დარგებიმეცხოველეობა

კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მეცხოველეობაში

მეცხოველეობაში მეტად მნიშვნელოვანია წველადობის ზრდა და მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამ მიზნით მეტად საყურადღებოა რძიდან ყველის გამოსავლიანობის მატების გზების ძიება.

ქვეყანაში მუდმივ პრობლემურ საკითხად რჩება ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მათი პრევენცია, მიკრო და მაკრო ელემენტების სრული ბალანსის მიღწევა.

ცხოველის კვების დონე და განსაკუთრებით მისი სრულფასოვნება დიდ გავლენას ახდენს ამ მაჩვენებელზე.

სისხლის მორფოლოგიური და ბიოქიმიური პარამეტრების გამოკვლევა გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ისინი ცხოველის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების შეფასებისათვის.

მიკრო-მაკრო ელემენტების (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, სელენი.) დეფიციტი მკვეთრად აისახება ცხოველის ზრდა-განვითარებაზე, ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე, პროდუქტიულობაზე და ხშირად ლეტალურად მთავრდება. აღნიშნული პრობლემა უდიდეს ზარალს აყენებს საოჯახო ფერმებსა თუ მსხვილ მეურნეობებს, ქვეითდება მეხორცული, მერძეული და სხვა სახის პროდუქტიულობა.

მერძეულ მესაქონლეობაში მეტად მნიშვნელოვანია ყველის გამოსავალი, რაც აისახება მეურნეობის შემოსავალსა და მოგებაზე.

ჩვენი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა რძიდან ყველის გამოსავლიანობა და ამ მიზნით სისხლში კალციუმის შემცველობის როლი.

კალციუმის ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ძვლის შენებაში მონაწილეობით. კალციუმის იონები მონაწილეობენ აგრეთვე კუნთების შეკუმშვაში, ამცირებენ მემბრანის განვლადობას, მონაწილეობენ სისხლის შედედებაში, მოქმედებენ რკინის ცვლაზე,ზრდიან ინფექციების მიმართ ორგანიზმის მდგრადობას,ანელებენ ტოქსინების მოქმედებას, ააქტიურებენ ფერმენტებს, მათ შორის მაჭიკის ფერმენტ -ქიმოზინ-რენინს, რაც დიდ გავლენას ახდენს კალციუმ-კაზეინის კომპლექსზე.

კაზეინი ყველა ძუძუმწოვრის რძის მთავარი ცილაა. რძეში იმყოფება არა თავისუფალ მდგომარეობაში, არამედ კალციუმთან კავშირში, როგორც კალციუმის კაზეინატი. ახალ რძეში ის პატარა ნაწილაკების სახითაა, რომლებიც სუსპენზირებულია სითხეში. ამ ფორმას ხშირად კაზეინოგენსაც უწოდებენ. რძე დამჟავებისას იჭრება და კაზეინი ილექება ხაჭოსებური კოლტის სახით.

სისხლში კალციუმის დონის დაქვეითების შემთხვევაში კაზეინთან მისი კავშირი ირღვევა, რაც უარყოფითად აისახება რძიდან ყველის წარმოების გამოსავლიანობაზე. ის ლიტერატურული მონაცემების მიხედვით საშუალოდ 30 %-ით დაბალია, ვიდრე კალციუმის ნორმალური შემცველობის პირობებში. ცილა გადადის რძის შრატში, ის რძისფერია.იკლებს ყველის გამოსავალი და იმატებს ნადუღის რაოდენობა(თუ ამ პროდუქტს ვამზადებთ). 1 კგ ყველის წარმოებას კი ამ შემთხვევაში ნაცვლად 5-6 ლ. რძისა, სჭირდება 7-8 ლ. რძე.

საქართველოში აღნიშნულ პროცესებს(განსაკუთრებით საოჯახო და მცირე მეურნეობებში) ნაკლები ყურადღება ეთმობა.

ცხოველის ორგანიზმში კალციუმის რაოდენობა დამოკიდებულია: საკვებში — კალციუმის, ფოსფორის რაოდენობაზე,სისხლში — დ ვიტამინის დონეზე, ჰორმონალურ სტატუსზე (ჰიპოთირეოზი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობაზე, თირკმლის, ღვიძლის ფუნქციონირებაზე და სხვა.

ცხოველების რაციონში სელენის და იოდის ჩართვა იწვევს საერთო კალციუმის გაზრდას სისხლის შრატში ნორმის ფარგლებში.

კალციუმთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია ფოსფორის ცვლაც.ფოსფორის მთავარი ფუნქცია დაკავშირებულია ცხოველის ზრდასთან, ძვლის ქსოვილის მთლიანობის შენარჩუნებასთან. გარდა ამისა, ფოსფორი შედის ფოსფორლიპიდების შემადგენლობაში, რომელიც დიდ როლს თამაშობს უჯრედის მემბრანის ჩამოყალიბებაში. ის თირკმლისმიერი ექსკრეციის აუცილებელი კომპონენტია. ფოსფორი ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების ტრანსპორტირების აუცილებელი ელემენტია, ხელს უწყობს კალციუმის ნორმალურ ათვისებას. არაორგანული ფოსფორის დონე სისხლის შრატში წარმოადგენს ცხოველის სრულფასოვანი კვების და ორგანიზმში მინერალური ცვლის მდგომარეობის მნიშვნელოვან კრიტერიუმს.

