აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ნუში, აგროტექნიკა, მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა…

მშრალ სუბტროპიკულ ხეხილოვან კულტურათა შორის ნუშს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ნუში შედის Amygdalus L გვარში, რომელიც 40-მდე სახეობას აერთიანებს. გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ ზონაში. მის ნაყოფებზე, ძვირფასი კვებითი, დიეტური და სამკურნალო თვისებების გამო, დიდი მოთხოვნაა. ნუში გამოიყენება როგორც ნედლ ხილად-ნუგბრად, ისე საკონდიტრო მრეწველობასა და მედიცინაში. განსაკუთრებით ძვირფასია ნუშის ზეთი, რომელსაც ფართოდ იყენებენ. ნუშის ნაყოფები მოიხმარება როგორც ნედლი, ისე მოხალული, დაშაქრული და დამარილებული სახით.ნაყოფები შეიცავენ 6,3-6,5 % წყალს; 21 % აზოტოვან ნივთიერებებს; 46-55 % ცხიმს. 3,2-3,5 % უჯრედინას.

არსებობს ნუშის ტკბილი და მწარე ტიპები. მწარე ტიპები ფარმაკოლოგიური დანიშნულებით გამოიყენება.

ნუში შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა. ადრე ყვავილობის გამო, იგი ფუტკრებისთვის საუკეთესო საკვები ბაზაა.

ნუშის კულტურის დამოკიდებულება ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებზე

ნუში, სხვა კაკლოვან კულტურებთან შედარებით, უფრო მეტ სითბოს მოითხოვს და სიმშრალის ამტანია.

მცენარის ძირითადი მახასიათებლები

გულის გამოსავლიანობა 38-42 %
ნაყოფის ფორმა მოგრძო, ოვალური, ორივე

გვერდი შებრტყელებული

ნაყოფის სიდიდე ჯიშების მიხედვით:

38X18X13მმ

31X20X13მმ

34X21X17მმ

გემური თვისებები ჯიშების მიხედვით:

მწარე

მოტკბო

ცხიმის შემცველობა 46-55%
ნუშის სამრეწველო

ბაღების გაშენების

რეკომენდებული სქემა

ჯიშების მიხედვით:

6მ X 5მ

6მ X 4მ

1 ჰა-ზე მოსავლიანობა 3.2- 4.5 ტონა
სრულმსხმოიარობაში

შესვლის პერიოდი

6-7 წლის ასაკი

ნუში გვალვაგამძლე მცენარეა. იგი ძლიერ ფესვთა სისტემას ივითარებს,რომელიც ნიადაგში ღრმად ვრცელდება და საუკეთესო საშუალებაა ფერდობებისა და ქარისმიერი ეროზიისაგან ნიადაგის დასაცავად.

გვალვაგამძლეობითი თვისების გამო, ნუში შესაძლებელია, ისეთ ადგილებში გაშენდეს, სადაც სხვა კულტურების გაშენება შეუძლებელია. ჩვეულებრივი ნუში 4-8 მეტრის სიმაღლის, სინათლის მოყვარული, სიცხე და გვალვაამტანი, ადრემოყვავილე, ჯვარედინდამამტვერიანებელი მცენარეა.

ნუშის ფესვთა სისტემა ვერ იტანს წყლის დადგომას და ნიადაგში მის სიახლოვეს. ისეთ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლები 1-1,5 მეტრი სიმაღლეზეა, მცენარე ვერ ვითარდება და ხმება. თავისი ძლიერი ფესვთა სისტემით ნუში შესაძლებელია გაშენდეს ისეთ ადგილებში, სადაც სხვა კულტურების გაშენება გავრცელება შეუძლებელია.

ნუში ყინვაგამძლე მცენარეა, ზამთარში ღრმა მოსვენების პერიოდში, დაზიანების გარეშე შეუძლია, გადაიტანოს -23°C . უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეს ახასიათებს სწრაფი და ძლიერი აღდგენის უნარი, რაიმე მიზეზით დაზიანების ან ძლიერი გასხვლის შემდეგ. მცენარის ვარჯიან მრავალწლოვანი ტოტები სწრაფად აღდგება, მძინარე კვირტების წყალობით, რის შედეგადაც მოსავლიანობა 2-3 წლის შემდეგ კვლავ საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ნუშისათვის ყველაზე საზიანოა საგაზაფხულო ნაგვიანები წაყინვები. ყვავი-
ლობის 0 დასაწყისში ის იტანს ტემპერატურის – 3-4°C-მდე დაცემას, თუმცა ყვავილობის დამთავრების შემდეგ ტემპერატურის -1,5-2°C -მდე დაწევა მას აზიანებს და ანადგურებს.

ნუში გვალვაგამძლე მცენარედ მიიჩნევა, მაგრამ კომერციული ბაღების გაშენება ისეთ ადგილებში, სადაც საშუალო წლიური ნალექები 400 მმ-ზე ნაკლებია, შესაძლებელია მხოლოდ მორწყვით.

ნუში ვერ იტანს ჰაერის მაღალ ტენიანობას. მისი მოსავლიანობა უფრო მაღალია ისეთ ადგილებში, სადაც ფარდობითი ტენიანობა 35-40 %-ის ფარგლებშია. ნუშისათვის საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შემადგენლობისა და კარგი აერაციის მქონე კარბონატული ნიადაგები (კარბონატების შემცველობა 3-5 %), თუმცა მისი ნარგაობები გვხვდება თიხნარ, ხირხატიან და ქვაღორღიან ნიადაგებზეც. ნუშისათვის არახელსაყრელია მჟავე, მძიმე თიხნარი, წყალგაუმტარი და ნაკლები აერაციის ნიადაგები.

