აგროტექნოლოგიებიდარგებიმემცენარეობა

თამბაქო – ვისთვის ომო, ვისთვის ქერის ორმო

რაც არ უნდა იჯახირო, თამბაქოს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოს ვერაფერს მოუძებნი. თამბაქოს გასაბოლებლად კაცობრიობა უზარმაზარ თანხას და ენერგიას ხარჯავდა, ხარჯავს და დახარჯავს ხვალაც, რადგან დედამიწაზე თითქმის ყოველ მეხუთე ადამიანს ხელში თამბაქო უჭირავს.
ჯანდაცვის ინსტიტუტების ათასგზის გაფრთხილება, ცოტა ვინმეს თუ შედის ყურში, ამიტომ თამბაქოს წარმოება ყოველთვის იყო და კიდევ დიდხანს იქნება მომგებიანი საქმე ამ ქვეყანაზე.

მართალია თამბაქოს მცენარეს სარგებელიც მოაქვს _ თამბაქოს ღეროდან იღებენ ნიკოტინის მჟავას, რომელიც მედიცინაში ფართოდ გამოიყენება, ასევე სასარგებლოა კარადაში დალაგებული თამბაქოს გამომშრალი ფოთლები, რადგან იმ ადგილს ჩრჩილის პეპლები და ხოჭოები აღარ ეკარებიან, ასევე ბაღჩაში ბოსტნეულის და ბაღჩეულის რიგთაშორისებში თამბაქოს დარგვა დაგიცავთ პატარა მღრღნელების და მავნე მწერებისგან.

თამბაქოს ისტორია 

თამბაქოს შესახებ ევროპამ პირველად კოლუმბის ექსპედიციის კუბის კუნძულის აღმოჩენის შემდეგ შეიტყო. 1492 წელს, როცა მეზღვაურები კუნძულზე გადავიდნენ, ნახეს რომ ადგილობრივ მოსახლეობასა პირში ცეცხლმოკიდებული დახვეული ფოთლები ედოთ და ნესტოებიდან ნეტარებით უშვებდნენ ბოლს.

გაოცებული მეზღვაურები მაშინვე დაინტერესდნენ ადგილობრივების ამ ქმედებით და ერთ-ერთმა მეზღვაურმა იმამაცა და აბორიგენებთან ერთად და ეს უჩვეულო მხრჩოლავი ფოთოლი ადგილობრივებთან ერთად გააბოლა კიდეც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მოეწონა კიდეც.

გარკვეული ხნის შემდეგ, როცა ექსპედიცია უკან გამოსაბრუნებლად მოემზადა, სხვა ბევრს საინტერესო ნივთთან ერტად, თან ამ მცენარის გამშრალი ფოთლებიც წამოიღო. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ესპანეთის ექსპედიციის წევრებს მოთმინება არ ჰყოფნიდათ თანამემამულეებისთვის გაეცნოთ ახლადაღმოჩენილი სამყაროს მცხოვრებთა შესახებ, მათი ჩვევების და, რასაკვირველია, თამბაქოზეც, რასაც ასეთი სიამოვნებით ეწეოდნენ ადგილობრივები, მაგრამ იმ დროს მთელს ევროპაში, მათ შორის ესპანეთშიც, „წმინდა ინკვიზიცია“ მძვინვარებდა და თამბაქოს გაბოლებაც ინკვიზიციამ ეშმაკეულის მაქინაციად მიიჩნია და კაცი ვინც თამბაქოსა და მოწევის შესახებ მოუთხრო ხალხს, დააპატიმრეს.

ეს ევროპაში მოწევისთვის პირველი და საკმაოდ მკაცრი სასჯელიც იყო. როდრიგო დე ხერესმა ესპანეთის ციხეში 7 წელი დაჰყო. თუმცა დასჯამ და ინკვიზიციის მუქარამ ვერ იმოქმედა, თამბაქო თანდათან ვრცელდებოდა ხალხში, მალე სრულიად ესპანეთი და ევროპის ქვეყნებიც მოიცვა.

