იმერულ ქვევრზე და მექვევრეების ერთ კარგ ოჯახზე გვინდა მოგითხროთ ორიოდე სიტყვით. ეს გახლავთ მექვევრე ოსტატის — გურამ მუმლაძის ოჯახი, რომელიც ამზადებს როგორც ქვევრს, ისე თონესაც. გურამ მუმლაძის დამზადებული ქვევრები განთქმულია და მისი ნახელავისაგან აშენებულ მარნებს ვხვდებით როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც. ბატონ გურამს საკუთარ კარმიდამოში გამართული აქვს ქვევრისა და თონის გამოსაწვავი ქურა.
ქვევრების აშენებას მუმლაძეების ოჯახი გაზაფხულიდან იწყებს, რომელი პროცესიც შემოდგომამდე, სექტემბრის მიწურულამდე გრძელდება. ეს საკმაოდ მცირე პერიოდია და შესაბამისად მექვევრეების ეს ოჯახი ერთ სეზონზე მხოლოდ 20-იოდე მოზრდილ ქვევრს თუ ამზადებს. მუმლაძეების ოჯახში დამზადებული ქვევრის მაქსიმალური მოცულობაა დაახლოებით 2000-2500 ლიტრი. თუმცა, ძველ საქართველოში უმზადებიათ 8000 ლიტრის, და უფრო მეტი მოცულობის ქვევრებიც…
რაც შეეხება მათ მიერ დამზადებულ თონეს, მისი დამზადება და გამოწვა გვიან შემოდგომამდე და ზოგჯერ ზამთრის თბილ დღეებშიც ხდება. აღსანიშნავია, რომ მუმლაძეების ოჯახში აღდგა ქართული ტრადიციული მექვევრეობის ერთი მატად მნიშვნელოვანი ადათი — ქვევრზე დამღის დასმა. დამღის დამზადებაში, რომელზეც ვკითხულობთ — „გურამ მუმლაძე, საქართველო“ მუმლაძეების ოჯახს მეღვინე ბექა გოცაძე დაეხმარა, რომლის მარანი, რომელიც მდებარეობს კიკეთში, სწორედ გურამ მუმლაძის ნახელავი ქვევრებითაა მოწყობილი. იგივე ტრადიცია აღადგინეს მაქათუბნელმა და ტყემლოვანელმა მექვევრეებმა — ზალიკო ბოჟაძემ და ზურა კაპანაძემ. შესაბამისად, მათ დამღების დამზადებაში დახმარება გაუწიეს ბატონებმა ამირან ქაშაკაშვილმა და იაგო ბიტარიშვილმა. ამ ტრადიციის აღდგენა ქართული ტრადიციული მექვევრეობის საქმეში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიულად, თითქმის ყოველ მექვევრე ოსტატს გააჩნდა დამღის ნიშანი, რაზედაც გამოსახული იყო: მექვევრის სახელი და გვარი; ქვევრის დამზადების ადგილი, ან წელი; ჯვარი; ბორჯღალი; ორნამენტი და სხვ. კარგი იქნება, თუ აქ ნახსენებ მექვევრეებს სხვა ოსტატებიც მიბაძავენ, როგორც იმერეთსა და გურიაში, ისე კახეთშიც.
წარმატებას ვუსურვებთ მუმლაძეების ოჯახს, რადგან ეს ის ხალხია, ვინც თავიანთი ნახელავით ჩვენს ქვეყანას სახელს უთქვამდა და კვლავაც გაუთქვამს. ჩვენ კი ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ საშუალებით კვლავაც შემოგთავაზებთ ცნობებს ქართველი მექვევრე ოსტატების შესახებ.
გიორგი ბარისაშვილი,