რას უნდა ეფუძნებოდეს ორგანული სოფლის მეურნეობა
ბოლო დროს წავიკითხე რამდენიმე სტატია, სადაც ორგანული (ბიო) სოფლის მეურნეობის მეთოდები (ბიოლოგიური, აგრონომიული და სხვ.) წარმოდგენილია როგორც პრინციპები. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ტერმინების და განმარტებების სწორი ცოდნა.
ორგანული სოფლის მეურნეობის პრინციპები მიღებულია ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაყველა ქვეყნისათვის საერთოა, ეს პრინციპები საფუძვლად უდევს ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის პროგრამებსა და სტანდარტებს.
დღეს ორგანული სოფლის მეურნეობის პრინციპები ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:
_ ჯანმრთელობის პრინციპი;
_ ეკოლოგიის პრინციპი;
_ სამართლიანობის პრინციპი;
_ მზრუნველობის პრინციპი.
ჯანმრთელობის პრინციპი. ორგანული სოფლის მეურნეობა ზრუნავს ნიადაგების, მცენარეების, ცხოველების, ადამიანებისა და, მთლიანად, პლანეტის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის.
ეს პრინციპი აჩვენებს, რომ შეუძლებელია ჯანმრთელი ინდივიდისა და საზოგადოების არსებობა ჯანმრთელი (ჯანსაღი) ეკოსისტემისგან დამოუკიდებლად (ჯანსაღ ნიადაგებზე იზრდება ჯანსაღი მცენარეები, რაც განაპირობებს ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობას).
ეს პრინციპი გულისხმობს მაღალი ხარისხისა და ყუათიანი სურსათისა და საკვების წარმოებას. ამ პრინციპის მიხედვით დაუშვებელია ისეთი სასუქების, პესტიციდების, ვეტპრეპარატების და საკვები დანამატების გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ დააზიანოს ჯანმრთელობა.
ეკოლოგიის პრინციპი. ორგანული სოფლის მეურნეობა უნდა ეფუძნებოდეს ბუნებრივი ციკლების და ეკოსისტემების პრინციპებს, ეწეოდეს სამეურნეო საქმიანობას ამ სისტემების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის.
ეს პრინციპი „ამკვიდრებს“ ორგანულ სოფლის მეურნეობას ცოცხალ ეკოსისტემაში. წარმოება ეფუძნება ეკოლოგიურ პროცესებს და წარმატება მიიღწევა საარსებო გარემოს „ეკოლოგიზაციით“. ორგანული სოფლის მეურნეობა ადაპტირებული უნდა იყოს ადგილობრივ პირობებთან, გარემოსთან, კულტურასთან და მასშტაბებთან, ხოლო გარემოზე ზემოქმედება უნდა შემცირდეს რესურსების მეორადი გამოყენებისა და ბუნებრივი რესურსების „ეკოლოგიური ხარისხის“ გაუმჯობესების გზით. მეურნემ უნდა მიაღწიოს ეკოლოგიურ ბალანსს მიწათსარგებლობის სწორი სისტემის დანერგვისა და ბიომრავალფეროვნების, მათ შორის აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით.
სამართლიანობის პრინციპი. სამართლიანობა გულისხმობს ობიექტურობას, პატივისცემას, კორექტულობას როგორც ადამიანებს შორის, ისე სხვა ცოცხალ არსებებთან მიმართებაში.
ეს პრინციპი გულისხმობს, რომ ყველა და ყველაფერი, რასაც მოიცავს ორგანული სოფლის მეურნეობა, უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანურობას, რაც იქნება სამართლიანობის გარანტია ყველა დონეზე და ყველა მხარისათვის (ფერმერები, მუშახელი, გადამმუშავებლები, დისტრიბუტორები, მომხმარებლები).
ეს პრინციპი აგრეთვე გულისხმობს ცხოველების ცხოვრების ისეთ პირობებს, რომელიც შეესაბამება მათ ბუნებრივ ინსტინქტებს.
მზრუნველობის პრინციპი ორგანულ სოფლის მეურნეობაში გულისხმობს გარემოს, დღევანდელი და შემდგომი თაობების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის პასუხისმგებლობას.
ორგანული სოფლის მეურნეობა ცოცხალი და დინამიკური სისტემაა, რომელიც შიდა და გარე ფაქტორების, გარემოს ცვლილებების ზემოქმედებით ვითარდება.
ორგანული სოფლის მეურნეობისთვის მისაღები ახალი ტექნოლოგიების დანერგვა პასუხისმგებლობით და ფრთხილად ხდება, რათა რისკის წინაშე არ დადგეს ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ეკოლოგიურობა. ასევე დაუშვებელია გენეტიკური ინჟინერიის ტექნოლოგიების გამოყენება, ვინაიდან წინასწარ განსაზღვრა, თუ რა შედეგებს გამოიწვევს ის მომავალში შეუძლებელია.
ნუკრი მემარნიშვილი,
სმმ დოქტორი