დარგებიმემცენარეობა

 ეთერზეთოვან მცენარეთა სამეურნეო  მნიშვნელობა

  ეთერზეთოვანი ეწოდება ისეთ მცენარეებს, რომელთა მოვლა-მოყვანის ძირითადი მიზანია ნატურალური ეთეროვანი ზეთების მიღება. ეთეროვნები მცენარეული წარმოშობის სურნელოვანი, ადვილად აქროლადი თხევადი ნივთიერებების ნარევია.

სახელწოდება ეთეროვანი ზეთი ნივთიერებების ამ ჯგუფმა მიიღო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათ ქიმიურ შედგენილობაზე არაფერი იყო ცნობილი. ეთეროვანი დაერქვა იმიტომ, რომ იგი ისევე მსუბუქი და აქროლადია, როგორც ეთერი, ხოლო ზეთი იმიტომ რომ გარეგნულად იგი ზეთისებრ ბლანტია. ცხოველური წარმოშობის სურნელოვანი ნივთიერებებისგან განსხვავებით, ეთერზეთი ფილტრის ქაღალდზე ლაქას არ ტოვებს. ეთერზეთების უმრავლესობა წყალზე უფრო მსუბუქია, თუმცა გვხვდება ისეთებიც, რომელთა ხვედრითი წონა ერთზე მეტია. გარეგნული შეხედულებით ეთეროვანი ზეთები წარმოადგენენ ადვილად მოძრავ, უფრო იშვიათად ოდნავ მომწვანეო ან ოქროსფერმოყვითალო სითხეს. ზეთის გემოს, როგორც მახასიათებელს, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ზეთების უმეტესობას აქვს მწვავე მომწარო ან სურნელ-სანელებლის გემო, ზოგიერთს კი – ტკბილი გემო.

ცნობილია ეთერზეთოვანი მცენარეები 3000-მდე სახეობა. ისინი დედამიწის ყველა კონტინენტზე გვხვდება, მაგრამ მათი სამრეწველო კულტურა უმთავრესად თავმოყრილია ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ეთერზეთების მთავარი მიმწოდებელია.

ეთეროვანი ზეთების ყოველწლიური მსოფლიო წარმოება 25-30 ათას ტონას აღწევს. არომატულ ნივთიერებეთა მიღებასა და გამოყენებას საქართველოში უძველესი ისტორია აქვს. XVIII საუკუნეში, ვახუშტი ბატონიშვილი თავის შრომაში აღწერდა მრავალ ეთერზეთოვან მცენარეს (ვარდის სხვადასხვა სახეობას, ქაფურს, ლავანდს და სხვა), რომელიც საქართველოში მოჰყავდათ. საქართველოში დღემდე შემორჩენილია ვარდის წყლის მიღების უძველესი მეთოდები. საქართველოში პირველი საწარმოო ცდები გერანის კულტურაზე 1925-1927 წლებში დაიწყო. 1928 წელს, სოფელ გულრიფშში, ჩამოაყალიბეს ეთერზეთოვანი კულტურების მეურნეობა-ქარხანა. 1931 წელს საქართველოში უკვე ეთერზეთოვანი კულტურების 10 მეურნეობა იყო. მათ შორის ყველაზე დიდი გაგრის მეურნეობა, რომელსაც 1262 ჰა ფართობი ეკავა. ერთწლიანი ეთერზეთოვანი კულტურებით დაკავებული ფართობების 52,5% მოდიოდა აღმოსავლეთ საქართველოზე, ხოლო 47,5% კი – დასავლეთ საქართველოზე. აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი მიწის ნაკვეთები და მზის თავისებური ინსოლაცია ხელს უწყობს ეთერზეთოვანი კულტურების მაღალმოსავლიანობას და ზრდის ნედლეულის ეთერზეთის გამოსავლიანობას.

ეთერზეთოვანი კულტურების მოსავლიანობა, რაც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვან ფარგლებში მერყეობს. დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგს, კლიმატურ პირობებს, აგროტექნიკის დონეს, მოცემული წლის ამინდის პირობებს, ჯიშურ თავისებურებებს და სხვა.

