პომიდვრის და წიწაკის მომავლის ჯიშები _ როგორია მებოსტნეობის თანამედროვე ფერმა პორტუგალიაში
პორტუგალიის დასავლეთ ნაწილში, Campelos-ში მდებარე Anamida Bio კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება თანამედროვე მებოსტნეობა ევროპაში. პაულო კლემენტე Anamida Bio-ს წარმომადგენელია. აქ 30 ჰექტარზე პომიდვრისა და სხვადასხვა ტიპის წიწაკის მრავალფეროვან ჯიშებს აწარმოებენ.
ფერმაში მუდმივად ცდიან ახალ ჰიბრიდებისა და ჯიშებს, რათა შეირჩეს ის გენეტიკური მასალა, რომელიც ადგილობრივ კლიმატს უკეთ შეეგუება, ფერმერს სტაბილურ მოსავალს მისცემს და ბაზრის მოთხოვნებსაც უპასუხებს.
კლემენტეს თქმით, ჯიშის შერჩევა პირდაპირ უკავშირდება როგორც აგრონომიულ ფაქტორებს, მათ შორის, დაავადებებისადმი ტოლერანტობას, წყლისა და სიცხის სტრესისადმი გამძლეობას და მოსავლის ციკლს, ისე კომერციულ მოთხოვნებს: ფორმას, ფერს, კალიბრს, ტრანსპორტირებადობასა და თაროზე შენახვის ხანგრძლივობას.
თანამედროვე ჰიბრიდის უპირატესობა მხოლოდ ის კი არ არის, რომ უხვპროდუქტიული იყოს, ის ფერმერს უნდა აძლევდეს უფრო პროგნოზირებად შედეგს, ამცირებდეს დანაკარგებს, საჭიროებდეს ნაკლებ ჩარევას და ინარჩუნებდეს იმ ხარისხს, რომელსაც ბაზარი ითხოვს.
ფერმაში გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ გემოს, შაქრიანობას, მჟავიანობას, ნაყოფის სიმყარეს, ვიზუალურ სტანდარტს და გაყიდვის პოტენციალს. ჩვენი სტუმრობის დროს პომიდვრის სხვადასხვა ჯიშის დეგუსტაციასთან ერთად ადგილზე გავზომეთ შაქრიანობის Brix-ის მაჩვენებელი, pH და სხვა ხარისხობრივი პარამეტრები. სწორედ ამ მონაცემების ერთობლიობით ფასდება, შეიძლება თუ არა კონკრეტული ჯიში კომერციულად წარმატებული გახდეს. უხვმოსავლიანობა საკმარისი აღარ არის, თუ პროდუქტს არ აქვს კარგი გემო, ერთგვაროვანი ფერი, საკმარისი სიმყარე და თაროზე შენახვის უნარი.
პორტუგალიაში პომიდორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კულტურაა. Eurostat-ის 2024 წლის მონაცემებით, ევროკავშირში პომიდვრის წარმოებამ 16.8 მილიონ ტონას მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტია. ამავე მონაცემებით, პორტუგალიამ ევროკავშირის პომიდვრის მოსავლის დაახლოებით 10% აწარმოა და იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზე იყო. ეს მაჩვენებელი აჩვენებს, რომ პორტუგალია მხოლოდ მცირე ადგილობრივი ბაზრისთვის მწარმოებელი ქვეყანა არ არის. ის ევროპის პომიდვრის სექტორის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
განსაკუთრებით ძლიერია პორტუგალიაში პომიდვრის გადამმუშავებელი სექტორი. 2025 წლის სეზონზე გადამუშავებისთვის განკუთვნილი პომიდვრის მოსავლის აღება ოქტომბერში დასრულდა და საბოლოო მოცულობამ დაახლოებით 1.3 მილიონი ტონა შეადგინა. ეს კულტურა ქვეყანაში, დაახლოებით, 15 000 ჰექტარზე იყო გაშენებული. მართალია, ეს მაჩვენებელი 2024 წლის დონეს ჩამოუვარდება, თუმცა პორტუგალია კვლავ რჩება ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მწარმოებლად. ამ ფონზე ახალი ჯიშების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება: ფერმერებს სჭირდებათ ისეთი ჰიბრიდები, რომლებიც უკეთ უძლებს კლიმატურ სტრესს, იძლევა სტაბილურ მოსავალს, ინარჩუნებს კარგ ფერსა და ხარისხს და პასუხობს როგორც ახალი ბაზრის, ისე გადამმუშავებელი ინდუსტრიის მოთხოვნებს.
