ბოცვერი მცირე ფართობზე ცილის წარმოების ჩემპიონია
თანამედროვე აგრარულ სექტორში, სადაც სივრცე და რესურსები სულ უფრო შეზღუდული ხდება, ეფექტიანობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
თუ სამრეწველო ბროილერი (ქათამი) დასაკლავ წონას 45 დღეში აღწევს, ბოცვერს ამისთვის 70-90 დღე სჭირდება, თუმცა მისი უპირატესობა სხვა მაჩვენებლებშია, ბოცვერს ფრინველზე ორჯერ ნაკლები ადგილი სჭირდება, არის აბსოლუტურად უხმაურო და საკვების ხორცად გარდაქმნის ისეთი კოეფიციენტი აქვს, რომელსაც ვერცერთი სხვა თბილსისხლიანი შინაური ცხოველი ვერ უთანაბრდება.
რამდენიმე მყარი არგუმენტი ბოცვრის მოშენების უპირატესობაზე
- საკვების ათვისების განსაკუთრებული უნარი: 1 კგ ხორცის მისაღებად ბოცვერს მხოლოდ 3 კგ საკვები სჭირდება. შედარებისთვის: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს 7 კგ სჭირდება, ღორს კი _ 4 კგ. ინვესტირებული საკვების წონასთან მიმართებით, ბოცვერი ყველა გავრცელებულ ფერმერულ სახეობას უსწრებს. ერთი სადედე ბოცვერი წელიწადში თავის წონასთან პროპორციულად უფრო მეტ ხორცს აწარმოებს, ვიდრე ძროხა.
- დაჩქარებული რეპროდუქცია: ბოცვერს წელიწადში 5-6-ჯერ შეუძლია დაყრა, თითოეულზე 6-დან 10 ბაჭიამდე. მაკეობა სულ რაღაც 31 დღე გრძელდება, ბაჭიების მოცილება დედიდან ხდება 28-ე დღეს, ხოლო 70-90 დღის ასაკში ისინი უკვე მზად არიან სარეალიზაციოდ. მთლიანი საწარმოო ციკლი შეჯვარებიდან სუფრამდე 4 თვეზე ნაკლებს მოითხოვს.
- მაღალი ღირებულების დიეტური ხორცი: ბოცვრის ხორცი გამოირჩევა ნაჯერი ცხიმების ყველაზე დაბალი და ცილის ყველაზე მაღალი შემცველობით ყველა თეთრ ხორცს შორის. ჯანსაღი კვების ბაზარზე, ისევე როგორც საერთაშორისო გასტრონომიაში, ბოცვრის ხორცი ქათამის ხორცზე ძვირად ფასდება და მასზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.
- ხმაური და ურბანული ადაპტაცია: ბოცვერი არ გამოსცემს ხმას, რაც საშუალებას იძლევა მისი მოშენების დასახლებულ პუნქტებში, მეზობლების შეუწუხლად. ერთ ზრდასრულ ცხოველს მხოლოდ 0.25 კვ.მ. ფართობი სჭირდება. მისი მოშენება შესაძლებელია როგორც სათავსოებში, რომელიც კარგად ნიავდება, ისე ტერასებზეც.
პრაქტიკული რჩევები საოჯახო მეურნეობისთვის
- გალია _ 60×90 სმ ზომის მავთულის გალია საკმარისია 2-3 ცხოველისთვის;
- ტემპერატურა _ ოპტიმალურია 15-25°C. ცხელ კლიმატში აუცილებელია მუდმივი ჩრდილი და ვენტილაცია;
- კვება _ დაბალანსებული კომბინირებული საკვები, რომელსაც ემატება მწვანე მასა: იონჯა, ბალახი, ბოსტნეულის ნარჩენები;
- სასუქი _ ბოცვრის ნაკელი საუკეთესოა ბოსტნისთვის და მისი გამოყენება კომპოსტირების გარეშეც შეიძლება.
ბოცვრის მოშენება წარმოადგენს „მიკრო-ფერმის“ იდეალურ მოდელს. მინიმალურ ფართობზე (მაგალითად, 2 კვადრატულ მეტრზე განთავსებული გალიებით) ერთ სადედე ბოცვერსა და სამ მოსასუქებელ დედალს წელიწადში 50-დან 70 კილოგრამამდე სუფთა ხორცის მოცემა შეუძლია.
დაბალი საინვესტიციო ხარჯებისა და მაღალი რეპროდუქციული ტემპის გათვალისწინებით, მებოცვრეობა ყველაზე სწრაფი გზაა ოჯახის ცილოვანი პროდუქტით თვითუზრუნველყოფისა და დამატებითი შემოსავლის მისაღებად.
მოამზადა ნატა მაჭარაშილმა

