ტერმინების „ვენახი“ და „ღვინო“ წარმომავლობისთვის

„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, თქვენ ლერწები მისი, მამაჩემი კი მევენახე“

ნაშრომი ენოლოგის ინტუიციის პროდუქტია, შედეგად ნაკლებ ექვემდებარება ლინგვისტურ ნორმებს. შემოთავაზებულ ვერსიებს ახლავს დარგისმიერი ხედვა და შინაარსობრივად არგუმენტირებული მტკიცებულებები, რაც მათ სძენს მეცნიერული არსებობის უფლებას. იმედია, ენათმეცნიერები თავიანთი პოზიციებიდან რეალურად შეაფასებენ წარმოდგენილ პუბლიკაციას.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგობრივი საწყისების ათვლა ადამიანის მიწათმოქმედება-მესაქონლეობაზე გადასვლის უხსოვარი ხანიდან იწყება. აქედან მოყოლებული, ეს ორი ურთიერთმომცველი დარგი ორგანულად შეერწყა მსოფლიოს უძველესი ხალხების სამეურნეო კულტურასა და ტრადიციებს და ერთგვარად ასახავს ცალკეული ქვეყნების სახისა და მენტალობის ჩამოყალიბების პროცესებს, რელიგიურ მრწამსსა და ყოფა-ცხოვრების კულტურას.

ვაზისა და ღვინის სულიერ-მატერიალური ღირებულებები ყველაზე მეტად ქრისტიანობამ გაითავისა. იოანეს სახარებაში უკვე ღვთიური გენეალოგიისა და ადამიანის წმინდა კავშირი ფიქსირდება: „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, თქვენ ლერწები მისი, მამაჩემი კი მევენახე“ (იოან. 15,1-5). ვენახი სიმბოლურად წმ. მარიამ ღვთისმშობელს, წითელი ღვინო კი ქრისტეს სისხლს განასახიერებს. ასე რომ, ე.წ. „ვენახი გონიერი“ და „ცივილიზაციის საზომი“ — ღვინო მადლშემოსილი ფენომენების წყალობით ყოვლისმომცველ უნივერსალიებთან გაზიარდნენ და მკვლევართაგან დროულად მოელიან თავიანთი მიწიერი ადგილ-წარმომავლობისა და პირვანდელი სახელდებების მოკვლევა-წარმოჩენას.

„დაბადების“ უძველეს წიგნში შემონახულ ძველებრაულ გამოცემაში (იხ. ივ. ჯავახიშვილი — საქართველოს ეკონომიური ისტორია, 1934) და ამავე წიგნში არსებულ ნოეზე მონათხრობში ამიერკავკასია ვაზისა და ღვინის სამშობლოდ მოიაზრება. ამასვე ადასტურებს საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ველური ვაზის ნაშთების (15 მილიონამდე წლის), კულტურული ვაზის წიპწების (8000-მდე წლის) თუ 537-მდე აბორიგენული ვაზის ჯიშის არსებობა, რომელთა ნახევარი რაოდენობაც კი ბევრ წამყვან მევენახეობის ქვეყანას არ მოეპოვება. ამის მიუხედავად, ვაზისა და ღვინის თავდაპირველ სამშობლოზე მეცნიერებს დღემდე ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნიათ (საქართველო ერთ-ერთ სამშობლოდაა მიჩნეული).

ვენაი უძველესი წარმომავლობის ქართული სიტყვაა. ის თავიდან ერთი ძირი ვაზის მნიშვნელობას ატარებდა, ხოლო XI -XII საუკუნეებიდან ვაზის ბაღის მნიშვნელობა შეიძინა. სიტყვა ვაზი (ყურძნის ხე [საბა]) ძველქართულ ძეგლებში არ გვხვდება და IX-X საუკუნეებიდანღა შემოდის ხმარებაში. ვენახის შესახებ მიუთითებენ, რომ იგი „ქართულ-ზანურ“ დონეზე ინდოევროპულიდან ჩანს ნასესხები (ჰაინც ფენრიხი, ზურაბ სარჯველაძე — ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2000, 199). ივ. ჯავახიშვილის აზრით კი ტერმინი „ვენახი“ ღვინის ხისგან (ღვენახე, ღვენახი, ვენახი) უნდა იყოს წარმომდგარი, რასაც ჩვენ სავსებით ვიზიარებთ. თუ ამ ვერსიას სიღრმისეულად გავაცნობიერებთ, გამოდის, რომ ღვინო, როგორც პროდუქტი და ტერმინი მცირე პერიოდით მაინც წინ უნდა უსწრებდეს ტერმინ „ვენახის“ წარმოშობას, „ვენახი“ კი მხოლოდ კულტურაში გარდამავალი ან უკვე კულტურული ვაზის ტერმინი უნდა იყოს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რა სახელს ატარებდა გაკულტურებამდე ველური (ან ზოგადად) ვაზი, რომელიც ღვინომდე მრავალი მილიონი წლის წინ არსებობდა? მიუხედავად ველური ვაზის ძველქართულ სინონიმთა სიმრავლისა: უსურვაზი, კრიკინა, ბურძღუმი, გრძღვამლი და სხვ. (აღმ. საქართველო) და ძღვამლი, რძღვამლი, შხურიჩი, ბურეხი, მორცხელა და სხვ. (დას. საქართველო), ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ გაგვაჩნია.

