დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები

საქართველოში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში 19 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და მიკროზონაა დარეგისტრირებული. რეესტრში რეგისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნული დასახელებების დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელსაც საქართველო ან მიერთებულია, ან ხელი აქვს მოწერილი.

დღემდე დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში 18 დასახელების ღვინოა რეგისტრირებული. ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ბოლნისი“ დაემატა.

“ატენი” (“ატენური”) _ უმაღლესი ხარისხის თეთრი ცქრიალა ღვინოა. ის ხასიათდება ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ენერგიული თამაშით. მზადდება ჩინურისა და გორული მწვანის ყურძნისაგან, აგრეთვე, რეკომენდირებულია ალიგოტეს ჯიშის ყურძენი.

მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 620 მეტრიდან 750 მეტრამდე სიმაღლის ფარგლებში და მოიცავს სოფლებს: პატარა ატენს, გარდატენს და დიდ ატენს.

„ახაშენი“ _ ახაშენი ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, ჰარმონიული, ხავერდოვანი, სრული, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან.

მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 350-700 მეტრის სიმაღლის ფარგლებში არსებულ ფართობებზე და მოიცავს სოფლების: ახაშენის, ჩუმლაყის ტერიტორიის შუა და ზედა ნაწილს, ფაფრის მინდვრების მასივს.

„გურჯაანი“ _ ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება. ღვინო “გურჯაანი” ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, ჯიშური არომატით და განვითარებული ბუკეტით.

მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და ალაზნის დაბლობს.

„ვაზისუბანი“ _ უმაღლესი ხარისხის მშრალი თეთრი ღვინო. მზადდება რქაწითელისა (85%) და კახური მწვანეს (15%) ყურძნისაგან. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხალისიანი, განვითარებული ბუკეტით, ყვავილების ტონებით. მიკროზონა ვრცელდება შემდეგ სოფლებზე: ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი და ვაჩნაძიანი.

„თელიანი“ _უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო, რომელიც მზადდება კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით,  სუფთა ჯიშური არომატით, პიკანტური, ჰარმონიული, განვითარებული ბუკეტით.

სავენახე ფართობები გავრცელებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და მოქცეულია მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადებს: კისისხევსა და ვანთისხევს  შორის.

„კარდენახი“ _ უმაღლესი ხარისხის თეთრი შემაგრებული ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის, ხიხვის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან.

ხასიათდება ქარვისფერი, ჯიშური არომატით, თაფლის ტონებით, ჰარმონიულობითა და ზომიერი ექსტრაქტულობით. მევენახეობის სპეციფიკური ზონა “კარდენახი” მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.

„კახეთი“ _ თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო „კახეთი” ხასიათდება ქარვისფერი შეფერვით, ხილის არომატით, სასიამოვნო სიმწკლატით, ხავერდოვნებით და ჰარმონიულობით.

მევენახეობის სპეციფიკური ზონა მდებარეობს მდინარეების ალაზნისა და იორის აუზში.

„მანავი“ _ უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება კახური მწვანეს ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე რქაწითელის ჯიშის ყურძნის გამოყენება. ღვინო “მანავი” ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფრამდე, მომწვანო ელფერით, გემოზე ნაზი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხალისიანი. ხილის ტონებით, ჯიშური არომატით, განვითარებული ბუკეტით.

მიკროზონა მოიცავს შემდეგ სოფლებს: თოხლიაური, მანავი, ბურდიანი, გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი და ვერხვიანი.

„მუკუზანი“ _  უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო. ხასიათდება ბროწეულისფერი შეფერვით. გემოზე სრული, ჰარ­­­მო­­ნიული, ხავერდოვანი და დახვეწილია, გამოხატული ჯიშური სპეციფიკური არომატით და მაღალი ექსტრაქტით. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან.

მოიცავს სოფლებს: მუკუზანი, ზეგაანი, ჩუმლაყი, ახაშენი, ველისციხე, ვაზისუბანი, შაშიანი, კალაური, შრომა და კახიფარის ტერიტორიებს.

