ვაზის ძირითადი სახეობების აღწერა, კლასიფიკაცია და წარმოშობის კერები
ვაზი ეკუთვნის ვაზისებრთა ოჯახს (Vitacea lindl.), რომელიც 600 სახეობას მოითვლის. ამ სახეობების უმეტესობა არის ველურად მოზარდი და გავრცელებულია ზომიერ, თბილ და ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. ამ სახეობებიდან მხოლოდ რამდენიმე არის შემოტანილი კულტურაში და გამოიყენება დეკორატიული ან სამეურნეო მიზნით. ვაზისებრთა ოჯახში შედის 11 გვარი, რომელთა შორის ყველზე ცნობილია ვიტისი ((vitis). ამ გვარს ეკუთვნის ყველა სახეობა, რომელიც გამოიყენება კულტურაში.
ვაზისებრთა ოჯახიდან მხოლოდ 20 სახეობა გამოიყენება კულტურაში, როგორც ნაყოფის მომცემად, ასევე საძირეებად. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ვიტის ვინიფერა (ევრაზიული სახეობა). თითქმის ყველა ჯიში, რომელიც იძლევა სუფრის ყურძნად თუ საღვინე მასალად გამოსაყენებელ მოსავალს, ეკუთვნის ვიტის ვინიფერას სახეობას. ამ სახეობის ვაზის ჯიშები ამჟამად გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც კი მისდევენ მევენახეობას. მაგრამ არქეოლოგიური, ისტორიული და ლინგვისტური გამოკვლევებით დადგენილია, რომ ამ სახეობის პირველადი სამშობლო არის საქართველო და მისი მიმდებარე ტერიტორია. ახლო აღმოსავლეთში მისი შემდგომი გავრცელების უძველესი არეალებია: შუა აზია, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, ჩრდილო აფრიკა და სხვა.
დღეისათვის, მეცნიერების მიერ კულტურული და ველური ვაზი განიხილება როგორც ერთი სახეობა ორი ქვესახეობით: ველური ვაზი სილვესტრის (ssp. silvestris Gmel) და კულტურული – სატივა (ssp. sativa d. C).
ევროაზიური სახეობა ხასიათდება ფოთლის, მტევნის, მარცვლის დიდი ცვალებადობით. ისინი ვერ უძლებენ ფილოქსერას და სოკოვან დაავადებებს. თუმცა ზოგიერთი ჯიში გამოირჩევა შედარებით გამძლეობით.
განსხვავება ველურ და კულტურულ ფორმებს შორის შემდეგია: ველური ვაზი საკმაოდ ერთგვაროვანია, განსაკუთრებით მტევნებისა და მარცვლების მიხედვით, ხოლო კულტურული ვაზი მეტად ცვალებადია. კულტურულ ვაზს აქვს ორსქესიანი ან ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილი. ველურ ვაზს კი – მამრობითი ან ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები. ველური ვაზი ფართოდ არის გავრცელებული როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რაიონებში, განსაკუთრებით კი შავი ზღვის სანაპირო ზოლში, მდინარეთა ხეობებში და ჭალის ტყეებში. გავრცელების ზემო საზღვარი ზღვის დონიდან 1200 მეტრია.
ვაზის კულტურული ჯიშების კლასიფიკაცია ჩაატარა პროფ. ნეგრულმა. მისი კლასიფიკაციით, ვაზის ჯიშები სამ ჯგუფად გაიყო: აღმოსავლეთის ვაზის ჯიშების ჯგუფი (Orientalis Negr), შავი ზღვის აუზის (Pontika Negr) და დასავლეთ ევროპული (Ocidentalis Negr).
აღმოსავლეთის ჯგუფის ჯიშები გავრცელებულია შუა აზიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე ირანში, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ეს ჯიშები ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: ფოთოლი შიშველია ან ჯაგრისებურად შებუსული, მტევანი დიდი, ხშირად დატოტვილი, მარცვალი საშუალო ან მსხვილი, ოვალური, კვერცხისებრი, შებრუნებული კვერცხისებრი, მოგრძო, ხორციანწვნიანი, ან კნატუნა რბილობით, უმეტესი მარცვალი თეთრია ან ვარდისფერი, წიპწა მსხვილია, მოგრძო ნისკარტით. შავი ზღვის აუზის ჯიშთა ჯგუფი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, მოლდავეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და თურქეთში. ამ ჯგუფს ახასიათებს შემდეგი ნიშნები: ფოთლის ქვედა მხარეს აქვს შერეული აბლაბუდისებრი და ჯაგრისებრი შებუსვა. მტევანი საშუალო ზომისაა, მკვრივია, იშვიათად მეჩხერი, მარცვალი მრგვალი, იშვიათად ოვალური, საშუალო ზომის, წვნიანი რბილობით, შავი ან თეთრი შეფერვით, იშვიათად ვარდისფერი, წიპწა საშუალო.
ეს ჯიშები წარმოიშვნენ ადგილობრივი ველური ფორმებისაგან ხელოვნური შერჩევის გზით.
ამ ჯიშების უმრავლესობა საღვინე მიმართულებისაა. გვხვდება საღვინესასუფრე და იშვიათად, სასუფრე ყურძნის მიმართულებაც.
დასავლეთ ევროპის ჯგუფის ჯიშები გავრცელებულია საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. თითოეულ ამ რეგიონში არის ადგილობრივი ჯიშები. ბევრი მათგანი გავრცელებულია სხვა ქვეყნებშიც. ეს ჯიშები ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: ფოთოლი ქვედა მხარეს შებუსულია აბლაბუდისებრად. ფოთლის ნაპირები დახრილია ქვემოთ. მტევანი პატარაა, მკვრივია, ცილიდრული ან კონუსური წიპწა (მარცვლები), წვრილი, მოკლე ნისკარტით.
ეს ჯიშები წარმოიშვნენ ადგილობრივი ველური ვაზისაგან. მორფოლოგიური ნიშნებით ისინი ძლიერ ახლოს არიან მასთან.
ყველა ეს ჯიში საღვინე მიმართულებისაა. უკანასკნელ პერიოდში გენეტიკური კვლევის უპირველესი მეთოდების გამოყენებამ, აკად. თ. ბერიძის, პროფ. ვ. ტაბიძის და სხვათა გამოკვლევებმა დაადგინეს დასავლეთ ევროპის ჯიშების ახლო გენეტიკური მსგავსება ქართულ ჯიშებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპაში ჯიშებს საფუძვლად ქართული ვაზის გენოფონდი უდევს.
ანა გოდაბრელიძე,
ვაჟა გოცირიძე,
„მევენახეობა“