ბლოგიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

წყალბადის ზეჟანგის და ოზონ-აირის ორგანულ მეღვინეობაში, საღვინე ჭურჭლის და დამხმარე იარაღბის სადეზინფექციო საშუალებად გამოყენების ეფექტიანობა

        იყო დრო, ალბათ, როცა ღვინოს მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებად იყენებდნენ, მოგვიანებით კი მან საკვების ფუნქციაც შეიძინა. რაც შეეხება ღვინოს, როგორც ლხინისა და თრობის საშუალებას ის, ასეთად ალბათ ყოველთვის გამოიყენებოდა, რადგან, როგორც ბილია მოგვითხრობს, ნოემ წარღვნის შემდეგ თავისივე გაშენებული ვაზიდან დაყენებული ღვინო, შესვა და დაითრო…

ღვინოს ყველა ზემოთ აღნიშნული ფუნქციის შესრულება მაშინ შეუძლია თუ ის, შესაბამისი ტექნოლოგიითაა დაყენებული, მაგ. სამკურნალწამლოდ განკუთვნილი ღვინო, პირველ რიგში, ყურძნის ქიმიური ნივთიერებებით უნდა იყოს გაჯერებული, მაღალი სპირტშემცველობა კი მისთვის საჭირო არ არის. სხვათაშორის, დღეს, თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიების დახმარებით უკვე დაიწყეს უალკოჰოლო ღვინოების დამზადება, ასეთ ღვინოებს ალკოჰოლი საერთოდ არ აქვთ, რაც შეეხება დანარჩენ კომპონენტებს ისინი, უკლებლივაა შენარჩუნებული, ანუ არის ბავშვების სასმელი ღვინოები, რომლებსაც მხოლოდ სამკურნალწამლო დანიშნულება ექნებათ. რაც შეეხება სუფრაზე გამოსაყენებელ ღვინოებს, მათთვის მაღალი სპირტშემცველობა, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.

რაც შეეხება ქიმია-ბიოლოგიურ სისუფთავეს ეს, ყველა ღვინოს ერთნაირად მოეთხოვება, ანუ ყველა მათგანი, ნატურალურ-ორგანული უნდა იყოს. სამწუხაროდ, დღეს არაორგანული სასუქებისა და ასობით სახის პესტიციდების ხანაში ამაზე, მხოლოდ ოცნება შეიძლება, ამიტომ ღვინის წარმოებაში გაჩნდა ცნება „ბიოღვინო“ და „ორგანული მეღვინეობა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის მოყვანისა და ღვინის დაყენების დროს დაცულ ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას თან უნდა ახლდეს სწორად წარმართული ბიო-პროცესები. ღვინის დაყენება, მხოლოდ ბუნებრივი პროცესებით უნდა წარიმართოს, ანუ უნდა გამოირიცხოს მასში ხელოვნური ჩარევა და გარეშე დანამატებით ღვინის გაჯერება. ორგანული ღვინის წარმოების ყველა ეს და სხვა მრავალი პირობები აისახა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეგლამენტში, რომელიც ამ ორგანიზაციამ 2012 წელს მიიღეს, ამ რეგლამენტის თანახმად:

         1. ღვინო, მხოლოდ ორგანული ტექნოლოგიით მოყვანილი ყურძნიდან უნდა იყოს დაყენებული.

         2. ყველა ინგრედიენტი, რომელიც ღვინის დაყენების დროს იქნება გამოყენებული, მხოლოდ ორგანული უნდა იყოს.

         3.  ღვინის დაყენების ყველა ბიოლოგიური პროცესი უნდა წარიმართოს, მხოლოდ ბუნებრივი გზით და აკრძალულია გენმოდიფიცირებული მიკრო-ორგანიზმების გამოყენება.

         4. ღვინის დაყენების დროს დაუშვებელია მასში ქიმიური ხერხებით ჩარევა და მასში ყველაფერი უნდა წარიმართოს ბიოლოგიური, მექანიკური და ფიზიკური პროცესებით.

         5. დაშვებულია თითქმის ყველა დანამატის გამოყენება, მაგრამ გონიერების ფარგლებში და აუცილებლობის შემთხვევაში.

         როგორც ხედავთ, ყველა ზემოთ აღნიშნული გვავალდებულებს, რომ ღვინის დაყენების პროცესში „მაქსიმალურად“ დავიცათ მასში ბუნებრივად მიმდინარე პროცესები და ნაკლებად ჩავერიოთ მასში ხელოვნურით.

