აგროსიახლეები

რატომ უნდა იცნობდეს ფერმერი იმას, რაც მიწის ქვეშ ხდება?

წარმატებული მოსავლის საწინდარი ხშირად იმაში იმალება, რაც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ნიადაგის პროფილი — ეს არის ნიადაგის ვერტიკალური ჭრილი, რომელიც გვიჩვენებს მიწის ზედაპირის ქვეშ არსებულ სხვადასხვა ფენებს. თითოეულ ამ ფენას, რომლებსაც ჰორიზონტებს უწოდებენ, განსხვავებული ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები აქვს.

ნიადაგის პროფილის სიღრმისეული შესწავლა და გაგება ფერმერებს ეხმარება მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები კულტურების შერჩევის, მიწის მომზადების, განოყიერების, მორწყვისა და ნიადაგის გრძელვადიანი მართვის დროს.

როგორ გამოიყურება ნიადაგის პროფილ

ტიპური ნიადაგის პროფილი რამდენიმე ჰორიზონტისგან შედგება:

  • სახნავი (ზედა) ფენა არის ყველაზე ზედა ფენა, რომელიც, როგორც წესი, უფრო მუქი ფერისაა და მდიდარია ორგანული ნივთიერებებით (ჰუმუსით);
  • ქვედა ფენა (ქვენიადაგი) მდებარეობს სახნავი ფენის ქვეშ, შედარებით ღია ფერისაა და ხშირად დიდი რაოდენობით თიხასა და მინერალებს შეიცავს;
  • დედაქანი და საძირკველი ქანი უფრო ღრმა ფენებში გვხვდება ნაწილობრივ გამოფიტული ქანები და, ბოლოს, მყარი საძირკველი ქანი.

ყველა ნიადაგში როდია თითოეული ჰორიზონტი მკაფიოდ გამოხატული, თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესობა მინიმუმ ზედა (სახნავ) და ქვედა ფენებს მკაფიოდ აჩვენებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნიადაგის პროფილის ცოდნა ფერმერისთვის?

ფესვთა სისტემის განვითარება და კულტურის შერჩევა

სხვადასხვა მცენარეს ფესვთა სისტემის განვითარების განსხვავებული სიღრმე აქვს. ზოგ კულტურას ზედაპირული ფესვები აქვს, ზოგი კი ღრმად გადის მიწაში. ზედა ფენის სიღრმისა და ქვედა ფენის ბუნების ცოდნით, ფერმერს შეუძლია შეარჩიოს ისეთი კულტურები, რომლებიც კარგად დაფესვიანდებიან და ადვილად მიწვდებიან წყალსა და საკვებ ნივთიერებებს. მყარ ან დატკეპნილ ქვედა ფენაზე არსებულმა თხელმა სახნავმა ფენამ შესაძლოა შეზღუდოს ფესვების ზრდა და მკვეთრად შეამციროს მოსავლიანობა.

წყლის მოძრაობა და დრენაჟი

წყალი ნიადაგის ყველა ფენაში ერთნაირად არ მოძრაობს. ზოგი ფენა წყალს ადვილად ატარებს, ზოგი კი აფერხებს მას. დატკეპნილმა ან თიხით მდიდარმა ქვედა ფენამ შესაძლოა წყლის დაგუბება და ჭაობიანობა გამოიწვიოს, ხოლო ქვიშიანმა ფენებმა წყლის ზედმეტად სწრაფი გაფილტვრა და დაკარგვა. ნიადაგის პროფილის ცოდნა ფერმერს ეხმარება სადრენაჟო სისტემების სწორად დაგეგმვაში, სარწყავი გრაფიკის შემუშავებასა და წყლის კონსერვაციაში.

საკვები ელემენტების ხელმისაწვდომობა და სასუქების გამოყენება

საკვები ნივთიერებების უმეტესი ნაწილი ნიადაგის ზედა ფენაშია კონცენტრირებული, თუმცა ქვედა ფენებსაც შეუძლიათ ისეთი ელემენტების შენახვა, როგორებიცაა კალციუმი და მაგნიუმი. ზოგიერთი საკვები ნივთიერება შესაძლოა ჩაირეცხოს უფრო ღრმა ფენებში. ნიადაგის პროფილის გაგება ფერმერებს საშუალებას აძლევს სასუქები სწორ სიღრმეზე შეიტანონ, თავიდან აიცილონ მათი გამორეცხვა და აამაღლონ განოყიერების ეფექტურობა.

