დარგებიმეთევზეობასტატიები

ოკეანის მკვლევრი ზვიგენები – როგორ სწავლობენ მეცნიერები წყლის ჟანგბადით გაღარიბებას

კლიმატის ცვლილება და ადამიანის სამეურნეო საქმიანობა მსოფლიო ოკეანეში ჟანგბადის შემცირებას აჩქარებს. ამ პროცესის შესასწავლად ბრიტანელი და პორტუგალიელი მეცნიერები უჩვეულო მეთოდს იყენებენ, ლურჯ ზვიგენებს ჟანგბადის საზომი სენსორებით აღჭურვავენ და მათ გადაადგილებას აკვირდებიან.

ოკეანის წყალში ჟანგბადის შემცირება, რომელსაც დეოქსიგენაციას უწოდებენ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა შედარებით ნაკლებად შესწავლილი ეკოლოგიური პრობლემაა.

ჟურნალ Science-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ოკეანის დათბობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შედეგი სწორედ წყალში ჟანგბადის შემცირება შეიძლება გახდეს.

პროცესს მხოლოდ წყლის ტემპერატურის მატება არ განაპირობებს. მას ადამიანის სამეურნეო საქმიანობაც აჩქარებს. სოფლის მეურნეობიდან ჩამდინარე წყლები, სინთეზური სასუქების ნარჩენები და საყოფაცხოვრებო დაბინძურება წყალს ჭარბი საკვები ნივთიერებებით ამდიდრებს. შედეგად, წყალმცენარეები და მიკროორგანიზმები ინტენსიურად მრავლდებიან, მათი დაშლის პროცესში კი დიდი რაოდენობით ჟანგბადი იხარჯება.

ამასთან, თბილ წყალში ჟანგბადის შემცველობა ბუნებრივად უფრო დაბალია, ვიდრე ცივ წყალში. შესაბამისად, მისი აღდგენა და წყლის ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება რთულდება.

როგორ ემუქრება ჟანგბადის დეფიციტი ზღვის ბიომრავალფეროვნებას?

იუნესკოს მონაცემებით, ჟანგბადის სათანადო შემცველობა აუცილებელია ზღვის ეკოსისტემების ნორმალური ფუნქციონირებისა და საზღვაო ორგანიზმების სიცოცხლისთვის. მისი შემცირება აფერხებს წყლის ბინადართა განვითარებას, ზრდის დაავადებების რისკს, ცვლის მათ ქცევას და ზრდის სიკვდილიანობას. საფრთხე ექმნება როგორც თევზებს, ისე მოლუსკებსა და კიბოსნაირებს.

განსაკუთრებით მძიმე შედეგები ჟანგბადით ღარიბ ე.წ. მკვდარ ზონებში ვითარდება. ასეთ ადგილებში წყალმცენარეები მასობრივად მრავლდება, შემდეგ კი მათი დაშლისას მიკროორგანიზმები წყალში არსებულ ჟანგბადს ინტენსიურად მოიხმარს. შედეგად, წარმოიქმნება გარემო, სადაც ზღვის ცხოველებს გადარჩენა უჭირთ. ზოგჯერ ჟანგბადის დეფიციტი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ კიბორჩხალები, ზღვის ვარსკვლავები და თევზები გაქცევასაც ვერ ასწრებენ.

ასეთი პრობლემები წლების განმავლობაში ფიქსირდება მექსიკის ყურესა და ბალტიის ზღვაში, სადაც სასოფლო-სამეურნეო ჩამონადენით გამოწვეული წყლის დაბინძურება წყალმცენარეების მასობრივ გამრავლებას უწყობს ხელს.

იუნესკოს მონაცემებით, 1960-იანი წლებიდან ოკეანეში დაბალი ჟანგბადის შემცველობის მქონე წყლების ფართობი დაახლოებით 2,8 მილიონი კვადრატული მილით გაიზარდა. მსოფლიოს სანაპირო ზონებში მეცნიერებს ჟანგბადის შემცირების 500-ზე მეტი კერა აქვთ გამოვლენილი.

საფრთხე მეთევზეობისა და აკვაკულტურისთვის

წყალში ჟანგბადის შემცირება მხოლოდ საზღვაო ბიომრავალფეროვნების პრობლემა არ არის. ის პირდაპირ აისახება მეთევზეობაზეც. როდესაც თევზები ჟანგბადით ღარიბ ზონებს გაურბიან, იცვლება მათი გავრცელების არეალი და გადაადგილების მარშრუტები. შედეგად, შესაძლოა შემცირდეს ტრადიციულ სათევზაო ადგილებში არსებული რესურსები და მეთევზეებს საქმიანობის გადატანა სხვა ტერიტორიებზე მოუწიოთ.