         როგორც ცნობილია, ღვინის დაყენების ძირითად ნედლეული ყურძენია, ამიტომ ღვინის, როგორც ბიოლოგიური, ისე ქიმიური სისუფთავე უპირველესად, ყურძნის სისუფთავეზეა დამოკიდებული, ანუ ბიოღვინის მთავარი ნედლეული ბიოყურძენია, რომლის მიღება უამრავ გარე თუ შინაგან ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ის თუ რით ვკვებავთ ვაზს და რა საშუალებებია გამოყენებული მისი დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

          ბიოღვინის დასაყენებელი ყურძნის ვაზს თუ დამატებითი კვება სჭირდება, ამ მიზნით, აუცილებლად ორგანული სასუქები უნდა გამოვიყენოთ, არ აქვს მნიშვნელობა ფესვებიდან ეძლევა ის ვაზს თუ ფოთლებიდან, რაც შეეხება დაავადებათა წინააღმდეგ გამოყენებულ პრეპარატებს ის, აუცილებლად ორგანული ფუნგიციდები უნდა იყოს და არც ერთ შემთხვევაში არანაირი შხამის შემცველი პესტიციდები, მით უმეტეს სისტემური, რადგან სისტემური პრეპარატები შედიან რა ფოთლისა და ნაყოფის შიდა შრეებში გარკვეული დროით იცავენ ვაზს, სამწუხაროდ, ისინი ნაყოფიდან ბოლობდე არ ქრებიან და მათი ნარჩენები ნაყოფში რჩება, შემდეგ კი წვენის საშუალებით გადადის ღვინოში და იწვევს ღვინის ქიმიურ დაბინძურებას. სწორედ, ამიტომაა აკრძალული ბიოყურძნის მოსაყვანი ვაზის შესაწამლად სისტემური პესტიციდების გამოყენება და ის, კონტაქტური ბიოფუნგიციდებით უნდა შეიცვალოს, რომლებიც მართალია, დროის მცირე მონაკვეთში იცავს ვაზს, მაგრამ რაც მთავარია, ამ დროში ასწრებს დაავადებათა გამომწვევი მავნე მიკროორგანიზმების განადგურებას და ქიმიურად სუფთა მოსავალს იძლევა.

          დღეს საქართველოში სავაჭრო ფირმები საკმარისი რაოდენობის და ასორტიმენტის ბიოპრეპარატებს სთავაზობენ მევენახე-ფერმერა, მაგრამ დაავადებათა წინააღმდეგ ამ პრეპარატების სამკურნალო ეფექტი, ყოველთვის წარმატებული არ არის, მევენახე ფერმერს კი იმით აიმედებენ, რომ ბიომოსავალს ღებულობს, მით ბიოღვინოს დააყენებს, ძვირად გაჰყიდის და მოსავლის დანაკარგს ღვინის მაღალი ფასით აინაზღაურებს. ეს გზა, რა თქმა უნდა, დამღუპველია, რადგან ის გზა, რომელიც დასავლეთმა ბიოღვინის წარმოების საწყის ეტაპზე გაიარა, ჩვენ არ უნდა გავიაროთ, რადგან დღეს არსებობს მათი გამოცდილება და მათი მიგნებები, რომელთა გამოყენება საშუალებას გვაძლევს, მაღალი და ქიმია-ბიოლოგიურად სუფთა მოსავალი მივიღოთ.

