სანაშენე პირუტყვის იმპორტის მოთხოვნები და შესაძლებლობები საქართველოში

ყველა პროფესიონალი მესაქონლისთვის ცნობილია მარტივი ჭეშმარიტება – იმისათვის რომ მიაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგებს მერძეულ მესაქონლეობაში, აუცილებელია მუდმივი ზრუნვა ჯანმრთელი და პროდუქტიული ნახირის შექმნაზე. თუმცა, ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვა არც ისე მარტივია. სირთულეს პირველ რიგში  ადგილობრივი ჯიშების სუსტი სელექცია წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საზღვარგარეთის გამოცდილებას. შესაბამისად, საქართველოში არ არის შესაძლებელი ისეთი პირუტყვის შეძენა რომელიც პროდუქტიულობით უცხოურ ჯიშებს უტოლდება. ამ მიზეზების გამო ქართველი მესაქონლეები იძულებულნი არიან საზღვარგარეთიდან შემოიყვანონ პირუტყვი.
რომელი ქვეყნებიდან ხორციელდება პირუტყვის იმპორტი?

ძირითად მწარმოებელ ქვეყნებად ითვლებიან: გერმანია, ჰოლანდია, დანია, კანადა, ავსტრალია, აშშ. შესაბამისად, აქტიურ მყიდველებად გვევლინებიან რუსეთი, თურქეთი, მაროკო, უკრაინა. საქართველოში კი იმპორტი ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის უკრაინიდან ხორციელდება, რა არის ამის მიზეზი?

მაგალითად: იმისათვის რომ შემოიყვანოთ პირუტყვი უკრაინიდან საქართველოში, საზღვაო გადაზიდვით, საჭიროა საშუალოდ ორი დღე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია! ასევე ფასი, რომელიც ლოგისტიკის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად დაბალია კანადიდან ან შვეიცარიიდან იმპორტთან შედარებით. გარდა ამისა, უკრაინიდან შემოყვანილი პირუტყვი ალექსანდრ გლებჩუკის განცხადებით, საკონსულტაციო ცენტრის Dairy Global Experts-ის სპეციალისტი მიწოდების საკითხებში, გენოტიპის მიხედვით უკეთესად ითვლება ევროპის პირუტყვთან შედარებით: არიან მაღალ პროდუქტიულები, აქვთ ძლიერი აღნაგობა, უკეთ ახდენენ ადაპტირებას გარემოპირობების მიმართ და შედეგად გამოირჩევიან მდგრადობით დაავადებები მიმართ.

ციფრებით უკრაინული ჰოლშტეინის ჯიშის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ევროპული ჰოლშტეინისგან, თუმცა, ევროპელები ბოლომდე იყენებენ ნახირის პოტენციალს, უკრაინული ჯიშის შემთხვევაში კი – პირუტყვი ნორმალურ ფიზიკურ მდგომარეობაშია. ამდენად, უკრაინული ჰოლშტეინების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მაღალია (რაც ასევე ნიშნავს პროდუქტიული წლების ხანგრძლივობას), ევროპასთან შედარებით. უკრაინული ჰოლშტეინების საშუალოდ ხუთჯერ იძლევიან ნაშიერს (ზოგიერთ შემთხვევაში რაოდენობა იზრდება 8-10 ხბომდე)! ევროპაში კი ნორმად ითვლება 2-3 მშობიარობა. ამასთანავე უკრაინული ჰოლშტეინები თავისი ზომებით არ აღემატება ევროპულს. ძლიერი აღნაგობის შედეგად, უკეთ ადაპტირდება რძის წარმოების „იდეალურ“ ტექნოლოგიებთან, უკრაინულ ჰოლშტეინებს უფრო მარტივად გადააქვთ მშობიარობა და უფრო სწრაფად უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას მშობიარობის შემდეგ. ახალ დაბადებული ხბოს საშუალო წონა 45-55 კილოგრამია. ფიზიკური განვითარების გამო ძროხები აწარმოებენ უფრო მეტ რძეს. უკრაინაში, საუკეთესო ფერმებში, ერთი სულის პროდუქტიულობა (მეორე მშობიარობის შემდეგ) აღემატება 30 ლიტრს დღეში, სამჯერადი წველის შემთხვევაში (ზოგიერთ ძროხა პროდუქტიულობის პიკზე 50-65 ლიტრ რძეს იწველებიან). საშუალო მაჩვენებლებით, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, უკრაინული ჰოლშტეინი პირველი ლაქტაციის განმავლობაში 8.500 ლიტრამდე რძეს აწარმოებს, 305 დღის განმავლობაში. შემდგომში, ყოველი მომდევნო ლაქტაციისას რძის რაოდენობა იმატებს. უკრაინული ჰოლშტეინი ჯიში წარმოადგენს ხანგრძლივი სელექციური მუშაობის შედეგს წარმოადგენს რა დროსაც ჯიშობრივი გაუმჯობესებისთვის გამოყენებული იყო სპერმას აშშ-დან და კანადიდან.