განსაკუთრებული საფრთხე ექმნება აკვაკულტურას. გალიებსა და ბადეებში მოთავსებულ თევზებსა და კიბოსნაირებს ჟანგბადით მდიდარ წყალში გადასვლის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. ამიტომ ჟანგბადის დეფიციტის პერიოდებში მათი მასობრივი დაღუპვის რისკი იზრდება.

აშშ-ის ორეგონის სანაპიროზე ეს პრობლემა უკვე პრაქტიკულ გამოწვევად იქცა. 2002 წელს მეთევზეებმა წყლიდან ამოღებულ ხაფანგებში ჟანგბადის უკმარისობით დაღუპული კიბორჩხალები აღმოაჩინეს. თავდაპირველად შემთხვევა ერთჯერად მოვლენად მიიჩნიეს, თუმცა მოგვიანებით მეცნიერებმა ამ სანაპიროზე ე.წ. „ჰიპოქსიის სეზონზე“ დაიწყეს საუბარი. ჟურნალ Science-ის ცნობით, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ორეგონის სანაპიროზე წყალში ჟანგბადის შემცველობა დაახლოებით 30%-ით შემცირდა.

ლურჯი ზვიგენები – ბუნებრივი მკვლევრები

პრობლემის უკეთ შესასწავლად ბრიტანელი და პორტუგალიელი მეცნიერების ჯგუფი კანარის კუნძულების მიმდებარე წყლებსა და მაროკოს სანაპიროსთან მუშაობს. ამ რეგიონში ჟანგბადის შემცირების ბუნებრივი პროცესები მკვლევრებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ, როგორ რეაგირებენ ზღვის ცხოველები ასეთ გარემოზე.

მეცნიერები იჭერენ ლურჯ ზვიგენებს და მათ სპეციალური სატრეკინგო მოწყობილობებით აღჭურვავენ. სენსორები წყალში ჟანგბადის შემცველობის შესახებ მონაცემებს აგროვებს, ხოლო ზვიგენების გადაადგილების თვალთვალი მკვლევრებს საშუალებას აძლევს, დიდი საზღვაო სივრცის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

პირველადი დაკვირვებებით გამოვლინდა, რომ ლურჯი ზვიგენები აფრიკის სანაპიროსთან ჟანგბადით ღარიბ წყლებში გადაადგილდებიან, შემდეგ კი უფრო ჟანგბადით მდიდარ კანარის კუნძულების მიმდებარე წყლებს უბრუნდებიან.

საზღვაო ბიოლოგ დევიდ სიმსის ვარაუდით, ჟანგბადით ღარიბი ზონა ერთგვარი ბუნებრივი ბარიერის ფუნქციას ასრულებს. ის შესაძლოა თევზებსა და სხვა მსხვერპლს ჟანგბადით მდიდარ, ზედაპირულ წყლებში გადაადგილებას აიძულებდეს, რაც ზვიგენებისთვის საკვების მოპოვებას აადვილებს.

თუმცა ამ მოსაზრების დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო. მეცნიერებმა უფრო ზუსტად უნდა შეისწავლონ, როგორ იცვლება ზვიგენების აქტივობა და ფიზიოლოგიური მდგომარეობა ჟანგბადის დაბალი შემცველობის მქონე წყლებში.

რატომ არის კვლევა მნიშვნელოვანი?

ლურჯი ზვიგენების გადაადგილების შესწავლა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ, როგორ რეაგირებენ მსხვილი საზღვაო მტაცებლები ოკეანის ეკოლოგიურ ცვლილებებზე. ასეთი დაკვირვებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზღვის ბინადართა დაცვისთვის, არამედ მეთევზეობისა და აკვაკულტურის მომავალი რისკების შესაფასებლადაც.

კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება. ზვიგენების დაჭერა და სპეციალური სენსორებით აღჭურვა რთული პროცესია, რასაც ამ სახეობის მიმართ თევზჭერის ზეწოლაც ართულებს.

ოკეანეში ჟანგბადის შემცირება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობისა და სხვა სამეურნეო დარგების გარემოზე ზემოქმედება მხოლოდ ხმელეთით არ შემოიფარგლება. სასუქებისა და სხვა დამაბინძურებლების წყალში მოხვედრის შემცირება მნიშვნელოვანი პირობაა ზღვის ეკოსისტემების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის მდგრადი განვითარებისთვის.

მომზადდა ჟურნალ Science-ის მასალის მიხედვით