აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

როგორ გავზარდოთ, გადავრგოთ და მოვუაროთ „ფულის ხეს“ (კრასულა) მთელი წლის განმავლობაში?

კრასულა, რომელსაც საქართველოში ხშირად „ფულის ხეს“ უწოდებენ, გამძლე და ხანგრძლივად მცხოვრები ოთახის მცენარეა. მისი სქელი, ხორცივანი ფოთლები წყალს აგროვებს, ღერო კი დროთა განმავლობაში პატარა ხის ფორმას იღებს. მიუხედავად იმისა, რომ კრასულა უპრეტენზიო მცენარედ ითვლება, მისი ჯანსაღი ზრდა და განსაკუთრებით ყვავილობა,  მორწყვის სწორ რეჟიმზე, განათებასა და სეზონურ მოვლაზეა დამოკიდებული.

ფულის ხის სახელით ყველაზე ხშირად ცნობილია კრასულა ოვატა (Crassula ovata), რომელიც სამხრეთ აფრიკასა და მოზამბიკშია გავრცელებული. იგი წყლის დამგროვებელ მცენარეთა, ანუ სუკულენტთა ჯგუფს მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი ოთახის მცენარეებისგან განსხვავებით, ხშირად მორწყვა არ სჭირდება.

კრასულას სქელი, ოვალური ფორმის ფოთლები, ხორცივანი ღეროები და გამერქნებული ტოტები აქვს. სათანადო პირობებში მას მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია განვითარდეს და საკმაოდ მოზრდილ, ხის მსგავს მცენარედ ჩამოყალიბდეს.

ბევრ ქვეყანაში ფულის ხე კეთილდღეობისა და იღბლის სიმბოლოდ მიიჩნევა, თუმცა მისი წარმატებული ზრდა სიმბოლიკაზე მეტად სწორ მოვლაზეა დამოკიდებული.

როგორ გავამრავლოთ ფულის ხე?

კრასულას გამრავლება როგორც ღეროს კალმით, ისე ფოთლითაც შეიძლება. დამწყები მოყვარულისთვის ღეროს კალმით გამრავლება ხშირად უფრო მარტივია.

კალმით გამრავლება

  1. გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში შეარჩიეთ ჯანმრთელი, რამდენიმე ფოთლის მქონე ტოტი.
  2. სუფთა, ბასრი დანით ააჭერით, დაახლოებით, 5-10 სანტიმეტრის სიგრძის კალამი.
  3. კალამი რამდენიმე დღე ჩრდილში, მშრალ, განიავებულ ადგილას დატოვეთ, რათა ჭრილობის ზედაპირი შეხორცდეს.
  4. მოათავსეთ პატარა ქოთანში, სუკულენტებისთვის განკუთვნილ ჰაერგამტარ სუბსტრატში.
  5. თავდაპირველად მოერიდეთ ჭარბ მორწყვას. ფესვების წარმოქმნის შემდეგ მორწყვა მცენარის ზრდისა და ნიადაგის გაშრობის შესაბამისად დაარეგულირეთ.

ფოთლით გამრავლება

ჯანმრთელი ფოთოლი ფრთხილად მოაცილეთ ღეროს ისე, რომ მისი ძირი დაუზიანებელი დარჩეს. რამდენიმე დღის შემდეგ მოათავსეთ სუბსტრატის ზედაპირზე ან ოდნავ შეახეთ ნიადაგს. ხელსაყრელ პირობებში ფოთლის ძირიდან  ახალი ფესვები და პატარა მცენარე განვითარდება.

გამრავლების წარმატება დამოკიდებულია ტემპერატურაზე, განათებაზე, ფოთლის მდგომარეობასა და სუბსტრატის ტენიანობაზე. ყველა ფოთოლი არ ფესვიანდება, ამიტომ სასურველია რამდენიმე კალმის ან ფოთლის გამოყენება.

როგორ გადავრგოთ ფულის ხე?

კრასულას ხშირად გადარგვა არ სჭირდება. ჩვეულებრივ, გადარგვა დაახლოებით ორ-სამ წელიწადში ერთხელ შეიძლება გახდეს საჭირო, თუმცა გადაწყვეტილება მცენარის მდგომარეობით უნდა განისაზღვროს.

თუ ფესვები ქოთანს მთლიანად იკავებს, წყალი ნიადაგში სათანადოდ ვეღარ ნაწილდება ან მცენარე იმდენად დამძიმდა, რომ ქოთანი ადვილად ყირავდება, გადარგვის დრო შეიძლება დადგეს.