ქრისტეფორე კოლუმბს ევროპაში თამბაქოს თესლი არ შემოუტანია, მისი დამსახურება თანამემამულეთათვის მხოლოდ ამერიკელი აბორიგენების მიერ თამბაქოს მოხმარების გაცნობა გახლდათ და თამბაქოს პირველი ფოთლების შემოტანა გახლდათ. მცენარის თესლი ევროპაში მოგვიანებით შემოიტანეს.

მას შემდეგ, რაც დიპლომატ ჟანა ნიკოს რეკომენდაციით შესასუნთქმა თამბაქომ (თამბაქოს მტვერმა) ეკატერინე მედიჩი შაკიკისგან განკურნა, თამბაქოს მოყვანა უკვე სასჯელად აღარ ითვლებოდა და წარმოებამ  შედარებით დიდი მასშტაბი მიიღო. ევროპაში სწორედ ჟან ვილიან ნიკო გახდა თამბაქოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და მეხოტბე. ამ არატრადიციული ბალახი საოცარი სამკურნალო თვისებებში საზოგადოების დასარწმუნებლად მან მეტად დიდი შრომა ჩადო. იმ დაავადებების ჩამონათვალი კი, რომლის განკურნებაც ნიკოს რწმუნებით თამბაქოს შეეძლო, საკმაოდ გრძელი იყო:

სურდო; კოლიტი; წყლული; კბილის ტკივილი; ღრძილების ანთება; ყურის ტკივილი; ისტერია და სხვა..

რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჩანდეს, ნიკომ ძალისხმევამ ის შედეგი გამოიღო, რომ მან საკუთარი თავი უკვდავყო _ თანდათან თამბაქოს დაუმკვიდრდა სახელი „ნიკოტინის ბალახი“, ხოლო დიდი ხნის შემდეგ, თამბაქოში აღმოჩენილ ალკალოიდს მეცნიერებმა „ნიკოტინი“ უწოდეს.

თამბაქო გავრცელება მსოფლიოში საინტერესო ისტორია აქვს: ევროპაში თამბაქოს გამოჩენის დღიდან მე-17 საუკუნის 50-იან წლებამდე თამბაქოს მოხმარებას პრაქტიკულად ერთობლივად ებრძოდნენ ხელისუფლებები და ეკლესია.

იტალია _1624 წელს პაპმა ურბან VIII გამოსცა ბრძანება მწეველების ეკლესიიდან განკვეთის შესახებ.

ინგლისი_ 1618 წლს მეფე იაკობის დეკრეტში „თამბაქოს წინააღმდეგ“, სადაც მოთხრობილი იყო თამბაქოს მოხმარების მავნეობის შესახებ.  

თურქეთი _ 1647 წელს  მართლმორწმუნეების მიერ თამბაქო მოხმარება ღვინის და ოპიუმის მიღებას  გაუთანაბრდა, რომლის დარღვევაც სიკვდილით ისჯებოდა.

ირანში დაახლოებით 1640 წელს სეფე შაჰმა ბრძანა: ვინც ქვეყანაში თამბაქოს შემოტანას და გაყიდვას გაბედავდა, დაეჭირათ და პირში გამდნარი ტყვია ჩაესხათ.  

ჩინეთში 1638-1641 წლებში იმპერატორმა მინმა მიიღო კანონი თამბაქოს ვაჭრობისა და მოხმარების აკრძალვის შესახებ.

რუსეთში თამბაქო პეტრე პირველამდე დიდი ხნით ადრე, ივანე მეოთხის (მრისხანე) მმართველობის დროს გავრცელდა.

