დარგებიმეფუტკრეობა

ერთი ბრენდის ქვეშ თაფლის ექსპორტი უფრო მარტივია

ქართველ მეფუტკრეებს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას ვურჩევთ, რადგან ერთი ბრენდის ქვეშ ექსპორტიც უფრო მარტივია. ამის შესახებ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელმა ფილიპ შტაინჰაიმმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ქართველი მეფუტკრეებისათვის უვნებელი და ხარსიხიანი თაფლის წარმოების სახელმძღვანელოც შეიმუშავა, რომლის პრეზენტაციაც 14 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელის, ფილიპ შტაინჰაიმის მოსაზრებით, ქართულ თაფლს ევროკავშირის ბაზარზე პერსპექტივა იმ შემთხვევაში აქვს, თუ თაფლი უვნებელი და ხარისხიანი იქნება. GIZ-ის პროექტის ხელმძღვანელმა ორი ქართველი მეფუტკრის ევროსტანდარტებზე მორგებული თაფლი პირადად ჩაიტანა ბერლინში მწვანე კვირეულზე, სადაც პროდუქტი შესანიშნავად გაიყიდა.

„2016 წელს, როდესაც საქართველოდან ევროკავშირში საექსპორტოდ დაშვებული პროდუქტების სიას თაფლი დაემატა, ყველას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ თაფლის ექსპორტზე მოხვდებოდა, მაგრამ ორი წელი დასჭირდა იმას, რომ პირველი ქართული თაფლი ევროპაში გამოჩენილიყო. ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე, „მწვანე კვირეულზე“ ორი ტიპის თაფლი მე ჩავიტანე. ამ თაფლს ტესტი გავლილი ჰქონდა. თუ ევროკავშირში თაფლის ექსპორტი გნებავთ, აუცილებლად ევროსტანდარტებს უნდა მიმართოთ, რომ თაფლი უვნებელი და ხარისხიანი იყოს“, – განაცხადა ფილიპ შტაინჰაიმმა

„სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ გაიდლაინებს თაფლის ყველა მწარმოებელს გადასცემს. ეს თაფლით დაინტერესებულ პირებს თაფლი წარმოების პროცესის ყველა საფეხურს დეტალურად აუხსნის, თუ როგორ მოერიონ ფუტკრის დაავადებებს ანტიბიოტიკების გარეშე. ანტიბიოტიკებიან თაფლს ევროკავშირში ვერ გაყიდით, რადგან აკრძალულია“, – განმარტა ფილიპ შტაინჰაიმმა.

GIZ-ის პროექტის ხელმძღვანელი თვლის, რომ საქართველოში ანტიბიოტიკების გამოყენების პრაქტიკა საკმაოდ დიდია, მაშინ, როცა დაავადებებთან ბრძოლის ბუნებრივი მეთოდებიც არსებობს. ფილიპ შტაინჰაიმის ვარაუდით, დიდი ალბათობით, ქართველმა მეწარმეებმა არ იციან, რომ ანტიბიოტიკებიან თაფლს ევროკავშირის ბაზარზე ვერ გაყიდიან. მათი ცოდნის ამაღლების მიზნით ხვალინდელ პრეზენტაციაზე მეწარმეთა გადამზადებაც იგეგმება.

ფილიპ შტაინჰაიმი ქართველ მეფუტკრეებს ურჩევს, რომ საექსპორტო თაფლის სინჯები უცხოეთში აიღონ და თაფლის ექსპორტზე გატანა ერთი ქოლგის ქვეშ განახორციელონ.

„არის ე.წ. სწრაფი ტესტები, რომლითაც შეგვიძლია, თაფლი უცებ შევამოწმოთ და პირველადი შედეგი მივიღოთ. ექსპორტისთვის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი ტესტირება უნდა გავიაროთ, რაც საზღვარგარეთ არის ხელმისაწვდომი. ევროპაში, როგორც წესი, ტესტირებას თავად ბიზნესი უზრუნველყოფს და არა სახელმწიფო. თავად ბიზნესია დაინტერესებული, რომ სუფთა თაფლი ჰქონდეს. ბევრი ქართველი მეფუტკრე და ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჩვენი აზრით, უმჯობესია, კიდევ უფრო მეტი გაერთიანდეს ერთი ქოლგის ქვეშ. ევროპაში სახელმწიფო ითხოვს, რომ ერთი ასოციაცია იყოს და არა ათი ან თხუთმეტი, სადაც განხილვები მოეწყობა. ჩვენი რეკომენდაციაა, ქართველი მეფუტკრეები უფრო მეტად გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ, რადგან ერთიანი ქოლგის ქვეშ, როდესაც თაფლი ერთი ბრენდით არის გაერთიანებული, ექსპორტიც უფრო მარტივია“, – განაცხადა ფილიპ შტაინჰაიმმა.

ავტორი – ნინო ფაცურია