„ნაფარეული“ (წითელი) _ უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა. ღვინო მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტული, ხავერდოვანი, განვითარებული ბუკეტით.

ნაფარეული” (თეთრი) _ უმაღლესი ხარისხის მშრალი თეთრი ღვინოა. მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე სასიამოვნო, ხალისიანი, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტით და მინდვრის ყვავილების ტონით.

მოიცავს სოფლებს: ნაფარეული, სანიორე, ჯუგაანი, არტანა, ფშაველი და ლალისყური.

„სვირი“ _უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. მზადდება ცოლიკოურისა და ციცქას ჯიშის ყურძნისაგან, აგრეთვე, რეკომენდირებული ჯიშია კრახუნა.

ღვინო “სვირი” ხასიათდება მუქი ჩალისფერით მოყვითალო ელფერით, ხილის ტონებით, განვითარებული ბუკეტით, ექსტრაქტულობით და ჰარმონიულობით.

მოიცავს ქვემო იმერეთის სოფლებს: პირველი სვირი, მეორე სვირი, როდინაულის ადმინისტრაციული საზღვრებს.

„ტვიში“ _ უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფერამდე შეფერვით, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და სასიამოვნო სიტკბოთი.

მოიცავს სოფლებს: ტვიშსა და ალპანას.

„ტიბაანი“ _ უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება მუქი ქარვისფერით, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტით, ექსტრაქტულობით, ხავერდოვნებით და ქიშმიშის ტონებით.

მოიცავს სოფლებს: ტიბაანი, ქვემო მაჩხაანისა და ძველი ანაგის ნაწილს.

„ქინძმარაული“ _ უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.

მოიცავს ქინძმარაულისა და ყვარლის ადმინისტრაციულ ტერიტორიას:  შილდას, ენისელს, საბუეს, გრემისა და შაქრიანის შუა და ზედა ნაწილებს, სანავარდოს და ა.შ.

„ყვარელი“ _ უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტულობით, ჰარმონიულობით, განსაკუთრებული ბუკეტით.

მოიცავს სოფლებს: კუჭატანი, გავაზი, ჭიკაანი, ახალსოფელი და მთის ძირი.

„წინანდალი“ _ უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინო ,,წინანდალი’’ მზადდება რქაწითელის და კახური მწვანე ჯიშების ყურძნიდან. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმო­ნიული, სრული, დახვეწილია, განვითარებული ბუკეტით, ჯიშური არომატით.

მოიცავს შემდეგ სოფლებს:აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი, გულგულა, იყალთო, რუისპირი.

„ხვანჭკარა“ _ უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.

ხვანჭკარის” მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ზოგიერთ წლებში “ხვანჭკარის” ღვინომასალის მიღება შესაძლებელია ცაგერის რაიონის სოფლებში _ ალპანასა და ორბელში.

„კოტეხი“ _ თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები. თეთრი ღვინო მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთი. წითელი ღვინო მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, ხასიათდება წითელი ფერით, ჯიშური არომატით, ნაზი, ხავერდოვანი გემოთი. მევენახეობის სპეციფიკური ზონა მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე.

„ხაშმის საფერავი“ _  წითელი, მშრალი ღვინოა. „ხაშმის საფერავი“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ხაშმის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნიდან. მუქი წითელი, შეფერილობის, არომატი და გემო – უზადო, მიკრობიოლოგიურად ჯანსაღი, სხეულიანი, ხავერდოვანი და ჰარმონიული, მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატით;

„ბოლნისი“ _ „ბოლნისი“ − მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი. ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი – ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ნიადაგების მრავალფეროვნება, რქაწითელის, ჩინურის, გორული მწვანეს, საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს, ასურეთული შავის ჯიშების ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „ბოლნისის“ განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს.

წყარო: laboratorium.ge