         ჩვენი ხელისუფლების, მევენახის, მებაღისა და ბაღჩეულის მოყვანით დაკავებულ ფერმერთა საყურადღებოდ მინდა განვაცხადო, რომ დასავლეთმა და სრულიად მსოფლიოს მოწივე ქვეყნებმა თავიანთი სოფლის მეურნეობა დიდი ხანია „წყალბადის ზეჟანგითა“ და „ოზონირებული წყლით“ დამუშავებაზე გადაიყვანეს, მაგ. ამერიკელი ფერმერები ამ ტექნოლოგიას 1977 წლიდან იყენებენ, ხოლო ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFOAM)-მა თავის გაერთიანებაში შემავალ ორგანიზააციებს 2001 წლიდან ნება დართო „ოზონი“ და „წყალბადის ზეჟანგი“ ფართოდ გამოიყენონ, როგორც დეზინფექტორი და ფუნგიციდი. მართალია, ორივე ეს პრეპარატი კონტაქტურია და შესხურებიდან მხოლოდ მცირე დროით (წყალბადის ზეჟანგი 2-3 დღით, ხოლო ოზონირებული წყალი 1-2 საათით) იცავს ვაზს, მაგრამ სამაგიეროდ მყისიერი მოქმედების უნარით გამოირჩევიან და რამდენიმე წუთის განმავლობაში მთლიანად ანადგურებენ ვაზის დაავადებათა გამომწვევ მავნე მიკრო-ორგანიზმებს. დაავადებათა გამომწვევი მიკროფლორის შემდეგი პარტიის გამრავლებას კი დრო უნდა, ამასობაში მორიგი შეწამვლის დროც მოდის, ასე, რომ მცენარე დაცულია და მოსავლის დანაკარგი ან საერთოდ არაა ან მინიმალურია. ასევე, უნდა იფხიზლოს მეურნემ და დაავადებათა პირველივე ნიშნის გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ შეწამლოს ვაზი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ოზონო-გენერატორის შეძენის შემდეგ 10-15 წლის განმავლობაში ფაქტიურად უფასოდ ახდენთ ვაზის შეწამვლას, ხოლო „წყალბადის ზეჟანგი“ 4-6-ჯერ იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე, დღეს ხმარებაში მყოფი შხამები, შედეგი კი გაცილებით ეფექტური იქნება.

         რამდენიმე წელია ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან არსებულ ნახევარ-გამტართა ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში ოზონო-გენერატორების დაპროექტება-წარმოებაზე ვმუშაობთ. ასევე, ჩვენი უპირველესი ამოცანა, მათი სოფლის მეურნეობაში დანერგვაა, კერძოდ: მევენახეობა – მეღვინეობაში. ჩემს წინა წერილში ფართოდ იყო გაშუქებული მათი გამოყენება მევენახეობაში, ამ წერილით კი იმ სიკეთეზე მინდა მოგითხროთ, რაც ორივე ამ პრეპარატს მეღვინეობაში გამოყენების დროს შეუძლიათ მოგცეთ.

         მაღალ-ხარისხიანი ღვინის დაყენებისას, რა თქმა უნდა, ყურძნის სისუფთავეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ყურძნის კრეფის, გადამუშავების და დადუღების დროს ტკბილში არანაკლები რაოდენობისა და სახის მავნე მიკროორგანიზმის მოხვედრა შეიძლება, რომლებსაც შეუძლიათ ყველა წინათ მიღწეული წარმატება წყალში ჩაგიყაროთ და ღვინო დაავადდეს, ამიტომ ყველა ამ პროცესების წარმართვის დროს, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება მაღალ-ხარისხიანი ორგანული მადეზინფიცირებელი საშუალებების გამოყენებას. დღეს და ყოველთვის ამ მიზნით ყველგან გოგირდს იყენებდნენ, რომელიც მართალია წარმატებით ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებს, მაგრამ ღვინიდან ბოლომდე არ გადის და თავისებურ დაღს ასვამს ღვინის ხარისხს. სამწუხაროდ, დღემდე მისი საყოველთაოდ მისაღები ალტერნატივა ვერ მოიძებნა, ამიტომ ევროკავშირის მიერ 2012 წლის რეგლამენტში მისი გამოყენება ღვინის დაყენების ყველა ეტაპზე გონიერების ფარგლებში, ნებადართულია. ოზონო-აირი და „წყალბადის ზეჟანგი“ კი საშუალებას იძლევა გოგირდი, მთლიანად ამოვიღოთ ღვინის წარმოებიდან.

         ოზონს ღვინის წარმოებაში დიდი ფრანგი ქიმიკოსი ლუი პასტერი და ფრანგი ქიმიკოსები ჯერ კიდევ 1,5 საუკუნის უკან ცდიდნენ, ხოლო იტალიელმა ჯიანეტომ ძირფესვიანად შეისწავლა ეს პრობლემა და როგორც დიდი ქართველი ქიმიკოსი ვასილ პეტრიაშვილი თავის წიგნში „ღვინის ქართულად დაყენება“ აღნიშნავს, დიდი შეფასებაც მიუციათ მისი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედებისათვის. თუ ოზონი, იმ დროს მეღვინეობაში ვერ დამკვიდრდა ამის მიზეზი, ის იყო, რომ ჯერ ერთი, იმ დროს არ იყო ოზონომედეგი შლანგები და მეორე, არ იყო მოძებნილი ოზონის მიღების იაფი ტექნოლოგია. დღეს, ყველა ეს დაბრკოლება აღმოფხვრილია და ოზონ-აირი ფართოდ უნდა გამოვიყენოთ მეღვინეობაში. აქ ბუნებრივია ისმის კითხვა: ღვინის დაყენების რა ეტაპზეა ოზონის გამოყენება უკეთესი? ვფიქრობთ, ყველა ეტაპზეა მიზანშეწონილი, გარდა იმ დროს, როცა საჭიროა დუღილის ბაქტერიების ინჰიბირება, რათა გარკვეული დროით ტკბილის დუღილის დაწყება შევაჩეროთ.