ვენაჵამდელი ტერმინის დადგენაში, ვფიქრობთ, დიდად დაგვეხმარება „დაბადებაში“ ჩვენ მიერ მიკვლეული ორი უძველესი ტერმინი, რომელთაც განმარტება სულხან-საბას ლექსიკონში მოეძებნა: „და გამოვიდა კაინ პირისგან ღუთისა, და დაემკვიდრა ქუეყანასა ნაიდს, წინაშე ედემისა… და იცნა კაინ ცოლი თჳსი; და მიუდგა, და შუა ენოხ. და აღაშენა ქალაქი, და უწოდა ქალაქსა სახელი ძისა თჳსა: „ენოხ“ (ძველი აღთქმა, ხუთი წიგნი მოსესი, ტფ., 1898. დაბ. 4. 16-17).

სიტყვა „ნაიდი“   ქართულად ნადობილარს, ნავენახარს ნიშნავს (რაზედაც ბიბლიურ ლექსიკონში არაფერია ნათქვამი) და აშკარად მიგვანიშნებს: რომ ამ უძველეს ტერმინს მხოლოდ ქართულ ენაზე მოეძებნა შესატყვისი; რომ ბიბლიაში ვენახთან ადამიანის შეხება ნოეზე კარგა ხნით ადრე — კაინის პერიოდიდან იწყება; და რომ „ნაიდის“ საშუალებით გვეძლევა ვენაის წინარე, თავდაპირველი ტერმინის დადგენის რეალური შესაძლებლობა. სიტყვა „ენოხი“ კი, როგორც ვხედავთ, საკმაოდ ახლოს დგას სიტყვა ვენახთან, რომლის წარმომავლობაზე შემდგომ ვისაუბრებთ. „ნაიდთან“ დაკავშირებით ჩვენეული ვერსია გამოვთქვით ნაშრომში (იხ. თ. კობაიძე — და მაინც, რა არის ვაზი და ღვინო? ჟურნ., „აგრარული საქართველო“, №10, 2013), სადაც „ნაიდის ქვეყანას“ საქართველოს ტერიტორიად მოვიაზრებთ.

აქვე ყურადღება უნდა შევაჩეროთ „დაბადებაში“ აღწერილი ორი ფაქტის იდენტურობაზე: თუ ედემის ბაღიდან გაძევებული კაენი ახალ ცხოვრებას ნადობილარიდან (ნავენახარიდან) იწყებს, წარღვნაგამოვლილი ნოე — უპირველესად ვენახს აშენებს და ღვინოს აყენებს, ანუ ახალი ცხოვრების დაწყება ორივე შემთხვევაში ვენახთან, მის გაშენებასთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი კი ათასწლეულებით განსხვავებულ პერიოდში ამიერკავკასიაში, ქართულ მიწაზე ხდება. ამ უძველესი ეპოქიდან ახლო წარსულამდე მოქცეულ უკიდეგანო დროში (დიონისეს, ბახუსის, აგუნას, ბადაგონის ღვთაებათა, თუ ქრისტიანობის პერიოდში), ვენახი ყოველთვის დაფუძნება-ნაყოფიერებისა და სიცოცხლის აღორძინების სიმბოლოს განასახიერებდა. ამას ათვალსაჩინოებს საღვინე თიხის ჭურჭლის ფრაგმენტზე აღმოჩენილი მამრის ფალოსიანი ბარელიეფი (შულავერის 8000-წლოვანი კულტურა), აღმართულ მარჯვენაში ყურძნის მტევნით დამშვენებული, რომელიც მეცნიერთა მიერ მსოფლიოში ყველაზე უძველეს ვაზისა და ღვინის ღვთაებადაა შერაცხული. ანუ ვენახი (ვაზი) ოდითგანვე ასოცირდებოდა პრივილეგირებულ ღირებულებებთან (ბევრი მეცნიერი მას „სიცოცხლის ხედ“ მიიჩნევს), რაც ედემის ბაღიდან, უშუალოდ უზენაესიდან უნდა მომდინარეობდეს (სვანეთში ღრმად დამკვიდრებული მითის თანახმად, ღმერთი თავისი ხელით დაატარებდა ვაზს და მთელ საქართველოში ავრცელებდა…). ის ხომ ერთადერთი ხეა, რომლის ნაყოფიც უფალთან საზიარებელ სითხეს — ღვინოს იძლევა.

