დარგებიმედიასტატიები

ქუმელი _ ჯანსაღი ტრადიციული ქართული საკვები

ქუმელი მთის ხალხმა ქერისა იცის… (განმარტებითი ლექსიკონი)

თუშეთმა ბოლო დრომდე შემოინახა ქუმელის დამზადების და მოხმარების ტრადიცია. იქ სწორედ ქერისგან ამზადებენ ქუმელს. სხვა მხარეებში კი ქერთან ერთად ხორბალსა და სიმინდსაც იყენებენ. თუშები ქუმელს შინაურობაში ყვა-ს ეძახიან.
ყვა (ქუმელი) – დაშუშული და დაფქვილი ქერის და ხორბლის ნარევი. http://old-garemo.dlf.ge
ანუ ქუმელი წარმოადგენს მოხალული მარცვლეულის ფქვილს. უმეტესად იყენებდნენ ქერს, თუმცა გამოიყენებოდა ხორბალი და სიმინდიც, ერთმანეთში არეული.

„ცნობილია, რომ ომიანობის დროს ჩვენი ჯარი თავისი საგზლით იკვებებოდა, ამიტომაც საგზალი ადვილად სატარებელი და ამასთან, ნოყიერიც უნდა ყოფილიყო. ასეთად მიიჩნეოდა ხმიადი, სულგუნი, ქუმელი და ჩურჩხელა.“ (www.vinoge.com)

ქუმელი საკვებად მოიხმარებოდა მრავალი ფორმით. მწყემსები წყალში მოზელდნენ გუნდად, რაც მუშტში ჩაეტეოდა და ასე ჭამდნენ.

ხალხი იყენებდა წყალში, რძეში, ერბოში მოზელილს შაქრის ფხვნილით, სიროფით, მურაბით, ქიშმიშით, ნუშით, თხილით, ყველით და სხვა.  მშრალად მოზელილს, ფაფისა და სითხის სახით. ქუმელით კვებავენ ბავშვებს რამდენიმე თვის ასაკიდან.

ქუმელი ტოპონიმიკაში
ტერმინი ქუმელი ქართულ ადგილთა სახელებშიც გვხვდება, ყაზბეგის რაიონში სოფელია ქუმლის ციხე, ხოლო თუშეთში ერთ-ერთ ულამაზეს სოფელს ქუმელაურთა ჰქვია. თქვენ ხომ არ იცით კიდევ?

ქუმელი  ლიტერატურაში
ქართულ ლიტერატურაში მრავალგზისაა მოხსენიებული ქუმელი, აქ რამდენიმე ციტატას წარმოგიდგენთ, თუ თქვენთვის კიდევაა ცნობილი, გთხოვთ შეგვატყობნოთ:

„შემოდგომით მეცხვარეების ოჯახში დიდი ფუსფუსი ატყდებოდა. სახლს და ეზოს უვლიდნენ ასუფთავებდნენ, ოჯახი ელოდებოდა მეცხვარეს, რომელიც ადრე გაზაფხულზე ცხვართან ერთად გააცილეს და, რამდენიმე თვე სახლში აღარ ყოფილა. მეცხვარის გაცილების დროს თავისებური სამზადი იწყებოდა… ხორბალს, ქერსა და სიმინდს ერთმანეთში შეურევდნენ, მერე საჯზე მოშუშავდნენ, წისქვილში დაფქვავდენ, შემდეგში გაცრდნენ ხბოს ტყავისაგან დამზადებულ გუდებს გაავსებდნენ და ქუმელიც მზად იყო. (ა. მაძღარაშვილი – “ფიროსმანის გარემო” www.burusi.wordpress.com)

მოგეხსენებათ ბიბლიაში მოხსენებულ საკვებს ბიბლიურს უწოდებენ. ქუმელიც სწორედ  ასეთ საკვებს წარმოადგენს:

– უთხრა მას ბოყაზმა: პურის ჭამისას მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ჩააწე ღვინოში. დაჯდა ქალი მომკელთა გვერდით. დაუყარეს ქუმელი, მანაც ჭამა გაძღომამდე და კიდევაც დარჩა შეუჭმელი.
– არც პური, არც ქუმელი, არც ბურღული არ ჭამოთ ამ დღემდე, ვიდრე უფალს შესაწირავს არ მიართმევთ.
– ქვეშაგებელი, თასები და თიხის ჭურჭელი, ხორბალი და ქერი, ფქვილი და ქუმელი, ცერცვი და ოსპი, თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები, მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად…
– უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: აიღე ეს ერთი ეფა ქუმელი, ეს ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
– არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.    (ძველი აღთქმა)
აქ აღსანიშნავია, რომ ბიბლიის ძველ თარგმანში ქუმელის სინონიმი ფშაურ-მოხეური ტერმინი ჴალი -ა გამოყენებული. და ჰრქუა მას ბოოზ: ჟამთა პურის ჭამისასა მოვედ აქა და ჭამე პური, და დააწე პური შენი ძმარსა. და დაჯდა რუთ ერთ კერძო მომკალთა მათ და შეუსუარა მას ბოოზ ჴალი და ჭამა და განძღა და დაუშთა.

