საქართველო – თაფლის სამშობლო
საქართველო არა მხოლოდ მეღვინეობის, არამედ მეფუტკრეობის სამშობლოცაა. ეს დამტკიცდა მას შემდეგ, რაც არქეოლოგებმა 2003 წელს საქართველოში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანებით, ანუ დაახლოებით 5500 წლის არის და ძვ.წ. 35-ე საუკუნით თარიღდება.
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა 2 კერამიკული ჭურჭელი, სადაც თაფლი იყო ჩასხმული. ეს თაფლი დაახლოებით 20 საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი უძველესი თაფლი, რომელიც ეგვიპტეში, ტუტანხამონის (მეფობდა ძვ.წ. 1347-1337 წწ.) სამარხში იყო ნაპოვნი.
სამარხი ნაწილობრივ გაძარცვული იყო და ამიტომ მიცვალებულის მცირე ნაშთები იქნა დადასტურებული. ამ ყორღანის აღმოჩენა მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის სამუშაოების დროს. 5500 წლის წინანდელ ყორღანში აღმოჩენილ თაფლის ორივე ჭურჭელს პალინოლოგიური კვლევები თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში ჩაუტარდა და მკვლევარმა ელისო ყვავაძემ კვლევების შედეგად აღმოაჩინა, რომ ჭურჭელში ნამდვილად თაფლი იყო. ამასთანავე კვლევით დადგინდა, რომ აქ არის ის მრავალფეროვანი მცენარეული მტვერი, რომელიც ბორჯომში აღმოჩენილი ყორღანის შემოგარენში მცენარეებს გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, უკვე აღმოჩენიდან მეორე წელს, 2004 წელს გაკეთდა სრული ანგარიში და დაიდო დასკვნა, რომ საქართველოს დღემდე აღმოჩენილთა შორის უძველესი თაფლი აქვს – 20 საუკუნით უფრო ძველი, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ტუტანხამონის სამარხის თაფლი.
ზოგადად, თაფლი ისეთი პროდუქტია, რომ ადამიანის შექმნილი არ არის, ეს ფუტკრის მიერაა გამომუშავებული და რა თქმა უნდა მოიპოვება ბუნებაში ველური თაფლის სახით, მაგრამ აქ მეფუტკრეობაზეა საუბარი. არქეოლოგები თვლიან, რომ აღმოჩენილი სათაფლე ჭურჭელი მეფუტკრეობის უძველესი დადასტურებაა მსოფლიოში, ვინაიდან ნაპოვნია მტკიცებულება იმისა, რომ ეს არ არის ველური თაფლი და არის მეფუტკრის მიერ აღებული, ვინაიდან ნაპოვნია თაფლში ტანსაცმლის ბოჭკოები, რომელიც მეფუტკრის მიერ მოვლისას ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე თაფლში გარკვეული რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ დამარხვისას ჯერ რიტუალია შესრულებული და შემდეგომ ისეა გატანებული თაფლი.
ამ აღმოჩენას სამეცნიერო წრეებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თაფლი, როგორც სამარხეული თანმხლები, ისე იყო ჭურჭელში. სამარხში აღმოჩენილი ნარჩენები ყოველთვის საინტერესოა, რადგან ამით დგინდება ადრე საგზალს რა ფორმით ატანდნენ და შესაბამისად როგორი ცხოვრების სტილი და ნირი იყო, რას მიირთმევდნენ, რას აწარმოებდნენ და ა.შ.
პროტოქართველი და ქართველი ხალხი მეფუტკრეობას ოდითგან მისდევდა, ისტორიამდელ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. ფუტკარს ღვთაებრივ, წმინდა მწერად მიიჩნევდნენ და არსებობდა ფუტკრის კულტიც. უძველეს საქართველოში წელიწაში ერთი დღე ფუტკარს ეძღვნებოდა. დიდ დანაშალად ითვლებოდა ფუტკართან უდიერი მოპყრობა, უპატივცემულობა. საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ კი ფუტკარს, როგორც ღვთაებრივ მწერს ტაძრებსაც სწირავდნენ.
წყარო:intermedia.ge