რაც შეეხება სიტყვა ენოხ-ს, მისგან უნდა მომდინარეობდეს უძველესი ქართველური ტომის ჰენიოხთა სახელდება. ამაზე მიგვითითებს მრავალი სამამულო და ძველბერძნული ისტორიულ-გეოგრაფიული, თუ ლიტერატურული წყარო. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს: არისტოტელე (ძვ. წ. IV) ფასისელთა პოლიტიკაში ამბობს: „რიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ კავკასიის უძველესი ხალხი — ჰენიოხები; ჰერაკლიდე (ძვ. წ. IV): „როდესაც მოახალშენე მილეთელი ბერძნები ფასისში დასახლდნენ, მათ იქ ჰენიოხთა ტომის ხალხი დახვდათ“; ჰელანიკე მილეთელი (ძვ. წ. IV): „ჰენიოხები ცხოვრობდნენ შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე და კავკასიის სამხრეთით“, დაახლოებით კოდორის, ენგურის, რიონის აუზებში, ვიდრე ჭოროხამდე. ჰენიოხებს იბერიულ-კოლხურ ტომებში ასახელებენ: ჰიპოკრატე (ძვ. წ. IV), სკილაქს კარიანდელი (ძვ. წ. IV), დიონიოს პერიეგეტი (ძვ. წ. IV), სტრაბონი (ძვ. წ. I), დონ კასიოს კოკენიაოსი (ძვ. წ.I), არიანე (ძვ. წ. II), არტემიდორე (ძვ. წ.II) და სხვ. როგორც ვხედავთ, ლიტერატურული წყაროები ცალსახად მიუთითებენ ჰენიოხთა და კოლხურ-იბერიული ტომების საერთო წარმომავლობაზე.

ართველ მეცნიერთაგან ჩვენთვის ყველაზე ღირებულია ბატონ ივანე ჯავახიშვილისეული მოსაზრება, რომელიც „შესაქმეთა წიგნის ენოხში ჰენიოხთა სახელწოდებას ხედავს“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I ტ., 1913, გვ. 32). პ. ინგოროყვა აიგივებს ჰენიოხებს, სანიგებსა და სანიხებს და მათ ლოკალიზაციას დღევანდელი აფხაზეთის ზღვისპირა ზოლში (სოხუმიდან ადლერამდე) ახდენს. გ. იმნაძე კი მიიჩნევს, რომ სტრაბონისდროინდელი ჰენიოხები დასახლებული იყვნენ დღევანდელი სოჭისა და ადლერის რაიონებში (თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია [ცნობები საქართველოს შესახებ], თბ., 1957).

ამ მრავალ და საკმაოდ დამაჯერებელ მტკიცებულებათა ფონზე აშკარად იკვეთება, რომ ადამის პირველი შვილიშვილი — „ენოხი“ ქართულ მამულში შობილი პირველყრმა ანუ ეთნარქია. ის საფუძველს უყრის ჰენიოხთა, იგივე იბერიულ-კოლხურ მოდგმას, რომელთაც შემდგომში ერევა ასევე „ენოხ“-ად სახელდებული, სეითიდან ადამის მეორე შვილიშვილის (ნოეს გენეტიკური შტოს) წარმომავლობა. ადამის შვილიშვილებს ერთ სახელს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ შეარქმევდნენ, მასში დიდი ალბათობით კოდირებული უნდა იყოს ვენაის ზემოაღნიშნული პრივილეგირებული ღირებულებები (დაფუძნება-ნაყოფიერება, ცხოვრების განახლება, სიცოცხლის აღორძინება, თაყვანისცემისა და შთაგონების წყარო). ამასთან, ლოგიკურიცაა, რომ ნადობილარში (დობილო — ადგილი, სადაც ხეზე ასული ბევრი ვაზია [ნ. ასათ.]) შობილ პირველყრმასა და მისსავე სახელზე აშენებულ ქალაქს დობილოსა და ფუძე ქვეყნის („ნაიდის“) პატივსაცემად ვენახისმიერი სახელი დარქმეოდა.