ქუმელი ძლივს შესჭამა მცირედი… (კონსტანტინე გამსახურდია, დიდოსტატის მარჯვენა)

ბანაკი ტყეში, ერთი დიდი წიფლის ქვეშ დასცეს. დაანთეს ცეცხლი, მაგრამ შესაწვავი აღარაფერი ჰქონდათ. შეჭამეს ცოტა ქუმელი
შუადღისას მართლაც მიადგნენ კლდეში გამომავალ წყაროს, ქუმელი მოზილეს ( თითო პატარა გუნდა ყველას ერგო) და იმითი მოიკლეს შიმშილი. ზედ წყაროს წყალი დააყოლეს. (ნუგზარ შატაიძე, თეთრი ცხენი)

ყაზი-ყუმუხის პოსლანიკთ,
ორთავე ბედით ალიათ,
შუღლი შეექნათ იეფათ
ამ უბადრუკებს, მყრალიათ;
ყველა შეიქნა უეჭვად
თავისად დამაბრალიად;
ხინკალი შაქრად ეგონისთ,
ქუმელი ხოხბის ყალიად.

     ბესიკ გაბაშვილი

ქუმელის თვისებები და ქიმიური შედგენილობა:

ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ პროდუქტში:

350 კ/კლ;
ცილა -15,8 მგ;
ცხიმი – 3,5 მგ;
ნახშირწყლები – 65,8 მგ;
კალციუმი – 93 მგ;
ნატრიუმი – 32 მგ;
მაგნიუმი – 150 მგ;
ვიტამინები: A, E, B, Q.

შეიცავს როგორც უხსნად, ისე ხსნად უჯრედანას სხვა მარცვლეულთან შედარებით დიდი რაოდენობით.

როგორც წესი, ასეთი ციფრები ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ბევრი არაფრის მთქმელია, ამიტომ საჭიროა ზოგიერთი დეტალები გავშიფროთ სხვა ასპექტში, ჯანსაღი საკვების, კერძოდ ქუმელის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებების კუთხით.

ძვლები, კბილები

ცნობილია კალციუმის საჭიროება ძვლოვანი ქსოვილის სიმაგრე-სიჯანსაღისთვის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ორგანიზმს კალციუმის ათვისება საკვებიდან შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ მაგნიუმაცაა წარმოდგენილი. ამ მხრივ ქუმელში იდეალური თანაფარდობაა.

სისხლძარღვები, გული

ხსნადი უჯრედანა გადადის სისხლში და ასუფთავებს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან, ამიტომ ქუმელის მოხმარება სასარგებლოა როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე უკვე პრობლემების მქონე პირთათვის.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

უხსნადი უჯრედანა დიდი რაოდენობითაა ზოგიერთ ხილ-ბოსტნეულში. მარცვლეულის ქატოში. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, თავიდან გაცილებთ კუჭის სიმაგრეს და აქედან გამომდინარე მრავალ პრობლემას. ვინაიდან ქუმელი მზადდება კანგაუცლელი მარცვლისგან, მასში დიდი რაოდენობითაა უხსნადი უჯრედანა.

დიაბეტი

ქუმელის საშუალებით შეგიძლიათ შეამციროთ სისხლში შაქრის შემცველობასთან დაკავშირებული რისკები, ინსულინზე დამოკიდებულება. ამიტომ აშშ-სა, კანადაში, იაპონიაში ფართო პროპაგანდას უწევენ ქერის პროდუქტებს დიაბეტის საწყის სტადიაზე და II ტიპის დაავადებულთათვის.

წონის შემცირება

ამერიკაში ზედმეტმა წონამ ეპიდემიის სახე მიიღო. მის დასაძლევად სხვა საშუალებებთან ერთად სულ უფრო ხშირად გაისმის რეკომენდაციები ქერის პროდუქტების მოხმარებაზე.

ბავშვთა კვება

საქართველოში ბავშვთა საკვები ძირითადად უცხოური წარმოებისაა. მის ხარისხზე ახლა არ ვიმსჯელებთ. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ერთი და იგივე პროდუქტი მზადდება რამდენიმე ხარისხის, თავიაანთთვის სხვა და მესამეული ქვეყნებისთვის, როგორსაც საქართველო წარმოადგენს, სხვა. ანუ როცა შეფუთვაზ ეწაიკითხავთ წარმოებულია გერმანიაში ან სხვაგან, ეს კიდევ არ ნიშნავს იმ კონკრეტული პროდუქტის მაღალ ხარისხიანობას. მეორეც, ხანგრძლივი შენახვის მიზნით საკვებ პროდუქტებს უმატებენ კონსერვანტებს. ბავშვების პროდუქტებში ეს უმნიშვნელოა, პირობითად უვნებელი, მაგრამ ეს სინამდვილეში მართლაც პირობითადაა. ამასთანავე გაითვალისწინეთ საკმაოდ მაღალი ფასი.

ახლა ამ ფონზე შეხედეთ ქუმელს.

-აბსოლუტურად ნატურალურია;

– აპრობირებულია მრავალი თაობების მიერ როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში;
– ბავშვები სიამოვნებით მიირთმევენ, რაც მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ბავშვის საკვების შეფასებისას;
– შეგიძლიათ შეიძინოთ სულ ახალ-ახალი;

– ქუმელისგან შეგიძლიათ შექმნათ მრავალფეროვანი საკვები ასორტიმენტი სხვადასხვა დანამატებით.

ლოგიკურად შეიძლება დაისვას კითხვა: თუ ქუმელი ზედეტი წონის შემცირებას უწყობს ხელს, როგორ გამოდგება ბავშვის საკვებად, რომელსაც მასის მატება სჭირდება აქტიური ზრდის ასაკში?

სწორედაც რომ ლაპარაკია ზედმეტი წონის შემცირებაზე, ნორმალური წონის შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურად შეეწყო ადამიანი ამ საკვებს, პრობლემა არაა, ამასთანავე, თუ წონის მომატება გსურთ, გაურიეთ ქუმელში ცოტაოდენი ცხიმი (კარაქი, ერბო), რაც რეკომენდირებულიცაა ბავშვებისათვის.

დაიჯესტი _ მომზადდა პრესის მასალების მიხედვით