67 წლის ინჟინერი ფერმერის წარმატების ფორმულა _ „პროფესიის შეცვლა გვიანი თურმე არასოდეს ყოფილა“
_ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. თუ ახლა მოზარდებს მხოლოდ წიგნთან ურთიერთობას ასწავლიან, მაშინ მიწასთან ურთიერთობასაც მასწავლიდნენ სახლში. ღრმა ბავშვობიდან მიტაცებდა სოფლის მეურნეობა, თუმცა სკოლის დამთავრების შედეგ სწავლა საინჟინრო სასწავლებელში განვაგრძე და შემდეგ პროფესიით 20 წელი ვიმუშავე _ მოგივითხრობს ზუგდიდის სოფელ ნარაზენის მკვიდრი 67 წლის ინჟინერი, ამჟამად ფერმერი დავი თოდუა.
ადრე შემოსავალი იმდენი მქონდა, რომ ოჯახს თავისუფლად ვარჩენდი თუმცა, საკარმიდამო მიწის ნაკვეთს უფუნქციოდ მაინც არ ვტოვებდი. ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები გავაშენე და ნატურალური პროდუქტი მომყავდა.
შემდეგ პროფესიისთვის თავის დანებება მომიწია. რადგან დასაქმება ქვეყანაში პრობლემა იყო, ჩემი თაობა ცდილობდა სხვაგან წასულიყო და სახლ-კარი მიეტოვებინა. მუშაობისთვის თავის დანებება შემოსავლებზე აისახა, დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, გავარკვიე, რომ კენკროვანი კულტურა იმ ადგილებში კარგად ხარობს, სადაც ადრე ჩაის პლანტაციები იყო.
მოგეხსენებათ ნარაზენის ჩაი ცნობილი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. ჯერ სახლთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე გავაშენე მოცვი, როცა მოსავალმა გამაკვირვა, გადავწვიტე ბიზნესი გამეფართოვებინა. პირველი გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა გავიგე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „დანერგე მომავალის” შესახებ. 2017 წელს პროექტის დახმარებით და თანადაფინანსებით 5 ჰექტარზე გავაშენე მოცვი, იმდენად კარგად გაიხარა, წლეულის კიდევ 5 ჰექტარი დავამატე და ახლა მოცვის პლანტაცია 10 ჰექტარზე მაქვს გაშენებული.
წარმატების ფორმულა
ნებისმიერ საქმეს, რომელსაც იწყებ, სწორად დაგეგმარება და დიდი შრომა სჭირდება. როცა პირველი მოსავლის შედეგი მივიღე, მოტივაცია ამიმაღლდა. შესაბამისად ბიზნესის გაფართოებისკენ დავიწყე ზრუნვა, რაც, რა თქმა უნდა, შრომის გაორმაგებას ნიშნავდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. გამოცდილებამ ცოდნა მომიტანა, თან ბევრს ვკითხულობდი. ფაქტობრივად შიშველი ხელებით დავიწყე ახალი საქმე
ნახევარი საუკუნე გავლილმა კაცმა. თანდათან ყველაფერი კარგად შევისწავლე და ეს საქმე ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროდ ვაქციე. ახლა რომ ვუყურებ პლანტაციას ბედნიერი ვარ. შვილიშვილებიც ავიყოლიე და მეხმარებიან.
ერთი ნერგი დაახლოებით 400-500 გრამს ნაყოფს ისხამს, ჯამში ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჰექტარზე 4 ტონა მოსავალი უნდა მომივიდეს. ფასები მოგეხსენებათ მაღალია და მოთხოვნაც დიდია. ერთი კილო 14 – 16 ლარი ღირს. თან ჯერ ახალი ნერგებია _ 2 წლის.
რჩევა დამწყებთათვის: ნახევარსაუკუნე გამოვლილი ინჟინერი, ფერმერი გავხდი. არაფერი დავიზარე. ყველა ნერგი ისე დავრგე, რომ ფესვის ყელი ნიადაგის ქვემოთ არის მოქცეული, რადგან მასწავლეს, ნერგი იმ სიღრმეზე უნდა ჩაირგოს, რა სიღრმეზეც იზრდებოდა სანერგეში ან ქოთნებში. თუ შრომას არ დაიზარებთ, შედეგი არ დააყოვნებს.
ნიკა ლატარია
წყარო: sputnik-georgia.com