რა უნდა გაითვალისწინოს სანაშენე პირუტყვის იმპორტისას ფერმერმა?

თუ გადაწყვიტეთ მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტის განხორციელება:საიდან უნდა დაიწყოთ? რას მიაქციოთ ყურადღება?

სანაშენე პირუტყვის იმპორტისას უნდა იყოს ორი პირობა შესრულებული: ადგილის არსებობა, სადაც მოათავსებთ ცხოველს და ფინანსური სახსრები:

  1. პირველ რიგში უნდა მოიძიოთ ფინანსური სახსრები, რადგან ერთი მაღალპროდუქტიული ძროხის ყიდვა და ჩამოყვანა ჯდება 1900 ევროდან. თუ თქვენ უკვე გაქვთ ბიზნესი (გარკვეული ტიპის წარმოება/ფერმა) და საკრედიტო ისტორია ბანკში, ეს გაამარტივებს ბანკიდან სესხის აღების, ან სახელმწიფო პროგრამაში, „აწარმოე საქართველოში“ ჩართვის პროცესს. აწარმოე საქართველოში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, არაუმეტეს წლიური 10%-ისა. სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
  2. შემდეგი და ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპია ფერმის მოწყობა და მისი მოქცევა სტანდარტებში, რაც გულისხმობს მაღალპროდუქტიული ჯიშის სანაშენე პირუტყვისთვის შესაბამისი პირობების შექმნას იმისათვის, რომ პირუტყვი იყოს პროდუქტიული და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი გენეტიკური პოტენციალი. ფერმის მოწყობისთვის ფერმერს შეუძლია დაიქირაოს საკონსულტაციო კომპანია, ან თავად მოიძიოს ინფორმაცია. ფერმერებს უკვე საშუალება აქვთ სარძეო ფერმის მოწყობასა და მართვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნონ ქართულ  ენაზე FAO/EBRD-ის ერთობლივი პროექტის, „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ ფარგლებში გამოცემულ გზამკვლევში.
  3. ფერმის და ფინანსების არსებობის შემდეგ ფერმერს უკვე შეუძლია იფიქროს სანაშენე პირუტყვის იმპორტის გზებზე. მას შეუძლია პირადად დაამყაროს კავშირები ექსპორტიორ მხარესთან  ან გამოიყენოს საქართველოში მოქმედი საკონსულტაციო კომპანიის მომსახურება, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, თავად უზრუნველყოფენ პირუტყვის მიყვანას ფერმამდე.

იმპორტზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მის განხორციელებამდე, ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს ასევე ის ვალდებულებები, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობით წარმოეშვება პირუტყვის იმპორტისას.

რადგან სანაშენე პირუტყვის იმპორტი ექვემდებარება ვეტერინარულ ზედამხედველობას, ფერმერმა უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) სადგომის შემოწმების მოთხოვნით, სადაც უნდა დაბინავდნენ იმპორტირებული ცხოველები. განაცხადს თან უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ცხოველების კარანტინში განთავსებამდე სადგომის დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო ვეტერინარი ამოწმებს სადგომის შესაბამისობას და ადგენს შესაბამისობის აქტს. იმპორტის შემდეგ შემოსავლების სამსახური აცნობებს სურსათის ეროვნულ სააგენტოს იმპორტის შესახებ, ეს უკანასკნელი კი ახორციელებს ცხოველების პროფილაქტიკურ კარანტინში განთავსებას და საკარანტინო ვეტერინარულ ზედამხედველობას.