ახალი ჯიშების მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად 2025 წლის სეზონმა აჩვენა. გადასამუშავებლად განკუთვნილმა პომიდვრის მოსავალმა დაახლოებით 1.3 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო გაშენებული ფართობი 15 000 ჰექტარი იყო, რაც საშუალოდ ჰექტარზე 85 ტონაზე მეტ მოსავალს ნიშნავს. თუმცა სეზონი არათანაბარი აღმოჩნდა _ პროგნოზი 1.35 მილიონი ტონიდან 1.3 მილიონ ტონამდე შემცირდა, რადგან მინდვრებში სიმწიფე არათანაბრად მიმდინარეობდა და ზოგიერთ ნაკვეთზე მწვანე ნაყოფის მაღალი წილი ფიქსირდებოდა. ამავე დროს, სექტორის შეფასებით, ნაყოფის ფერი ძალიან კარგი იყო, ხოლო Brix-ის მაჩვენებელი სეზონის დასაწყისში, შედარებით _ დაბალი, შემდეგ კი გაუმჯობესდა. ეს კარგად აჩვენებს, რატომ ეძებენ პორტუგალიელი ფერმერები ახალ ჰიბრიდებს: მათ სჭირდებათ ჯიშები, რომლებიც არა მხოლოდ მაღალ მოსავალს იძლევა, არამედ უზრუნველყოფს ერთგვაროვან სიმწიფეს, კარგ ფერს, სტაბილურ შაქრიანობას, დაავადებებისა და კლიმატური სტრესისადმი გამძლეობას და გადამმუშავებელი ინდუსტრიისთვის საჭირო ხარისხს.
პორტუგალიაში პომიდვრის წარმოება რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. გადასამუშავებელი პომიდორი დიდ ფართობებზე, ძირითადად ღია გრუნტში იწარმოება, ხოლო ახალი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქცია კი დაცულ გრუნტში, სადაც უფრო ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტებია დანერგილი. აქ პოპულარულია ჩერი და „სნექ“ პომიდვრები, ვაზის მტევნის ფორმის დამწიფებული პომიდორი, რომელიც ვიზუალურად მიმზიდველია საცალო ვაჭრობისთვის, დიდი ზომის სასალათე პომიდორი, ასევე ქლიავისებრი და ინდუსტრიული ტიპის ჯიშები, რომლებიც გადასამუშავებლად გამოიყენება. კონკრეტული კომერციული ჰიბრიდების პოპულარობა ხშირად რეგიონზე, თესლის მიმწოდებელ კომპანიასა და მყიდველის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ამიტომ ფერმერები ახალ მასალას ჯერ მცირე ფართობზე ცდიან და მხოლოდ შემდეგ ზრდიან მის წილს წარმოებაში, თუ ჯიში მოსავლიანობასთან ერთად გემოს, ხარისხისა და გაყიდვადობის მოთხოვნებსაც ამართლებს.
წიწაკაში დინამიკა კიდევ უფრო მრავალფეროვანია. თანამედროვე ბაზარი ითხოვს როგორც კლასიკურ მსხვილფეხა, California ტიპის წიწაკას, ისე Lamuyo-ს, Italian-ს, snack-ს და სხვადასხვა ფერის პროდუქტს. წიწაკაში სელექცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნაყოფის ფორმით, ფერით, კედლის სისქით, სიმყარითა და შენახვის უნარით. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადებებისადმი გამძლეობას და სხვადასხვა საწარმოო სისტემასთან ადაპტაციას. როდესაც ფერმერი ჯიშის არჩევის წინაშე დგას, ის ფაქტობრივად მთელ პაკეტს აფასებს: გენეტიკას, კლიმატთან ადაპტაციას, მოსავლის სტაბილურობას, ბაზარზე მიღების შანსს და ხარჯთეფექტიანობას.
Anamida Bio-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყლის ეფექტიან გამოყენებას, მიკრონუტრიენტებსა და მცენარის კვების თანამედროვე მიდგომებს. ახალი ჯიშები ფერმერებს ეხმარება ნაკლები რესურსით მიიღონ სტაბილური და ხარისხიანი მოსავალი, რაც პორტუგალიური მებოსტნეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია.
რუსუდან გიგაშვილი ლისაბონიდან,
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია AGAJ,
„მომავლის ფერმერი“ FOF