პეტრე პირველს კი რუსეთში თამბაქოს საყოველთაო გავრცელებაში მიუძღვის წვლილი, თუმცა თავიდან ისიც მიიჩნევდა, რომ თამბაქო საზიანო იყო და მისი კანონებით მწეველებს დაჯარიმასთან ერთად მათრახითაც სცემდნენ, თუმცა პეტრე პირველი ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდგ ქვეყანაში ძირეული რეფორმები გაატარა და შეხედულება თამბაქოს მიმართაც მკვეთრად შეიცვალა. მეტიც სწორედ პეტრეს ხელშეწყობით გაშენდა თამბაქოს პირველი პლანტაცია, თუმცა რუსული თამბაქო დიდი მოთხოვნით არ სარგებლობდა მწეველებში და აჟიოტაჟიც თანდათან მინელდა.

გამოთქმა, „ვისთვის ომო და ვისთვის ქერის ორმო“, ზუსტად მიესადაგება თამბაქოს წარმოების განვითარებას. სწორედ პირველი და მეორე მსოფლიო ომები გახდა თამბაქოს მრეწველობის აყვავების ბიძგის მიმცემი. ყველფერი მარტივად დაიწყო. ჯარისკაცებს საკვებ ულუფაში თამბაქოს ნაწარმი აუცილებლად შედიოდა: თამბაქო, სიგარეტები, სიგარები, იმის მიხედვით, რომელი ქვეყანა თამბაქოს რა სახის ნაწარმს იყენებდა.  როგორც აღმოჩნდა, ამასთან თამბაქოში შემავალ ნივთიერებებს, ადამიანის ორგანიზმზე მცირე ხნით მასტიმულირებელი და შიმშილის გრძნობის დამთრგუნველი თვისებაც გააჩნია, რაც ჯარისკაცებისათვის მის მიცემას ამართლებდა და ყოველი ჯარისკაცი, ეწეოდა თუ არა, ყოველდღიურად თავის ულუფა თამბაქოს იღებდა.

შედეგად კი თამბაქოზე დამოკიდებულთა რიცხვმა საოცარი სისწრაფით დაიწყო ზრდა. რასაც თამბაქოს ინდუსტრიამაც შესაბამისი ტემპით უპასუხა.
ამჟამად თამბაქოს მწარმოებელი კორპორაციები უამრავი ჯიშის თამბაქოს აწარმოებენ სხვადასხა სახის და დასახელების თამბაქოს დასამზადებლად.

აი, ზოგიერთი ჯიში:

ვირჯინია; თურქული; ჩვეულებრივი მახორკა​სამსუნი; იზმირი და სხვა.

სიგარები და დახვეული სიგარეტები მზადდება თამბაქოს ჯიშებისგან:

ჰავანა 2000; ბრავი 2000; ოქროს ჰავანა; ​კრიოლო 98; ​ბუელეტო და სხვა​.

თამბაქოს თესლის და ფოთლების მოვლა-მოყვანა

თამბაქოს მოყვანა  დახურულ სივრცეში ჩითილების წარმოებით იწყება. ღია გრუნტში თამბაქოს თესვა დაუშვებელია, რადგან იგი აღმოცენების დაბალი უნარით გამოირჩევა, მიდრეკილია დაავადებებისკენ და ნელა ვითარდება.

თამბაქოს თესლს დათესვამდე 1%-იან ღვინის ძმარში ან ფორმალინის ხსნარში ალბობენ, რაც მას უძლიერებს აღმოცენების უნარს და გარემო პირობების მიმართ უფრო ამტანს ხდის. ამის შემდეგ შეიძლება თესლის ტენიან გრუნტში გადატანა და 10-15მმ სიღრმეზე ჩათესვა. 26-28°С-ზე მეოთხე დღეს თესლი უკვე გაღივდება და ამოწვერას დაიწყებს .

ჩითილების ღია გრუნტში გადატანა შეიძლება 30-50 ე დღეს, როცა ღეროზე 5-7 ნამდვილი ფოთოლი გაეზრდება. ამ პერიოდში მიმდინარეობს მცენარის მინერალური სასუქებით გამოკვება და უხვად მორწყვა. ღია გრუნტში გადარგვამდე ერთი კვირით ადრე მორწყვა უნდა შეწყდეს.