ოზონს ამ ბაქტერიების ნეიტრალიზება არ შეუძლია, რადგან ორივე მჟანგავი და ერთი ბუნების მატარებელია, ამიტომ ოზონი, მათ ინჰიბირებას კი არ ახდენს, პირიქით, ააქტიურებს მათ. რაც შეეხება დუღილის წინ დურდოს დაოზონირებას და ყველა იმ მავნეორგანიზმების განადგურებას, რაც ყურძენს ვენახიდან შემოჰყვა ან მარანში შეიძინა, ამ მიზნით ოზონის გამოყენება, შეუცვლელია. დადუღების შემდეგ დავარგებაზე დაყენების წინ მაჭრის დაოზონირება მთლიანად გაწმენდს მას იმ მავნე ბაქტერია-ვირუსისაგან, რომელიც დუღილის დროს შეიძინა.

ოზონი, ასევე, წარმატებით უმკლავდება აქროლად მჟავეებს და დამუშავების დროს არა მარტო ანადგურებს მათ გამომწვევ ბაქტერიებს, არამედ, აერციის ხარჯზე საგრძნობლად ამცირებს მათ გავლენას ღვინის გემოზე. ერთი სიტყვით, ოზონით გოგირდის ჩანაცვლება ღვინის დაყენების ყველა ეტაპზე გამართლებულია, რომლის შედეგადაც ღვინო, არა მარტო იკურნება, არამედ, ვიცავთ მას გოგირდის მავნე გავლენისაგან.

          ოზონ-აირი და ოზონირებული წყალი, შეუცვლელია მარნისა და მარნის იარაღების დეზინფექციის დროს, კერძოდ: ქვევრების მაღალხარისხიანი დეზინფექციისათვის. რაც შეეხება მარანში სარეცხ-მადეზინფიცირებელი საშუალებების გამოყენებას აქ, უნიკალური და მოსახმარად იოლი ოზონ-აირთან და ოზონირებულ წყალთან ერთად, წყალბადის ზეჟანგია. მისი 05-1 %-იანი ხსნარით გარეცხილი ჭურჭელი, კერძოდ კი ბოთლები, ეს დეზინფექციის უმაღლესი დონეა. რაც შეეხება ქვევრის დეზინფექციას აქ საუკეთესო შედეგს მიიღებთ თუ კარგად გარეცხილ ქვევრს რამდენიმე საათით დააყოვნებთ, კედელს ჩამოაშრობთ და მასში ტკბილის ჩასხმამდე ერთი 1-1,5 საათით ადრე, მფრქვევანას დახმარებით მის კედელს წყალბადის ზეჟანგის 2-3 %-იანი ხსნარით დაამუშავებთ, ანუ კარგად დაასველებთ, შემდეგ კი ანადუღარი წყლით ჩამორეცხავთ.

          მართალია, ოზონ-აირი წყალბადის ზეჟანგთან ერთად უმაღლესი დონის მადეზინფიცირებელი საშუალებებია, მაგრამ მათი მეღვინეობაში გამოყენებას დღეს მეღვინეებს ვერავინ დაავალებს, ანუ დღეს ამ პრობლემის ახლებური გადაწყვეტა, კერძო მარნების ხელშია და პირად ინიციატივაზეა დამოკიდებული. ამ პრობლემის გადაწყვეტის აქ გაჟღერებული ჩემი წინადადება, მხოლოდ რეკომენდაციის ფუნქციის მატარებელია, დანარჩენი ბატონო მეღვინეებო თქვენზეა დამოკიდებული, ძველი, კარგად გატკეპნილი გზით წახვალთ თუ კერძო ინიციატივას გამოიჩენთ და ღვინის მაქსიმალური სისუფთავის მომცემ ეკოლოგიურ გზას დაადგებით.