ქოთნის შერჩევა: შეარჩიეთ ძველზე მხოლოდ ოდნავ დიდი, აუცილებლად სადრენაჟო ხვრელების მქონე ქოთანი. მძიმე თიხის ან კერამიკული ჭურჭელი განსაკუთრებით სასარგებლოა მოზრდილი კრასულასთვის, რადგან მცენარის სიმძიმეს უკეთ აბალანსებს.

სუბსტრატი: გამოიყენეთ კაქტუსებისა და სუკულენტებისთვის განკუთვნილი ნიადაგი, რომელიც წყალს სწრაფად ატარებს და ფესვებს ჰაერის მიღების საშუალებას აძლევს. მძიმე, წყლის შემკავებელი ბაღის მიწა სასურველი არ არის.

გადარგვის წესი: მცენარე ძველი ქოთნიდან ფრთხილად ამოიღეთ, შეამოწმეთ ფესვები და დაზიანებული ან დამპალი ნაწილები მოაცილეთ. მოათავსეთ ახალ ქოთანში ისე, რომ ღეროს ძირი ზედმეტად ღრმად არ დაიფაროს. გადარგვის შემდეგ მცენარეს მიეცით დრო, შეეგუოს ახალ გარემოს. თუ ფესვები დაზიანდა, მორწყვა მანამდე გადადეთ, სანამ ჭრილობის ზედაპირები არ შეხორცდება და სუბსტრატის მდგომარეობა ამის საშუალებას არ მოგცემთ.

ფულის ხის მოვლა სეზონების მიხედვით

გაზაფხული _ ზრდისა და ფორმირების დასაწყისი

გაზაფხულზე, დღის გახანგრძლივებასთან ერთად, კრასულა აქტიურ ზრდას იწყებს. ეს კარგი პერიოდია გადარგვისთვის, გამრავლებისა და მსუბუქი გასხვლისთვის.

  • განათავსეთ ნათელ ადგილას, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში მზის პირდაპირი სხივებიც მოხვდება.
  • მზიან ფანჯარასთან გადატანისას მცენარე ახალ განათებას თანდათან შეაჩვიეთ, რათა ფოთლები არ დაეწვას.
  • მორწყეთ მაშინ, როდესაც სუბსტრატი კარგად გაშრება.
  • აქტიური ზრდის პერიოდში გამოიყენეთ სუკულენტებისთვის განკუთვნილი სასუქი, ეტიკეტზე მითითებული დოზითა და სიხშირით.
  • წაგრძელებული ან არათანაბრად მზარდი ტოტების მსუბუქი გასხვლით შეგიძლიათ მცენარის ფორმა დააკომპაქტუროთ.

ზაფხული _  კარგი განათება, ზომიერი მორწყვა და დაცვა სიცხისგან

ზაფხულში კრასულა, როგორც წესი, კარგად იზრდება, თუ საკმარის განათებას იღებს და ფესვები ზედმეტად არ სველდება.

მორწყვამდე შეამოწმეთ ნიადაგი და არა მხოლოდ მისი ზედაპირი. როცა სუბსტრატი გაშრება, მორწყეთ საფუძვლიანად და ზედმეტ წყალს ქოთნიდან თავისუფლად გადინების საშუალება მიეცით. წყალი თეფშში არ დატოვოთ.

ძალიან ცხელ დღეებში, განსაკუთრებით სამხრეთის ფანჯარასთან, მცენარე შუადღის მწველი მზისგან დაიცავით. თუ კრასულა გარეთ გაგაქვთ, ღია გარემოსა და მზის ინტენსივობას ეტაპობრივად შეაჩვიეთ.

ზაფხულში გადაჭარბებული კვება საჭირო არ არის. სასუქის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა მცენარის ნორმალური განვითარება დაარღვიოს.

შემოდგომა _ ყვავილობისთვისმომზადება

შემოდგომა კრასულას მოვლის მნიშვნელოვანი პერიოდია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიზანი მისი აყვავებაა.

დღის ხანგრძლივობის შემცირებასთან ერთად მცენარე თანდათან ნაკლებ წყალს მოითხოვს. მორწყვის ინტერვალები გაზარდეთ, მაგრამ მცენარე ხანგრძლივად უკიდურესად მშრალ მდგომარეობაში არ დატოვოთ.

თუ კრასულა ზაფხულში გარეთ გყავდათ, ტემპერატურის მკვეთრ დაცემამდე სახლში შეიტანეთ. განათავსეთ ნათელ ადგილას და მოარიდეთ ცივ ორპირ ქარს.

შემოდგომის გრილი ღამეები და ბუნებრივი სიბნელის ხანგრძლივი პერიოდი ყვავილის კვირტების წარმოქმნას უწყობს ხელს. ამ დროს მცენარე ღამით ხელოვნურად მუდმივად არ უნდა იყოს განათებული.