თამბაქოს ღია გრუნტში მოყვანა

თამბაქო სითბოსმაოყვარული მცენარეა და ამიტომ ჩითილები ღია პლანტაციებში მარტის ბოლოს, აპრილში უნდა გადაირგოს, თუ ზამთარი გაჭიანურდა და გაზაფხული ცივი გამოდგა, მაისის _ დასაწყისში. თამბაქოსთვის ნიადაგი მზრალად ან ადრე გაზაფხულზე 25 სმ. სიღრმეზე უნდა მოიხნას. ხუთ წელიწადში ერთხელ კი იგი 50 სანტიმეტრ სიღრმეზე ჩიზელით უნდა დამუშავდეს, რაც ეხმარება ნიადაგს ღრმად გაფხვიერებას, ღრმა არხების გახსნას, ნიადაგის ჰაერაციისა და წყალგამტარობის გაუმჯობესებას, მავნებლებისა და სარეველების განადგურებას.

გაზაფხულზე, ჩითილების გადარგვამდე, ნიადაგი 2-3-ჯერ უნდა გაფხვიერდეს. მნიშვნელოვანია მინდორი გაიწმინდოს სარეველების ნარჩენებისგან, რათა ჩითილები არ დაზიანდეს დაავადებული მიკროორგანიზმებით, რომელიც, როგორც ცნობილია, ნიადაგში დარჩენილ სარეველას ფესვებსა და ღეროებზე ბინადრობენ.  ამის გარდა სწორად უნდა შეირჩეს წინამორბედი კულტურა, ვიდრე გადავწყვეტთ კონკრეტულ ნაკვეთზე თამბაქოს გაშენებას. თამბაქოსათვის საუკეთესო წინამორბედი კულტურებია: საშემოდგომო ხორბალი, მარცვლეული კულტურები, შაქრის ჭარხალი, მრავალწლიანი ბალახები. დაუშვებელია თამბაქოს დარგვა იმ ადგილზე სადაც წინა წელს ეთესა მზესუმზირა, ძაღლყურძენასებთა ოჯახის წარმომადგენლები: პამიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი, ასევე თავად თამბაქო.

თამბაქოს ნიადაგიდან უხვად გამოაქვს საკვები ნივთიერებები, ამიტომ ნიადაგში ამა თუ იმ მინერალის უკმარისობა მცენარის ზრდაზე უარყოფითად აისახება, დაავადებისადმი მდგრადობაზე და მავნებლების მავნეობაზე. მინერალური დანამატების გარდა, გრუნტში შეაქვთ ცხოველების/ფრინველის ნაკელი ან ნეშომპალა.

თამბაქოს მოსაყვანად ერთ ჰექტარზე შემდეგი ოდენობის სასუქია საჭიროა:

10-25 ტ. ნაკელი; 10-55 კგ. ფოსფორი; 5-50 კგ. კალიუმი; 15-20 კგ. აზოტი.

ჩითილებს რგავენ ხელით ან სპეციალური ჩითილის სარგავი მანქანით. ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურა უნდა იყოს 10-12°С.

თამბაქოს პლანტაციის მოვლა

თამბაქოს მოვლა არცთუ იოლია, იგი ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ იმ იქ, სადაც საკმარისი ნალექი არ მოდის, თამბაქოს პლანტაცია სეზონზე, როცა აქტიურად ივითარებს სანაყოფე ფოთლებს 2-6-ჯერ უნდა მოირწყას. ყვავილობის დასაწყისში მორწყვის ოდენობა მცირდება. ასევე თამბაქოს პერიოდულად და სჭირდება რიგთაშორისების გაფხვიერება. გაფხვიერება პირველად ჩითილების დარგვიდან 10-15-ე დღეს არის საჭირო. თამბაქოს ძირებს აუცილებლად სჭირდება მიწის შემოყრა, რათა ფესვთა სისტემა უკეთესად განვითარდეს და ღერო გამსხვილდეს. თამბაქოს მოყვანის დროს აუცილებელია ყვავილების, ზედმეტი ფოთლების და წამონაზარდი ნამხრევი ყლორტების შეცლა. ამ ოპერაციის წყალობით საკვები ელემენტები თესლის წარმოსაქმნელად აღარ იხარჯება და ძირითადი სანაყოფე ფოთლები უკეთესად იკვებება, უფრო სწრაფად იზრდება, მწიფდება და საბოლოო ჯამში მოსავალიც უხვი და ხარისხიანი მიიღება.

