როგორ მოვიშოროთ წითელი ღვინის ლაქა
ალბათ, არ არსებობს ამქვეყნად ერთი ადამიანიც კი, წითელი ღვინო გაქათქათებულ პერანგზე ან სვიტერზე ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ არ გადასხმოდეს.
განსაკუთრებით მტანჯველია, მნიშვნელოვან შეხვედრაზე რომ აგვიანებთ და თითქოს საგანგებოდ, წითელ ღვინოს რომ გადაისხამთ ხოლმე სპეციალურად ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის შერჩეულ ტანსაცმელზე.
ამიტომ ამ ბლოგში აგიხსნით, თუ როგორ გათავისუფლდეთ ყველაზე უფრო ეფექტურად წითელი ღვინის ლაქებისგან თქვენს ტანსაცმელზე და მაგიდის გადასაფარებელზე.
რაც უფრო ახალია ლაქა, მით უფრო იოლია მისი მოშორება.
არ სცადოთ ლაქის მოშორება უცნაური „დამხმარე საშუალებების“ (პილპილის ან საჭმლის სოდის) მეშვეობით. გახსოვდეთ: რაც უფრო აგრესიულად “უმკურნალებთ” ლაქას, მით უფრო გაიდღაბნება ის და საბოლოოდ მით უფრო გართულდება მისი მოშორება.
წყლის შემცველი ლაქები (რასაკვირველია, წითელი ღვინოც შეიცავს წყალს) იოლად სცილდება წყლის მეშვეობით.
არსებობს სპეციალური სპრეი, რომელიც გვეხმარება წითელი ღვინის ლაქების მოშორებაში.
ძალიან რთულია ცხიმიანი ლაქებისგან გათავისუფლება. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენმა მცდელობამ ქსოვილის სტრუქტურა არ დააზიანოს.
ყველაზე რთული არის სწორედ ცხიმოვანი ლაქა. ასეთი ლაქების მოსაშორებლად ქიმწმენდა ხშირად სამწუხაროდ ერთადერთი გამოსავალია.
წითელი ღვინის ლაქებს რაც შეეხება, ამ ლაქების მოსაშორებლად კარგია არა სოდა ან პილპილი, არამედ სუფრის მარილი.
შეეცადეთ, მარილი რაც შეიძლება მალე დაიყაროთ ლაქაზე.
მოაბნიეთ ლაქაზე მარილი, ხოლო შემდეგ გამოიყენეთ ბევრი წყალი.
ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა მაგიდის ბამბისგან დამზადებული გადასაფარებლიდან ლაქების მოსაშორებლად 70-90 გრადუსია ცელსიუსის სკალით. სწორედ ამ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს გადასაფარებელი ისეთი სარეცხი საშუალებით, რომელიც ლაქების ამოსაყვანად გამოდგება.
თუ წითელი ღვინო აბრეშუმის სვიტერზე ან პერანგზე დაგესხათ, 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა რეკომენდებული არ არის.
ბამბა და აბრეშუმი ყველაზე ცუდია ლაქების მოსაშორებლად და ამიტომ ამ მასალებისგან დამზადებულ ტანსაცმელთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ლაქის მოსაშორებლად გამიზნულმა ჩვენმა მცდელობამ შეიძლება ტანსაცმელს ლაქის ადგილას საკუთარი ფერიც გაუქროს ან გაუხუნოს.
ყურადღებით დააკვირდით ეტიკეტს. გახსოვდეთ, განსხვავებული მასალებისგან (მაგ. ბამბა და შალი) დამზადებული ტამსაცმელი განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.
დავით ჩუთლაშვილი
წყარო: allwine.ge