ბლოგირუბრიკებისტატიები

იაპონია – სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია და სამთავრობო ადმინისტრაცია

იაპონიაში კოოპერაციულმა სისტემამ გამოავლინა განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა. იაპონიის იმპერატორის განკარგულებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ“ (1947წ) კანონის მიღების შედეგად,  სოფლის მთელი მოსახლეობა ავტომატურად ჩართული აღმოჩნდა კოოპერაციულ სისტემაში, რომლის მეშვეობითაც მთავრობამ მოახდინა ახალი აგრარული პოლიტიკის გატარება ქვეყნის მთლიანი მასშტაბით. მიმდინარე პერიოდში იაპონელი ფერმერების 91% გაწევრიანებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში.

იაპონიაში მოქმედებს განყენებული სამართლებრივი რეგულაციები სხვადასხვა სახის კოოპერატივებისათვის. ამ მოდელის საფუძველს წარმოადგენს დიფერენცირებული ნორმატიული აქტები კოოპერატივების ტიპებისა და დარგობრივი კუთვნილების მიხედვით.  შესაბამისად, განსხვავებულია სამართლებრივი რეგულაციები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და სამომხმარებლო კოოპერატივებისათვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში იგულისხმება ფერმერთა გაერთიანებები, რომლებიც შექმნილია წარმოების, მარკეტინგის, საწარმოო საშუალებების შესყიდვის, კონსულტაციების გაწევის, საკრედიტო და სადაზღვევო მიზნებისთვის. სამომხმარებლო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულაციები მოცემულია იაპონიის კანონში „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ (1948 წ).

იაპონიის კოოპერაციულ სისტემას გააჩნია იერარქიული სტრუქტურა. ეროვნულ დონეზე ფუნქციონირებს სრულიად იაპონიის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ფედერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევს ფედერაციის ცენტრალური საბჭო, ამავე დონეზე არსებობს სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეურნეობის კოოპერაციული ცენტრალური ბანკი და სრულიად იაპონიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაცია სამედიცინო მომსახურების კუთხით. შესაბამისი ორგანიზაციები არსებობენ ცალკეული პრეფექტურების დონეზე (47 პრეფექტურა).

კოოპერატივების ფუნქციები მრავალმხრივია: პროდუქციის მიღება და რეალიზიაცია, საწარმოო საშუალებების შესყიდვა, სამშენებლო საქმიანობა, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების მართვა, საბანკო, სადაზღვეო და საკრედიტო საქმიანობა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა, სამედიცინო და საკურორტო მომსახურება. კოოპერატივები ეწევიან კონსულტირებას სასოფლო სამეურნეო საქმიანობის მართვის და ტექნიკის გამოყენების კუთხით, გეგმავენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოო პროცესებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები პრეფექტურებთან ერთად ეწევიან ადგილობრივი დარგების განვითარების გეგმების შედგენას  და ამ გეგმების  შემუშავება ხდება იაპონიის მთავრობის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად. ამ მხრივ არსებობს ორგანული ურთიერთდამოკიდებულება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და პრეფექტურებს შორის. არსებობს საკითხები, სადაც პრეფექტურების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფუნქციები მკვეთრად გამიჯნულია, მაგრამ ზოგიერთ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად როგორიცაა სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმების შემუშავება, მათი ფუნქციები პრაქტიკულად გაერთიანებულია. გეგმები მოიცავენ ეკონომიკური განვითარების ყველა მიმართულებას აგროეკოლოგიური პირობების დაცვის გათვალისწინებით და ტექნიკურ-ტექნოლოგიური ხასიათის დეტალებს. მათი განხორციელების კონტროლს ეწევა სახელმწიფო.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაგეგმარებას კოოპერატივებში ეწევიან სპეციალური საგეგმო განყოფილებები. ისინი ამზადებენ საკითხებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დოტაციებით უზრუნველყოფის, მიწების ათვისების და მელიორაციის გეგმების შედგენის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის საჭირო მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფის  კუთხით. მის ფუნქციებში ასევე შედის ინფორმაციის გავრცელება აგრომეტეოროლოგიურ პირობებზე, სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკის სიახლეებზე, დაავადებებზე და მავნებლებზე, საბითუმო და საცალო ფასებზე და აგრეთვე გამოფენების და სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობის საუკეთესო მეთოდებით სწავლების ორგანიზებაზე. სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვასთან ერთად საგეგმო განყოფილება ეწევა დაგეგმვას სხვადასხვა არასასოფლო-სამეურნეო საკითხებშიც.

კოოპერატივებში არსებობენ სხვა განყოფილებებიც:

საწარმოო განყოფილება _  ორგანიზებას უწევს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებას და რეალიზაციას. მის ფუნქციებში ასევე შედის ხარისხის კონტროლი, ხელოვნური განაყოფიერების საკითხები და ვეტერინარიის ცენტრების შენახვა და კონტროლი.

შესყიდვების განყოფილება _ ორგანიზებას უწევს ფერმერებისათვის საწარმოო საშუალებებით: შხამქიმიკატებით, სასუქებით, საკვებით, შესაფუთი მასალებით, სათადარიგო ნაწილებით, სასათბურე მოწყობილობებით უზრუნველყოფას.

გაყიდვების განყოფილება _ ახორციელებს სამომხმარებლო საქონლის, კვების პროდუქტების, ტანსაცმლის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მანქანების, თხევადი გაზის  შესყიდვებს და გაყიდვებს, მართავს საყოფაცხოვრებო პროდუქციის მაღაზიების ქსელს. მის ფუნქციებში აგრეთვე შედის ჯანდაცვის და საკურორტო მომსახურების დაწესებულებების მართვა.

საკრედიტო (ურთიერთდახმარების) განყოფილება _ ფერმერებს უზრუნველყოფს საკრედიტო რესურსებით სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის და კოოპერატივის დირექტორატს ეხმარება სახელმწიფო სუბსიდირების გეგმების მომზადებაში.

დავით მამუკელაშვილი, 

ეკონომიკის დოქტორი