თამბაქოს, მასში შემავალი ნივთიერების მიუხედავად, მას საკმაოდ მწარე გემო და თავისებური სუნი აქვს, მაინც აზიანებენ მავნებლები დაავადებებით ავადდება:

თამბაქოს ბუგრი; ჭრაქი; მოზაიკა; ​შავფეხა; ფესვის სიდამპლე და სხვა.

ამ პრობლემების პროფილაქტიკისათვის საჭიროა თესლი და ინვენტარი დამუშავდეს სპეციალური პრეპარატით, რომელიც აგრარულ მაღაზიებში იყიდება, ასევე საჭიროა სწორად შეირჩეს წინამორბედი კულტურები. თამბაქოს მავნებლებისა და დაავადებების   საწინააღმდეგოდ თანამედროვე პრეპარატები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ და სპეციალისტის რეკომენდაციით ეფექტიანად გამოიყენოთ.

მოსავლის აღება და დამუშავება

როგორც კი თამბაქოს ფოთლებზე ​ფისისმსგავსი სითხე წარმოიქმნება, გაყვითლდება და გაუხეშდება, მოემატება სიმყიფე, ე.ი მცენარე ტექნიკური სიმწიფის ფაზაშია და მოსავალი ასაღებად მზად არის. მოსავალს რამდენჯერმე იღებენ, ფოთლების სიმწიფის მიხედვით. ფოთოლი იკრიფება ხელით, დილა ან საღამოს, როცა არ აქვს მძაფრი სუნი.

ფოთლების აღებისთანავე უნდა დაიწყოს შრობა. საამისოდ ორი მეთოდი არსებობს: ფიქსირებული, მზეზე ან სპეციალურ საშრობში 40-50°С-ზე, ან ბუნებრივი საგანგებოდ მოწყობილ ფარდულში 25-30°С-ზე. გაშრობის შემდეგ თამბაქოს ფოთლები დახარისხდება, შეიფუთება და გადასამუშავებლად იგზავნება.

თამბაქოს კვამლი 4000-ზე მეტ კომპონენტს შეიცავს, რომლებსაც უჯრედის მუტაცია, სისხლის სტრუქტურის შეცვლა და ორგანიზმში საშიში ნივთიერებების მთელი ბუკეტის დაგროვება შეუძლია. მაგალითად:

ამიაკის; ​პოლინის, აცეტონის; მეთილის სპირტის; ბენზოლის; ​მიშიაკის და სხვა…

მაგრამ როგორც პრაქტიკიდან ჩანს, თამბაქოს მავნეობაზე რამდენიც არ უნდა ელაპარაკო მწეველებს, მას მაინც გაურბის ხელი სიგარეტის კოლოფისკენ, რომელიც მუდამ ჯიბეში უდევს და ძნელად თუ მოიშლის ამ ჩვევას. ამას ლექციების კითხვა ნაკლებად შველის.

მოწიოს თუ არა მოწიოს, ეს ყოველი შეგნებული ადამიანის არჩევანია. ფაქტი კი ერთია: ამ ძალიან მავნე ჩვევის გადაჩვევა ძალიან რთული და მტკივნეული პროცესია, რაც თამბაქოს მწარმოებლების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან თამბაქოს წარმოება უაღრესად მომგებიანი საქმე იყო, არის და ასე გაგრძელდება მომავალსიც, როდემდე? ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მწეველებზე.​