უკანასკნელ წლებში ძალზე გაიზარდა მოთხოვნილება ევკალიპტის, გერანის, რეჰანის, დაფნის და ზოგიერთი სხვა სახის ეთერზეთებზე. ეთეროვანი კულტურების წარმოების გადიდების, ნედლეულის თვითღირებულების შემცირებისა და ამ დარგის ყველა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით. საჭიროა იზრუნონ ეთერზეთოვანი კულტურების არა მარტო არსებული ფართობების გადიდებაზე და მოსავლიანობის გაზრდაზე, არამედ აგრეთვე დეკორატიული, სამეურნეო ნარგავების და ველური ფორმის წარმომადგენლების უფრო რაციონალურ გამოყენებაზეც.

დღემდე მსოფლიოში შესწავლილია და პრაქტიკული გამოყენება აქვს 200-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარეულ ზეთს. ამ მცენარეების მეტი ნაწილი კულტურაშია, ხოლო ნაწილი დღესაც ველური სახითაა წარმოდგენილი. კავკასიაში კულტურული და ველური სახით დღემდე ცნობილია 50-მდე ძირითადი ეთერზეთოვანი მცენარე. ეს მცენარეები ეთეროვან ზეთს სხვადასხვა ნაწილებში შეიცავენ.

ეთეროვან მცენარეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური თავისებურება ისაა, რომ მათი მრავალი სახეობის ეთერზეთი გამოიყენება, როგორც საპარფიუმერიო-კოსმეტიკურ მრეწველობაში, ისე მედიცინაში, ვეტერინარიაში და სხვა დარგებში. ეთეროვანი ზეთი მცენარეში შეიძლება იყოს თავისუფალ მდგომარეობაში, როცა მისი გამოყოფა თავისუფლად ხდბა, ან ბმული სახით, როცა იგი შეერთებულია შაქროვან ნივთიერებებთან – გლუკოზიდებთან. ამ შემთხვევაში მცენარეს ჩვეულებრივ არა აქვს დამახასიათებელი არომატი, ხოლო ზეთის მიღება მცენარიდან, ან მისი ცალკეული ნაწილიდან, მხოლოდ ფერმენტაციის შემდეგ ხდება.  ეთერზეთების პროცენტული რაოდენობა მცენარეში ძლიერ ცვალებადია და დიდ ფარგლებში მერყეობს (0,001%დან 24%-მდე). იგი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის მთავარია: ჯიშის ბიოლოგიური თავისებურება, ზრდა-განვითარების პირობები, სითბოსა და ტენის რეჟიმი, აგროტექნიკის ხასიათი და დონე, მცენარის განვითარების ფაზა, მოსავლის აღების დრო, ნედლეულის შენახვის წესი და სხვა. კლიმატური პირობები გავლენას ახდენს მცენარეში არა მარტო ეთერზეთების დაგროვებაზე, არამედ მისი ცალკეული კომპონენტების რაოდენობრივ შეფარდებაზე და ზეთის ხარისხზეც.

ეთერზეთები მცენარეული წარმოშობის სურნელოვანი, ადვილად აქროლადი, თხევადი ნივთიერებების ნარევია. ეთეროვანი უწოდეს იმიტომ, რომ იგი მსუბუქი და აქროლადია, როგორც ეთერი, ხოლო ზეთი იმიტომ, რომ გარეგნულად იგი ზეთისებრ ბლანტია, რომელთა უმრავლესობა წყალზე უფრო მსუბუქია, თუმცა გვხვდება ისეთებიც, რომელთა ხვედრითი წონა ერთზე მეტია. გარეგნული შეხედულებით, ეთერზეთები წარმოადგენენ ადვილად მოძრავ, უფერო, იშვიათად ოდნავ მომწვანო ან ოქროსფერ-მოყვითალო სითხეს. ზეთების უმეტესობას აქვს ტკბილი, ზოგჯერ მომწარო ან სურნელ-სანელებლის გემო.

რეზო ჯაბნიძე – სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი,

სულიკო ბერიძე – სმ  დოქტორი, პროფესორი,

ნანა ჯაბნიძე – სმ  დოქტორი, პროფესორი