ცხოველების იმპორტის შემთხვევაში (გარდა არაკომერციული დანიშნულების შინაური ბინადარი, დასაკლავად განკუთვნილი, საგამოფენო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე ცხოველებისა) კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 21 დღით, განსაკუთრებულ შემთხვევებში (კარანტინში ყოფნის პერიოდში ცხოველთა დაავადებებზე ეჭვის მიტანა, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების დაგვიანება და სხვა) − 30 დღემდე.

საკარანტინო სადგომთან დაკავშირებული მოთხოვნები:
  • საკარანტინო სადგომი შეიძლება იყოს ორი ტიპის: ღია და დახურული.
  • სადგომი უნდა იყოს სათანადოდ იზოლირებული და უზრუნველყოფილი წყლით, სარწყულებლებითა და საკვებურებით, აღჭურვილი სანაკელე და საწუნწუხე ორმოთი (ორმოებით), იზოლატორით, დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველის მოსათავსებლად, რომელიც უნდა მდებარეობდეს კარანტინში განთავსებული ცხოველებისაგან განცალკევებით.
  • სადგომში აკრძალულია უცხო პირების, სხვა ცხოველების, აგრეთვე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებების შესვლა, რომლებიც არ არის დაკავშირებული ცხოველების უშუალო მომსახურებასთან.
  • მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, რომლებსაც პერიოდულად უტარდება დეზინფექცია.
  • დაუშვებელია ერთ სადგომში სხვადასხვა სახეობის ცხოველის ერთად განთავსება და შენახვა.
  • სადგომის დასუფთავება და დეზინფექცია ტარდება იმპორტირებული ან ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხოველების პარტიის გაყვანის შემდგომ და ყოველი ახალი პარტიის შეყვანის წინ.
დამატებითი მოთხოვნები დახურული ტიპის სადგომისადმი
  • დახურული ტიპის სადგომი, ასევე დაყოფილი უნდა იყოს ფუნქციურ ზონებად: საწარმოო ზონა, სადაც იმყოფებიან ცხოველები; სამეურნეო ზონა, სადაც განლაგებულია საწყობები და სხვა სამეურნეო  სათავსები;
  • საწარმოო ზონა უნდა იყოს იზოლირებული, მასში შესვლა უნდა ხორციელდებოდეს დეზოხალიჩების/დეზობარიერების გავლით;
  • სადგომი უნდა იყოს სუფთა, მშრალი, ბუნებრივი ან/და ხელოვნური განათებითა და ვენტილაციით;
  • იატაკზე, ჭერსა და კედლებზე გამოყენებული მასალა უნდა იძლეოდეს  დასუფთავებისა და  დეზინფექციის ჩატარების საშუალებას;
  • სადგომის სადეზინფექციოდ გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები

რაც შეეხება საგადასახადო ვალდებულებებს, სანაშენე პირუტყვის იმპორტი განთავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან. საბაჟო გამშვებ პუნქტში ფერმერი იხდის მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურს.

თუ ფერმერი საკონსულტაციო კომპანიის დაქირავების გარეშე გადაწყვეტს პირუტყვის იმპორტს, მან თავად უნდა იზრუნოს ზემოთ მოყვანილი ყველა ეტაპის განხორციელებაზე. საკონსულტაციო კომპანიის დაქირავების შემთხვევაში კი კომპანია თავად აკავშირებს ფერმერს ექსპორტიორთან და თავის თავზე იღებს გარკვეულ ვალდებულებებს.

როგორ შევარჩიოთ კონსულტანტი?

ცხოველების შეძენაში შედის შემდეგი ეტაპები, რომელიც საყურადღებოა კომპანიის დაქირავებისას:

  1. პროფესიონალის რჩევა ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან;
  2. ჩამოსვლა ექსპორტიორ ქვეყანაში (სურვილისებრ) ან ცხოველების შერჩევა სპეციალისტების მიერ;
  3. საქართველოს ტერიტორიაზე პირუტყვის ტრანსპორტირება;
  4. პირუტყვის დაზღვევა ტრანსპორტირებისას;
  5.  ვეტერინარის ზედამხედველობა ახალი ჩამოსული პირუტყვისთვის.

საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ ასეთ საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს „კავკასიის გენეტიკა“, რომელიც სანაშენე პირუტყვის იმპორტს 2014 წლიდან ახორციელებს. 

