ცხოველების გადარჩენა შემიძლია და ფერმერებს ვეხმარები
თელავში, ჭავჭავაძის გამზირზე, აგრარული ბაზრის მოპირდაპირედ ბაადურ აბრამიშვილის ვეტაფთიაქი მდებარეობს.
გარდა ვეტპრეპარატების შეძენის შესაძლებლობისა, აქ თელავისა და კახეთის სოფლების ფერმერებს ადგილზე უწევს ვეტერინარულ მომსახურებას. თანამედროვე ვეტერინარული დიაგნოსტიკის ჩასატარებლად აქ თანამედროვე აპარატურა და სამედიცინო ინსტრუმენტებიც აქვთ.
„ვეტაფთიაქი 1996 წელს გავხსენი, მანამდე სასაკლაოზე ვეტერინარად ვმუშაობდი _ გვიყვება ვეტაფთიაქის მეპატრონე ბაადურ აბრამიშვილი _ დღეს უკვე ბევრი მომხარებელი გვყავს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი ვეტაფთიაქით სარგებლობენ, ვუწევთ ადგილზე კონსულტაციებს და მივდივარ გამოძახებაზე. ხშირია, როცა ფერმერს არ აქვს პირუტყვის მკურნალობისთვის საჭირო თანხა და მათ სრულიად უფასოდ ვემსახურებით. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ ცხოველის გადარჩენა შემიძლია და ფერმერებს ვეხმარები.
აუცილებელია მოსახლეობაში გაიზარდოს ვეტერინარის სპეციალისტის საჭიროება, რადგან დაავადების შემთხვევაში ბევრი ფერმერი არ მკურნალობს პირუტყვს და პირდაპირ მისი დაკვლის გადაწყვეტილებას იღებს, რაც არასწორია.
ფერმერებში ინფორმაციის ნაკლებობაა და საჭიროა მათ იცოდნენ სეზონურად რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ გართულებებს თავი აარიდონ.
ვეტერინარი ექიმის სპეციალობას უტოლდება და უფრო მეტიც… თუ არ განვითარდა ეს დარგი, არ გვეყოლება ჯანმრთელი ცხოველი, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზეც… ამასთან, მნიშვნელოვანია ვეტერინარი იყოს კვალიფიციური, მან თავის განვითარებაზე უნდა იზრუნოს, ეცნობოდეს თანამედროვე ლიტერატურას, მკურნალობის მეთოდებს, რომ ადგილზე მისულმა სათანადო დახმარება გაუწიოს ფერმერს“ – ამბობს ბაადურ აბრამიშვილი.
პრაქტიკოს ვეტერინარს ვეტაფთიაქის მუშაობაში ოჯახი ეხმარება. სურს მუდმივი თანამშრომლის აყვანაც, რადგან ადგილზე გამოძახების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს და ვეტაფთიაქიც დიდი დატვირთვით მუშაობს.
კომპანია „როქის“ დახმარებით გადმომეცა ექოსკოპიის ახალი აპარატი, რომლის საშუალებითაც ფერმერებს გაუმჯობესებულ სერვისებს ვთავაზობ. ამ აპარატით შესაძლებელია: მაკეობის დადგენა, უცხო სხეულის აღმოჩენა, შინაგანი ორგანოების პათოლოგიის განსაზღვრა და სხვა მანიპულაციები. თანამედროვე აპარატურა და მაღალი ხარისხის ვეტპრეპარატები გვაძლევს სათანადო მკურნალობის საშუალებას“, – აღნიშნავს ბაადურ აბრამიშვილი.
პრაქტიკოსი ვეტერინარი მუდამ სიახლეებზეა ორიენტირებული და თავისი არჩევანით კმაყოფილია. მისი თქმით, ვეტერინარის სპეციალობა დღეს დაფასებულია და დარგის განვითარებას ყველამ უნდა შეუწყოს ხელი.
მოამზადა თეონა ნოზაძემ,
ასოციაცია „მომავლის ფერმერი“