ნიადაგის დატკეპნა და .. „გუთნის ძირი

მრავალ ნაკვეთზე, ერთი და იმავე სიღრმეზე ხშირი ხვნის ან მძიმე ტექნიკის გამოყენების შედეგად, ჩნდება მკვრივი, დატკეპნილი ფენა, რომელსაც „გუთნის ძირს“ უწოდებენ. ეს ფენები ზღუდავს ფესვების ზრდას, ამცირებს წყლის ჩაჟონვას და ზრდის ზედაპირულ ჩამონადენს. პროფილში ამგვარი დატკეპნილი ფენების აღმოჩენა ფერმერს კარნახობს, სჭირდება თუ არა მიწას ღრმა გაფხვიერება, კულტურათა მონაცვლეობა (თესლბრუნვა) თუ ორგანული ნივთიერებების დამატება.

ნიადაგის ეროზიის რისკი

ზედა, ნოყიერი ფენის სისქეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თხელი სახნავი ფენა ნიშნავს დაბალ ნაყოფიერებას და ეროზიის მაღალ რისკს. იმის ცოდნით, თუ რა მოცულობის სახნავი ფენაა ხელმისაწვდომი და რამდენად მარტივად შეიძლება მისი დაკარგვა, ფერმერს შეუძლია დროულად მიმართოს ნიადაგის დაცვის ისეთ პრაქტიკას, როგორიცაა მულჩირება, საფარი კულტურების მოყვანა და კონტურული მიწათმოქმედება.

ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობა

ნიადაგის ცოცხალი ორგანიზმები _ მიწის ჭიები, ბაქტერიები და სოკოები, პროფილში თანაბრად არ არიან განაწილებულნი. ბიოლოგიური აქტივობის უდიდესი ნაწილი მიმდინარეობს ზედა ფენაში, სადაც ორგანული ნივთიერებების კონცენტრაცია მაქსიმალურია. ჯანსაღი ნიადაგის პროფილი ხელს უწყობს ძლიერ ბიოლოგიურ აქტივობას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს საკვები ელემენტების მიმოქცევას და ნიადაგის სტრუქტურას.

ნიადაგის გრძელვადიანი გაუმჯობესების დაგეგმვა

ნიადაგის პროფილის ცოდნა საფუძველია გრძელვადიანი გაუმჯობესების სტრატეგიებისთვის: ორგანული ნივთიერებების გაზრდა, სტრუქტურის გაუმჯობესება, დრენაჟის პრობლემების მოგვარება და დეგრადაციის პრევენცია. ეს ინფორმაცია ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიწის მდგრადი დაგეგმარებისთვის, განსაკუთრებით მრავალწლიანი კულტურების გაშენებისა და მეცხოველეობის სისტემების ჩამოყალიბების დროს.

როგორ შეუძლია ფერმერს ნიადაგის პროფილის შესწავლა?

ძვირადღირებული აღჭურვილობის გარეშეც, ფერმერს შეუძლია მიიღოს უამრავი სასარგებლო ინფორმაცია. ამისათვის საკმარისია:

  1. ნაკვეთზე მცირე ზომის ორმოს გათხრა, ან ნიადაგის ფენებზე დაკვირვება გზის ჩამონაჭრებში, ეროზიულ არხებსა და ნერგების დასარგავ ორმოებში.
  2. სხვადასხვა სიღრმეზე ნიადაგის ფერის, ტექსტურის (მექანიკური შედგენილობის), ფესვების შეღწევადობის, ტენიანობისა და დატკეპნის ხარისხის შეფასება.

ნიადაგის პროფილის ცოდნა ფერმერს საშუალებას აძლევს „ითანამშრომლოს“ მიწასთან და არა ებრძოლოს მას. მიწისქვეშა ფენების ბუნების გააზრება პირდაპირ აისახება მცენარეთა საუკეთესო განვითარებაზე, რესურსების (სასუქი, წყალი) ეფექტურ და ეკონომიურ გამოყენებაზე, წყლის სწორ მართვასა და, რაც მთავარია, მეურნეობის გრძელვადიან, სტაბილურ და მდგრად პროდუქტიულობაზე. საკუთარი ნიადაგის პროფილის ცოდნა, ეს არის ინვესტიცია, რომელიც ყოველ მომდევნო მოსავალზე უხვად ბრუნდება.