          როგორც ევროკავშირის რეგლემენტითაა დაშვებული, ბიოყურძნისა და ბიოღვინის წარმოების დროს გონიერების ფარგლებში, თითქმის ყველა დღეს გამოყენებული საშუალებების გამოყენებაა დაშვებული. მართალია, ეს რეგლამენტი ბევრი რამის უფლებას იძლევა, მაგრამ თუ ჩვენ ქართველები უფრო მაღალი დონის ბიომეღვინეობას გავმართავთ და უფრო მაღალ სტანდარტს დავამკვიდრებთ ვფიქრობთ, ევროკავშირი ამის წინააღმდეგი არ იქნება.

           წერილის ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა შევეხმიანო მევენახეებს: წყალბადის ზეჟანგით თანამედროვე შხამების ჩანაცვლებას თქვენ, ზემოდან არავინ, არც გიკარნახებთ და არც გაიძულებთ, რადგან ამით ბევრი მაღალჩინოსანი კარგავს დიდ შემოსავალს. როცა თქვენ, 120-160 ლარის ნაცვლად ჰექტარი ვენახის შესაწამლ პრეპარატში 25-30 ლარს იხდით მართალია, ეს ფასსხვაობა თქვენ გრჩებათ, მაგრამ ეს, არც შხამქიმიკატების ბიზნესს აწყობს და არც ბიუჯეტს, ამიტომ როგორც ჩვენზე ისე თქვენზე დაიწყება შეტევა და გაჩნდება ალტერნატიული წერილები, სადაც წყალბადის ზეჟანგს წარმოგიდგენენ ქვეყნისა და მემცენარეობა-მევენახეობის დამქცევად. სწორედ ამიტომ მოგიწოდებდით წელსვე რამდენიმე ძირ ვაზზე შეგემოწმებიათ ამ პრეპარატის სიძლიერე, რათა ვიღაც-ვიღაცების უარყოფით წერილებს არ შეერყიათ თქვენი ისედაც მერყევი რწმენა, წყალბადის ზეჟანგზე, როგორც საუკეთესო ანტივირუსულ, ანტიბაქტერიულ და ანტისოკოვან პრეპარატზე.

როგორც ხედავთ აქ სარგებელს თქვენ ნახულობთ, ამიტომ თქვენ ჩვენზე მეტად უნდა იაქტიუროთ. არის ათასნაირი ინფორმაცია ინტერნეტში ამ თემაზე, სადაც ყველა თქვენს კითხვაზეა პასუხი, ანუ მე გზა მოგეცით, მისი გამოკვლევა და მასზედ სიარული კი თქვენი საქმეა. ჩემი წერილების კითხვის შემდეგ ბევრი მირეკავს და პირდაპირ მიყენებს ულტიმატუმს: მე პასუხისმგებლობას ავიღებ თუ არა შედეგზე, ამ კითხვაზე ჩემი პასუხი ასეთია: პასუხისმგებლობას ის იღებს, ვინც ამით სარგებელს ნახულობს, სარგებელს კი თქვენ ნახულობთ. მე, ჩემი მამულიშვილური ვალი მოვიხადე, გაგაცანით შხამების შეცვლის იოლი და ძალიან იაფი გზა, ცოტა თქვენც შეიწუხეთ თავი, წაიკითხეთ და ნახეთ, რომ ეს მსოფლიო გამოცდილებაა და არა ჩემი გამოგონება.

მე, ის ვარ, ვინც ამ გამოცდილების შესახებ წაიკითხა, გამოიყენა და გამოადგა, ახლა კი გირჩევთ თქვენც!

გამოიყენებთ? მოიგებთ! არა და ძვირადღირებული და არც ისე მაღალი ხარისხის შხამები ყოველ ფეხის ნაბიჯზე დასტა-დასტა იყიდება.

წინა წერილებში ვწერდი და ახლაც ვიმეორებ: თუ სიახლეს მთლიან ფართობზე არ ენდობით 10-15 ძირ ვაზზე ექსპერიმენტის ჩატარებას წინ რა უდგას?

მართალი გითხრათ, მთელი დღე ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული და ვპასუხობ თქვენს კითხვებს, მერე და რისთვის?!

ჟორა გაბრიჭიძე,

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით, ტელ:  551-333-155.