„ენოხ“-ის მონათესავე სიტყვებია: ინახ // მაღალი საჯდომი (ი. აბულ.); ინახ იდგა//სერობად (ვახშმად) დაჯდა (საბა); ინოხ//მეღვინეთ უფროსი (საბა); ბინეხი//ვენახი (ჭან., მეგრ.); ჭეოხი//ბწკალი, უსურვაზით შეყრილი კავი თევზთა (საბა). როგორც ვხედავთ, ამ სიტყვების შინაარსობრივი, თუ არქიტექტონული მსგავსება „ენოხსა“ და ვენახთან (ღვინოსთან) სავსებით თვალსაჩინო და არაშემთხვევითია. „ენოხ“ სიტყვის რაობაზე ჩვენ ვემხრობით ორ ვერსიას: 1. ენო-ხ//ღვინის ხე; 2. ე-ნო-ხ //ყურძნის ხისა (ყურძნის ხის საკუთრება). პირველი ვერსიით „ენო“ ბერძნულად ოინოს ღვინოს ნიშნავს, — ხეს (ძველ ქართულ ძეგლებში ვაზი ხედ მოიხსენიება). მეორე ვერსიაში — კუთვნილების აღმნიშვნელი თავსართი უნდა იყოს (მაგ.: ე-ჩიშ [სვან.] — იმისი, ე-ჯიარეშ [სვან.] — იმათი…), ნო — ყურძენი (ნაყოფი), — ხე. აქ პირველი ვერსია თავისთავად გამოირიცხება, რადგან იმ დროისათვის ღვინო ჯერ კიდევ არ არსებობდა. ჩვენ ამოსავალ მეორე ვერსიაში ნო-ს კულტურაში გარდამავალ ან უკვე კულტურული ვაზის ნაყოფად მივიჩნევთ, რაც ყურძნის ორი ძველქართული ტერმინიდან მომდინარეობს: 1. ნოიჭი//ისრიმი (საბა)//მკვახე, უმწიფარი ყურძენი (ქეგლ); 2. სკიჭი, სკიჯი //ჩამიჩი (საბა). სიტყვა ნოიჭი დავანაწევრეთ ნო-იჭი ნაწილებად, სადაც, ჩვენი აზრით, ნო//ყურძენი, იჭი//ცხვება (სვან.). ვფიქრობთ, ასეთი მიდგომით სრულფასოვნად აისახება ისრიმის (მკვახე ყურძნის) სიმწიფეში გადასვლის პროცესი, რადგან ამ შემთხვევაში ცხვება//მწიფდება (მზეზე მწიფდება). რაც შეეხება ტერმინებს — სკიჭი, სკიჯი, როგორც ითქვა, ჩამიჩს, გამხმარ ყურძენს ნიშნავს; აქ ნო (ყურძენი) უკვე აღარ გვხვდება, რადგან ის უკვე გამომშრალი და გამხმარია, იჭი (იჯი), აქაც გამომცხვარს, დაჩამიჩებულს (გამხმარს), დასრულებულ პროცესს გამოხატავს. ასე რომ, სიტყვა „ენოხ“, ჩვენ ყურძნის ხის მნიშვნელობის ვენაამდელ ტერმინად გვესახება.