ჩვენ ერთ-ერთ საოჯახო ფერმაში (მუხიანის ნაკვეთები) 10 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლში შევისწავლეთ კალციუმის და ფოსფორის შემცველობა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა.

ცხოველთა მეპატრონეებისგან ანამნეზური მონაცემების მიღების შემდეგ ეჭვი მივიტანეთ კალციუმის და კაზეინის კავშირის დარღვევაზე. ამის საფუძველს იძლეოდა ყველის ძალიან დაბალი გამოსავალი. რაც შეეხება შრატს, ის ზედმეტად თეთრი(რძისფერი) იყო. ლაბორატორიულ პირობებში განისაზღვრა სისხლში კალციუმის,ფოსფორის რაოდენობა, დადგინდა ღვიძლის ფუნქციონალური შესაძლებლობები.შესწავლილი იქნა სისხლის შრატის საერთო ცილა, ალბუმინი, გლობულინი და ფერმენტები: გამაგლუტამინოტრანსფერაზა, ასპარტატ და ალანინამინოტრანსფერაზა.

აღნიშნული კვლევები ჩატარდა აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის ვეტერინარული კლინიკის ბაზაზე.

შედეგები მოცემულია ცხრილში №1.

აღსანიშნავია, რომ ათი გამოკვლეული ცხოველიდან N 7,8,9,10 ცხოველს მეპატრონეების გადმოცემით გამოკვლევის წინა პერიოდში აღენიშნებოდათ ხანგრძლივი და ძლიერი ფაღარათი, ყველის გამოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება და ნადუღის რაოდენობის შესამჩნევი ზრდა, შრატი რძისფერი იყო.

როგორც სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევის შედეგებიდან ჩანს, ცხოველების ორგანიზმში გამოვლინდა გარკვეული სადიაგნოსტიკო ცვლილებები,კერძოდ: კალციუმის და ფოსფორის დაბალი დონე (ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალი იყო ფაღარათიან 4 ცხოველში). მისი დეფიციტი გამოვლინდა სხვა საკვლევ ცხოველებშიც. აღინიშნა სისხლის შრატის საერთო ცილის და მასთან ერთად ალბუმინების კლება, რაც სავარაუდოდ იქნებოდა კალციუმთან მისი კავშირის დარღვევის და სისხლში ამ უკანასკნელის დაქვეითების მიზეზი.

ღვიძლის ფერმენტებიდან გამოვლინდა უმნიშვნელო ცვლილება გამაგლუტამინოტრანსფერაზას მხრიდან.

მიღებული შედეგების და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ აღნიშნული პრობლემები გამოწვეული იყო ცხოველების არასრულფასოვანი კვებით და ზოგ შემთხვევაში ცხოველში ხანგრძლივად მიმდინარე ფაღარათით, რომლის დროსაც ორგანიზმიდან გამოიყოფა დიდი რაოდენობით კალციუმი, ფოსფორი და სხვა ნივთიერებები.

ამ შემთხვევაში საინტერესოა ვიტამინ D-ს დონის განსაზღვრა, რადგან ის არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის დონეს სისხლის შრატში.

ჩატარებული კვლევა არ არის მასშტაბური, მაგრამ ასახავს პრობლემის არსებობას ოჯახის პირობებში ყველის წარმოებისას (ალბათ ანალოგიური პრობლემებია მრავალ მსხვილ საწარმოში). გამოვლენილი პრობლემის სერიოზულობიდან გამომდინარე, საჭიროა სისტემატურად ჩატარდეს:

1) საწარმოო პირობებში რძიდან ყველის გამოსავლიანობის დონის განსაზღვრა, ლაბორატორიული კვლევებით კი დადგინდეს სისხლში კალციუმის, ფოსფორის და ვიტამინის შემცველობა.

2) ჩატარდეს ცხოველის სისხლის და რძის სრული ბიოქიმიური ანალიზი.

3) დადგინდეს სხვადასხვა წარმოების პრემიქსების (საკვები დანამატების) შედარებითი ეფექტურობა.

აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის ლაბორატორია მზადაა დახმარება გაგიწიოთ სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზის ჩატარებაში, რაც საშუალებას მოგცემთ სწორად დაგეგმოთ ცხოველთა კვება და თავიდან აიცილოთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული პრობლემები.

თ. ყურაშვილი, ე. ღვალაძე,

ი. არსენაშვილი, მ. სულხანიშვილი,

საქართველოს აგრარული

უნივერსიტეტი