დაფნის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
დაფნის კულტურა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. დაფნის ძირითად სასაქონლო პროდუქციას წარმოადგენს მშრალი ფოთოლი, რომელსაც, ძირითადად, კვების მრეწველობაში, მედიცინასა და კოსმეტიკის წარმოებაში იყენებენ.
დაფნა ვრცელდება მშრალი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, დასავლეთ საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს რეგიონის კლიმატური პირობები იდეალურია დაფნის საწარმოებლად. ცნობილია, რომ სამეგრელოს რეგიონის სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს თხილის მოყვანა წარმოადგენს. თხილი არა მარტო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა საქართველოს ექსპორტის ჭრილში, არამედ დასაქმების კუთხითაც. თხილის წარმოებაში ჩართულია დაახლოებით 107,000 საოჯახო მეურნეობა.1 თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, გავრცელებულმა მავნებლებმა (აზიური ფაროსანა) მნიშვნელოვნად დააზიანა თხილის სექტორი. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა როგორც თხილის ექსპორტის მთლიანი ღირებულება, ასევე რაოდენობაც. 2017 წელს თხილის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 83.1 მილიონი დოლარი, რაც 53.7%-ით ნაკლებია წინა წლის (2016 წლის) შესაბამის მაჩვენებელზე. შესაბამისად, სხვა კულტურებისადმი დაინტერესება სამეგრელოში გაიზარდა. მათ შორის არის დაფნაც, რადგან იგი შედის იმ მცირე გამონაკლის კულტურებს შორის, რომელსაც ფაროსანა ნაკლებად აზიანებს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას დაფნა, ძირითადად, გაშენებული აქვს საკარმიდამო ადგილებში, ტრადიციულად და არ არსებობს დაფნის კულტურის თანამედროვე წესებით მოვლის ცოდნა და გამოცდილება.
კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუების და ფოკუს ჯგუფების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში წარმოებული დაფნის თითქმის 99%-ის ექსპორტი ხორციელდება.
საქართველოს მოსახლეობა დაფნას მცირე რაოდენობით მოიხმარს. დაფნის წარმოების შეხახებ საქართველოში ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. თუმცა, 2017 წელს განხორციელებული მთლიანი ექსპორტის მონაცემზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში სულ წარმოებული იყო დაახლოებით 4600 ტონა დაფნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში იწარმოვა 4,381 ტონა დაფნა. ორივე მონაცემი საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://research.pmcg-i.com/images/Policy_Papers/PIN%20VCAs/VCA_Laurel.pdf
წინამდებარე პუბლიკაცია გამოცემულია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე
პასუხისმგებელია მხოლოდ „ფიფლ ინ ნიდ“ და პი ემ სი კვლევითი ცენტრი და პუბლიკაციის
შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.