ვაზის ბაღი ძველად „საყურძნედაც“ მოიხსენიებოდა: „მო-თუ-სთულებდე საყურძნესა შენსა და დაგიშთეს მისთანი, ნუ უკუეჱ იქცევი მოკუფხვლად მისა“ (მეორე სჯულისაჱ, 24. 21). ვაზის ბაღის „საყურძნედ“ მოხსენიება თავისთავად ენოხ//ყურძნის ხისა ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს. ეჭვს არ იწვევს, რომ „საყურძნეს“ შინაარსობრივი დატვირთვა ყურძნის ხისაგან (ენოხიდან) მომდინარეობს, მისი წარმოშობა კი ტერმინ ნო-ს ყურძნად გარდასახვის შემდგომ პერიოდს უნდა მიეკუთვნოს. სავარაუდოა, რომ ყურძენთან (ნო//ყურძენი) თვით ბიბლიური ნოეს სახელიც ამჟღავნებდეს კავშირს.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვერსიების ძირითადი წყაროა ბიბლია, ძველი აღთქმის ზოგიერთ თავში კი ვაწყდებით ბუნდოვან ეპიზოდებს, რომლებიც თავისებურად ზღუდავენ ამ ვერსიათა დამაჯერებლობას. IV თავში გვხვდება ეპიზოდები, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ კაინის „ღვთის პირისაგან“ გაძევების პერიოდში არსებობს სხვა ხალხი და დასახლებებიც. მაგ.: „და უკუეთუ განმაძებ მე დღეს პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა, დავიმალო. და ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე“. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა“. „და იცნა კაინ ცოლი თჳსა“ (დაბ., 4. 14, 16, 17). ბიბლიურ სიღრმეებში ჩაძიება ჩვენ კომპეტენციას აღემატება, ერთს კი ვიტყვით, რომ „ენოხ“ ტერმინში მხოლოდ კულტურული ვაზი უნდა იგულისხმებოდეს, რადგან ადამის უფროს შვილიშვილებს, რომელთა უმთავრეს მისიას კაცობრიობის გამრავლება და სიცოცხლის აღორძინება წარმოადგენდა, ველური, უვარგისი ვაზის ნაყოფის სახელდებას ვერ შეჰკადრებდნენ. გარდა ამისა, დობილო კულტურული ვაზის ტერმინია და რა გასაკვირია ნადობილარში (ნაიდის ქვეყანაში) შობილი პირველყრმა კულტურული ვაზის ნაყოფს (ყურძენს) რომ განასახიერებდეს.

თუ „ნაიდის ქვეყანას“ კულტურული ვაზის ქვეყანასთან გავაიგივებთ, ამით ჩვენ ვუშვებთ კაინისეულ პერიოდში სამოთხის ბაღის გარეთ კულტურული ვაზის არსებობას, რაც არგუმენტირებულ მტკიცებულებას მოითხოვს. ასეთ მტკიცებულებამდე მივყავართ 8000-წლიანი შულავერის კულტურული ვაზის წიპწებისა და კაენის ცხოვრების პერიოდის მიახლოებით ქრონოლოგიურ თანხვედრას. მსოფლიო წარღვნის პერიოდად ძვ. წ. IIIათასწლეულის ბოლო ხანები ანუ 5000-მდე წლის წინანდელი ხანაა მიჩნეული. ამ დროისათვის ბიბლიური ნოე 600 წლისაა (დაბ. 7, 6), შულავერის წიპწები — 3000-მდე წლის, ხოლო კაინიდან ნოემდე ჩავლილია რვა თაობა. გამოდის, რომ შულავერის წიპწები ნოემდე 24 საუკუნით ადრინდელი შემოქმედებაა (კაინიდან ნოემდეც დაახლოებით ამდენი პერიოდი მოიაზრება), შემოქმედნი კი იყვნენ ქვემო ქართლის მკვიდრნი, რომელთაც შესაძლებელია, ვაზის მოვლა-პატრონობა „ნაიდის ქვეყნის“ მკვიდრთაგან — ჰენიოხებისაგან შეისწავლეს. ისინი ნოემდე ათასწლეულებით ადრე ერკვეოდნენ მევენახეობა-მეღვინეობის საფუძვლებში და თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას ტრადიციულად გადასცემდნენ თაობებს. ასე რომ, ბიბლიურ-არქეოლოგიური მონაცემები კულტურული მევენახეობის საწყისებთან მიმართებაში ერთ დროსა და სივრცეში იკვეთება და მისი ადგილმდებარეობა ქართული მიწა-წყალია.