დამტვერვა

ნუშის ჯიშების უმეტესობა თვითსტერილურია და ჯვარედინ დამტვერვას მოითხოვს, ამიტომ ნუშის პლანტაციის გაშენებისას საჭიროა, მცენარეთა რაოდენობის მეხუთედი სხვა ჯიშის ნუშის ნერგებით შეივსოს. ყვავილების დამტვერვის გაუმჯობესების მიზნით ბაღში ათავსებენ ფუტკრის სკებს.

ნუშის აგროტექნიკა

ბაღის გასაშენებლად ნიადაგი უნდა მოიხნას ღრმად 50-60 სმ-ზე, ხვნა უნდა ჩატარდეს 30 სექტემბრამდე.

გადარგვის წინ ნიადაგს მოასწორებენ და მასში ორგანული სასუქები შეაქვთ. მარილიან ნიადაგებზე უნდა ჩატარდეს ჰიდროტექნიკურ-მელიორაციული ღონისძიებები. მაღალი მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია ნაკვეთისა და მიწის სწორად შერჩევა და მცენარეთა კვების არე. ძლიერი ზრდის ტიპებისათვის, ღრმა სახნავი ფენის ნიადაგებზე რეკომენდირებულია 7×8 მ, ხოლო ღორღიან ნიადაგებზე – 7×5მ. სუსტი ზრდის ან ატმის საძირეზე დამყნობილ ნერგებს რგავენ 6×5 მ ან 6×4 მ კვების არით.

ნუშის ნერგის დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ისე ადრე გაზაფხულზე. დასარგავ ორმოებს იღებენ 40-50 სმ სიღრმეზე. დარგვის წინ ორმოებში უნდა შევიტანოთ და კარგად ავურიოთ ორგანულ-მინერალური სასუქები.

დარგვის შემდეგ ნიადაგი უნდა მოიტკეპნოს, გაუკეთდეს ჯამები და მოირწყას.

უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ბაღის განოყიერება მინერალური და ორგანული სასუქებით.

მიუხედავად გვალვაგამძლეობისა, ურწყავ პირობებში ირღვევა მცენარეთა ზრდის რიტმი, სუსტდება მიწისზედა და მიწისქვეშა ორგანოების ზრდა-განვითარება, მცირდება მოსავლიანობა, უარესდება ხარისხი. ამიტომ კომერციული ბაღების პირობებში აუცილებელია მორწყვა. ნუშის სანაყოფე ნაზრდებს არ სჭირდება დამოკლება.

შემოდგომაზე ვარჯი უნდა გასუფთავდეს ჩახშირებული და დაზიანებული ტოტებისაგან, რათა გაუმჯობესდეს ვარჯის განათება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღების საწინდარია.

მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლა

ნუშს აზიანებენ როგორც მავნებლები, ისე სოკოვანი დაავადებები. კლასტეროსპოროზი აავადებს ნუშის ფოთლებს, ნაყოფებსა და ტოტებს. დაავადების პირველი ნიშნები ვლინდება გაზაფხულზე. ფოთლებზე ჩნდება პატარა ღია ყავისფერი ლაქები, მოწითალო არშიით. ლაქები მოგვიანებით ხმება, ფოთლიდან გადმოვარდება და მის ადგილას რჩება ნახვრეტი.

დაავადების წინააღმდეგ მცენარეს ამუშავებენ სპილენძშემცველი ან სხვა ფუნგიციდებით, კვირტების გაშლამდე ბორდოულის 3 % ხსნარით, ხოლო შემდეგ პერიოდში სპილენძის ქლორჟანგით, კუპროქსატით, იტალიური ბორდოთი, ციხომითა და ა.შ 0,4-0,5 % ხსნარით. ატმის დიდი ბუგრი ნუშის კულტურაზე საკმაოდ გავრ ელებული მავნებელია. იგი აზიანებს შტამბს, ფოთლებსა და ნორჩ ყლორტებს. დაზიანებული ფოთლები იხვევა და იჭმუჭნება, ყლორტები ჩამორჩება ზრდაში. ბუგრებით დაზიანებული ყლორტების რაოდენობა ქვედა იარუსზე უფრო მეტია, ვიდრე ზედაზე.

ბუგრები  პირველად აპრილის მეორე ნახევარში ჩნდება, მათი რაოდენობა თანდათან იზრდება და ივნისის პირველ დეკადაში მაქსიმუმს აღწევს. შემდეგ მათი რიცხოვნება მცირდება.

ბუგრების წინააღმდეგ მცენარეებს ამუშავებენ სხვადასხვა ინსექტიციდებით.

პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან აუცილებელია დაავადებული, დაზიანებული, გამხმარი ნაწილების (ტოტები, ღეროები, ნაყოფები, ფოთლები) შეგროვება და დაწვა, შტამბის ჩამოფხეკა, კირიანი ხსნარის წასმა, მცენარეების დროული გასხვლა, ანასხლავის დაწვა, გადანაჭრებზე ბაღის მალამოს წასმა.

ნუში საქართველოში აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის პირველ ნახევარში მწიფდება.