კომპანიის მომსახურება არის ფართო და ითვალისწინებს როგორს კონსულტაციას ფერმის შენობასთან დაკავშირებით, და რეკომენდაციას ჯიშთან დაკავშირებით, ასევე, იმპორტის ორგანიზაციის საკითხებს (ფერმერის ჩაყვანა ექსპორტიორ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ფერმერმა უნდა დაფაროს), ტრანსპორტირება საქართველოში, დაზღვევა და კომუნიკაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.

ახალი ნახირის შექმნა რეკომენდირებულია ერთი ფერმიდან შერჩეული პირუტყვისგან, რადგან მათ ექნებათ საერთო იმუნური ფონი და ვაქცინაციის ერთიანი სისტემა. ევროპაში პირუტყვის შერჩევა ხდება 20-ზე მეტი ფერმიდან (2-3 სული თითო ფერმიდან), რომელთაც სრულიად განსხვავებული შენახვის პირობები და ვაქცინაციის სისტემები აქვთ, რასაც ნახირში დაავადებების გავრცელების გაცილებით მაღალ რისკებთან მივყავართ.

უკრაინაში, ევროპაში რძის ინდუსტრიული წარმოების მსხვილი ბაზრებიდან სარძეო პირუტყვის ყველაზე მსხვილი პოპულაციაა თავმოყრილი (საშუალო სარძეო ფერმის ზომა უკრაინაში 540 სულია). Global Dairy Experts (http://dairyglobalexperts.com/ru ), ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე არსებულ დამოუკიდებელ ოპერატორებს შორის, რომელსაც აქვს შესაძლებლობა განახორციელოს დიდი რაოდენობით პირუტყვის მიწოდება უკრაინის საუკეთესო სარძეო ფერმებიდან, ასევე უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებას.

რა ღირს მაღალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვი?

მიმდინარე წლის დასაწყისიდან რძის პროდუქტების და ხორცის ფასი ევროკავშირის ბაზარზე გაიზარდა, რამაც გამოიწვია მოთხოვნის ზრდა სანაშენე პირუტყვზე. გაზრდილმა მოთხოვნამ ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა მაროკო, ალჟირი, ეგვიპტე და რუსეთი გამოიწვია ის, რომ ევროპაში კვლავ იგრძნობა სანაშენე პირუტყვის დეფიციტი.

„კავკასიის გენეტიკის“ დირექტორის თამარ ქაჩაშვილის განცხადებით სანაშენე პირუტყვზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, მოთხოვნა ძირითადად სარძეო ჯიშებზეა. ქნ. თამარის განცხადებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ამ ეტაპზე მინიმალური ფასი 5-6 თვის მაკე უშობლებისთვის შეადგენს 1900 ევროს.

ჩვენ ასევე გავესაუბრეთ იმ ფერმერებს, რომლებმაც უკვე განახორციელეს სანაშენე პირუტყვის იმპორტი.

ფერმერების მიერ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იმპორტის განხორციელებისას, ფერმაში შესაბამისი პირობების შექმნასახელდება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ტრანსპორტირების დაზღვევა, რათა ტრანზიტისას პირუტყვის დაღუპვის შემთხვევაში ფერმერმა მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.

პირუტყვის ფასთან ერთად მნიშვნელოვანია ასევე ტრანსპორტირების ხარჯის გათვალიწინებაც, რადგან „ცუდი“ პირუტყვის იმპორტი შორეული ქვეყნებიდან უფრო ძვირი ეღირება ვიდრე „კარგი“ მეზობელი ქვეყნიდან.

ფერმერების უმრავლესობამ საჭირო ფინანსები სახელმწიფო პროგრამის, იაფი აგრო-კრედიტის დახმარებით მოიძია. იაფი აგრო-კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში პროგრამას გარკვეული მოთხოვნები აქვს ფერმერების მიმართ, რომელიც მოცემულია შემდეგ დოკუმენტში, სადაც გაწერილია ფერმის კრიტერიუმები, ჯიშების ჩამონათვალი, მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესყიდვის წესი.

სტატიები

გამოყენებული მასალა:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3567806

წყარო: http://georgiandairy.org

One thought on “სანაშენე პირუტყვის იმპორტის მოთხოვნები და შესაძლებლობები საქართველოში

  • 07/04/2021 at 11:58
    Permalink

    სად შეძლება გავიგო ვის ჩამოყავს უკრაინიდან ძროხები,გთხოვთ მომწეროთ mailze an damirekot mob.595968271

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.