როგორც ჩანს, ღვინის მასობრივად გავრცელება ვაზის გაკულტურებასთან და თიხის ჭურჭლის შემოსვლასთან დაკავშირებული პროცესია. გაკულტურება (სულიერი თვალთახედვით უგუნური, ურწმუნო ადამიანის მორჯულება) კი ჩვენმა წინაპრებმა სხვა ქვეყნებზე გაცილებით ადრე და მასიურად დაიწყეს. ჩვენთან (კავკასიის სხვა რეგიონებისგან და მცირე აზიისგან განსხვავებით) ვაზსა და ღვინოსთან ურთიერთობის წყვეტა არასოდეს მომხდარა. ანუ სახეზეა ბიბლიურ-არქეოლოგიური და ისტორიული წყაროებით გამყარებული სამგანზომილებიანი მოცემულობა: ვაზის თავდაპირველი გაკულტურების დრო (ძვ. წ. VI, ათასწ. დასაწყისი), ადგილი (საქართველო) და ვაზსა და ღვინოსთან ურთიერთობის ქრონოლოგიური უწყვეტობა, რაც უფლებას გვანიჭებს, ღვინო, როგორც პროდუქტი და სახელწოდება ქართულ ფენომენად მივიჩნიოთ. ასევე მიგვაჩნია, რომ „ვენახი“ და „ღვინო“ ტერმინებთან დაკავშირებული ყველა მეცნიერული ვერსია უნდა ითვალისწინებდეს ზემოხსენებულ მოცემულობებს, რაც მათ უფრო წონადსა და დამაჯერებელს გახდის.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებით საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის დასაწყისში საფუძველი ჩაუყარა „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტს“, რომელშიც ჩართული არიან მსოფლიოს ცნობილი მკვლევარები და მეცნიერები. პროექტი ითვალისწინებს ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების შესწავლასთან ერთად სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთებისა და სხვა არქეომასალების ბიოქიმიურ ტესტირებას (ე.წ. „ბიომოლეკულურ არქეოლოგიას“) ღვინომჟავას აღმოჩენის მიზნით, რაც საბოლოოდ დაადასტურებს (ან გამორიცხავს) საქართველოში მეღვინეობის პრაქტიკის არსებობას.

ქართველური ტომების გარდა მევენახეობა-მეღვინეობის დამღა ადევს სხვა უძველესი ქვეყნების (შუმერების, ძველბერძნების, ხეთების, ეგვიპტელების, ირანელების, სემიტების) კულტურას, რისი უშუალო გამოძახილია ძველ ენებში „ღვინო“ სიტყვის სხვადასხვა ფონეტიკური სახეცვლილებით დღემდე შემორჩენა. ფონეტიკური ფონიდან გამომდინარე, მეცნიერებმა მას „მიგრაციული ტერმინი“ უწოდეს, მიგრაციის გზების შესწავლას კი ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. მეცნიერთა ერთ ნაწილს (ე. მეიერი, გ. ფასმერი და სხვ.) ღვინო შუამდინარეთის ტერმინად ესახებათ; დიდ ნაწილს (გ. კლიმოვი, თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი, რ. გორდეზიანი და სხვ.) ინდოევროპულ ნასესხობად მიაჩნიათ სხვა ენებში (საპირისპირო აზრისაა ინდოევროპული ენების სპეციალისტი ტომსონი); ქართველ მეცნიერთა (ივ. ჯავახიშვილი, ნ. მარი, გ. წერეთელი, გ. მელიქიშვილი და სხვ.) მტკიცებულებით, ეს სიტყვა სხვა ენებში იბერიულ-კავკასიური ენებიდან უნდა იყოს გასული.

ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, ტერმინი „ღვინო“ ძველ ქართულში ღჳნო//ღუნ-ი ფორმით უნდა ყოფილიყო, ჯერ ვაზის და შემდეგ თვით ღვინის მნიშვნელობით. ეტიმოლოგიურად ღვინო უნდა უკავშირდებოდეს ფუძეს -ღუნ: „ღუნვა“, „გრეხა“, „მრუდი“ (ნ. ხახიაშვილი, ღვინო სიტყვის წარმომავლობისათვის, III საერთაშორისო სიმპოზიუმი, იბერიულ-კავკასიური ენები, თბ., 2011, გვ. 187). „ღვინო, ვენახი, ვაზი, ერთი და იგივე ბერძნული სიტყვის ვარიანტებია, ისტორიულ პროცესებში თავისებურად გარდაქმნილი და გადაკეთებული; მასში გამოიყოფა ბერძნული ბგერათკომპლექსი „ვი“, რომელიც აღნიშნავს უსწორობას, აცაბაცას, ხვიარას ანუ გამოსახავს ვაზის ფორმობრივ თავისებურებებს, მის მხვიარა ბუნებას“ (მ. თავდიშვილი, ღვინო, ვენახი, ვაზი, „ჰარმონია“, თბ., 2015, გვ. 63). ჩვენი აზრით, სიტყვა ღჳნოღუინოზე“ უწინდელი ფორმა უნდა იყოს, რადგან „ძველ ქართულ ანბანში ასონიშანი ჳ უ-ნის მაგივრად მჯდარა, შემდგომ კი უნ-ს ჩაუნაცვლებია და მის უკან ჩაუსვამთ“ (საბა). „ნავარაუდევი ძველი ქართული ღჳნ — ფუძის დაშვების სასარგებლოდ მეტყველებს სვანურ-ლაზური ფორმები: მეგრული ღვინ-, ჭანური ღინ-, სვანური ღვინელ-. ღვინო ფორმა უფრო გვიანდელი ჩანს“ (ივ. ქავთარაძე, თ. უთურგაიძე).

როგორც ითქვა, კულტურული ვაზის ნაყოფს თავდაპირველად ნო უნდა რქმეოდა, ყურძნის ტკბილს კი ძველ, თუ თანამედროვე მეგრულში ნე ეწოდება (ერთმარცვლიანობა ახასიათებს უძველეს სიტყვებს, რომელთა უმრავლესობა ერთი ან ორმარცვლიანი იყო). დაჭყლეტილი ყურძნის (ნო-ს) წვენში (ნე-ში) წარმოშობილ პროცესებს ჩვენმა წინაპრებმა ისეთი ზოგადი ფუძე შეურჩიეს, რომლიდანაც ნაწარმოები სიტყვები ზედმიწევნით განასახიერებდა ტკბილის ალკოჰოლურ დუღილში მიმდინარე გარდაქმნებს. ეს ფუძე გახლავთ ღჳ-, რომელიც პრეფიქსად მოერგო ასევე ერთმარცვლიან ნო-ს და სიტყვა „ღჳნო“-დ მოგვევლინა.

ღჳ-საგან ნაწარმოები სიტყვებია: ღჳება (საბა)//ფუვება (სვან.)//დუღილი, მღჳე//მღვრიე (საბა), გაღჳვნების//გაცხელდების (საბა), გაღჳვება//ცომის შემჟავება (საბა), ღჳვს//წითლად ჭვირს, ბრწყინვალებს (საბა). როგორც ვხედავთ, ღჳ ფუძიანი სხვადასხვა დაბოლოების სიტყვები გვევლინებიან დაჭყლეტილი ყურძნის წვენში მიმდინარე პროცესების ამსახველ ტერმინებად: დუღილი, გაცხელება, სიმღვრიე, შემჟავება, წითლად ბრწყინვალება… ბიოქიმიურ გარდაქმნათა ობიექტია დაჭყლეტილი ნო, რომელიც თავდაპირველად ნე-დ (ტკბილად), შემდეგ ამბოხად (ტკბილი, მძაფრი დუღილის დაწყებამდე), მაჭრად (ახალი ღვინო, რომელშიც დუღილი ბოლომდე არ არის დამთავრებული) და ბოლოს ღჳნოდ გარდაისახება. ანუ სახეზეა ტექნოლოგიური ტერმინებით სათანადოდ ხორცშესხმული ღჳნის მიღება-წარმოშობის მრავალსაფეხურიანი პროცესი.

ჩვენი აზრით, ღვინის მიღება-წარმოშობას ყველაზე სრულყოფილად ასახავს ზემოხსენებული სვანური ფორმა — „ღვინელ“, რომელშიც ღვიღვივებას (საბა), ფუვებას (სვან.) ანუ დუღილს უნდა გამოხატავდეს, ნე — ტკბილს, ხოლო — ბოლოსართია. ე.ი. ტერმინი „ღვინელ“ ტკბილის დუღილს, დადუღებულ ტკბილს, მის ღვინოდ ტრანსფორმაციას უნდა განასახიერებდეს.

ამგვარად, ღვინო სიტყვის თავდაპირველი ფორმა უნდა იყოს „ღჳნო“ (ღჳნელ), მომდევნო — „ღუინო“, შედარებით გვიანდელი — ღვინო.

თამაზ კობაიძე,

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.