აგროსიახლეები

მეგრული რუხი ფუტკარი აგრობიომრავალფეროვნების ცოცხალი საგანძურია

ქართული მთის რუხი ფუტკრის ადგილობრივი გენეტიკური რესურსის შენარჩუნება მხოლოდ მეფუტკრეობის განვითარებას არ უკავშირდება, ეს ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით ახალი პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგა: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის ხუთი ოჯახი გადასცა.

ფუტკრის ოჯახები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ ადგილზე განთავსდა. ინიციატივა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, ადგილობრივი ფუტკრის პოპულარიზაციას, სამეცნიერო დაკვირვებას, საგანმანათლებლო საქმიანობასა და მცენარეთა დამტვერვის პროცესის ხელშეწყობას.

ბოტანიკური ბაღის სივრცეში ფუტკრის ოჯახების არსებობა ვიზიტორებისთვის, მოსწავლეებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის შესაძლებლობას ქმნის, ფუტკრის ცხოვრების ციკლს, ქცევას და ეკოსისტემაში მის მნიშვნელობას უშუალოდ ბუნებრივ გარემოში გაეცნონ.

ფუტკრის როლი მხოლოდ თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებით არ შემოიფარგლება. დამტვერვა მცენარეთა გამრავლებისა და მოსავლიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, ამიტომ ბოტანიკურ ბაღში განთავსებული სკები მცენარეთა მრავალფეროვან კოლექციებთან კიდევ ერთ საინტერესო ეკოლოგიურ კავშირს ქმნის.

ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენის, შენარჩუნებისა და გავრცელების სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე 2017 წლიდან მიმდინარეობს.

როგორც ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე აღნიშნავს, ამ საქმიანობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი საგანმანათლებლო და შემეცნებითი დატვირთვაც, რათა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ბუნებრივ გარემოში უკეთ გაიცნონ ფუტკრის ცხოვრება და მისი როლი მცენარეთა სამყაროში.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფუტკრის ოჯახების განთავსება ამ მიმართულებით პრაქტიკული გაგრძელებაა. აქ შესაძლებელია არა მარტო ფუტკრის კოლონიებზე დაკვირვება, არამედ მათი ურთიერთკავშირის შესწავლაც ბაღის მრავალფეროვან მცენარეულ გარემოსთან.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი კვლევები მოიცავს ფუტკრის ქცევით თავისებურებებს, ადგილობრივი თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის პერიოდებსა და ბოტანიკურ ბაღში არსებული მცენარეების დამტვერვის პროცესში ფუტკრის ეფექტიანობის შესწავლას.

ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ბოტანიკური ბაღი მრავალფეროვანი მცენარეული კოლექციის მქონე სივრცეა. შესაბამისად, აქ შესაძლებელია ფუტკრისა და სხვადასხვა მცენარის ურთიერთქმედებაზე სისტემატური დაკვირვება და შესაბამისი მონაცემების დაგროვება.

თანამშრომლობა საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების შესწავლა-შენარჩუნების, ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების კოლექციების შექმნის, ასევე პრაქტიკული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული.

ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის ბოტანიკურ ბაღში გადატანა მხოლოდ ხუთი ფუტკრის ოჯახის განთავსება არ არის. თუ დაგეგმილი კვლევები სისტემატურად განხორციელდება და მიღებული მონაცემები პრაქტიკაში გამოიყენება, ეს პროექტი შეიძლება ადგილობრივი ფუტკრის გენეტიკური რესურსის შენარჩუნების, სამეცნიერო კვლევისა და საზოგადოებისთვის აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გაცნობის ერთიან პლატფორმად ჩამოყალიბდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ფუტკრის დაცვა მეფუტკრეობის ფარგლებს გასცდეს და ქვეყნის ბუნებრივი და სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემების დაცვის საერთო პროცესის ნაწილად იქცეს.