ზამთარი _  დასვენება და ყვავილობის მოლოდინი

ფულის ხის ზოგიერთი მოზრდილი ეგზემპლარი ზამთარში ყვავის. ყვავილები პატარა, ვარსკვლავისებრი და, ჩვეულებრივ, თეთრი ან მოვარდისფროა.

ზამთარში მცენარეს სჭირდება:

  • ნათელი ფანჯარა და ბუნებრივი დღის სინათლე;
  • შედარებით გრილი, მაგრამ ყინვისგან დაცული გარემო;
  • შემცირებული მორწყვა, ნიადაგის გაშრობის გათვალისწინებით;
  • სასუქის გამოყენების შეზღუდვა ან შეჩერება, თუ ზრდა შენელებულია.

მნიშვნელოვანია, კრასულა არ მოათავსოთ გამათბობელთან ახლოს და არ დატოვოთ ცივ ფანჯრის რაფაზე, სადაც ფესვები შეიძლება გაცივდეს. მცირედი ყინვაც კი მცენარისთვის სახიფათოა.

როგორ შევუწყოთ ხელი ფულის ხის აყვავებას?

ფულის ხე ოთახის პირობებში ყოველთვის არ ყვავილობს. ახალგაზრდა მცენარეები ხშირად ჯერ არ არიან მზად ყვავილობისთვის, ხოლო მოზრდილ მცენარესაც შეიძლება წლების განმავლობაში არ გამოაქვს ყვავილები.

ყვავილობის ხელშეწყობისთვის ოთხი ძირითადი პირობაა მნიშვნელოვანი:

  1. საკმარისი განათება _ მზიანი ფანჯარა ან ძალიან ნათელი ადგილი მცენარის ჯანსაღ ზრდას უწყობს ხელს. სინათლის ნაკლებობისას ტოტები წაგრძელებული და სუსტი ხდება.
  2. სეზონური ცვლილება _ შემოდგომასა და ზამთარში ბუნებრივად შემცირებული დღის ხანგრძლივობა ყვავილობისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ღამის ხელოვნური განათების შეზღუდვაც სასარგებლოა.
  3. ზომიერი ტემპერატურა _ გრილი ღამეები ყვავილის კვირტების წარმოქმნას შეიძლება დაეხმაროს. თუმცა მცენარის განზრახ გადაციება ან ყინვაში დატოვება დაუშვებელია.
  4. სწორი მორწყვა _ შემოდგომაზე მორწყვის შემცირება შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ მცენარის ხანგრძლივად უწყლოდ დატოვება არ არის საჭირო. წყლის ნაკლებობამ შესაძლოა ფოთლების დანაოჭება და ცვენა გამოიწვიოს.

ასევე მოერიდეთ ყვავილობის სტიმულირებისთვის სასუქის ჭარბად გამოყენებას. კრასულას აყვავება მხოლოდ ერთი კონკრეტული მეთოდით ვერ იქნება გარანტირებული, შედეგზე მცენარის ასაკი, ჯიში და ზრდის საერთო პირობებიც მოქმედებს.

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას კრასულას?

ფოთლების ცვენა ხშირად ჭარბი მორწყვის, ფესვების დაზიანების ან მკვეთრი ტემპერატურული ცვლილების შედეგია. დანაოჭებული ფოთლები შეიძლება წყლის ნაკლებობაზე მიუთითებდეს, თუმცა მსგავსი სიმპტომი დაზიანებულ ფესვებსაც ახასიათებს. ამიტომ მორწყვამდე ყოველთვის შეამოწმეთ ნიადაგი.

თეთრი, ბამბისებრი ნადების მსგავსი წარმონაქმნები შესაძლოა ფქვილისებრი ცრუფარიანას არსებობაზე მიუთითებდეს. მცენარის რეგულარული დათვალიერება და მავნებლების ადრეული აღმოჩენა პრობლემის გავრცელების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კრასულას მოვლის მთავარი საიდუმლო ზომიერებაა: საკმარისი სინათლე, ჰაერგამტარი ნიადაგი, შესაბამისი ზომის ქოთანი და მორწყვა მხოლოდ საჭიროების მიხედვით. სეზონების ცვლილების გათვალისწინება კი მცენარეს ჯანსაღი ზრდისა და შესაძლო ყვავილობისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის.

სწორად მოვლილი ფულის ხე წლების განმავლობაში შეიძლება სახლის მწვანე სამკაულად იქცეს, ხოლო მისი ყვავილობა  სასიამოვნო ჯილდოდ იმ ადამიანისთვის, ვინც მცენარის ბუნებრივ მოთხოვნებს პატივს სცემს.

მოამზადა გიორგი მაისურაძემ