დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

აფრიკა ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია

მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინოზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნა. ღვინის ექსპორტი წარმატებით ხორციელდება, ევროპაში, აზიასა და ამერიკაშიც.„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორი პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს აფრიკაში, სადაც სამხრეთ აფრიკელმა  მეღვინეებმა საფერავი გააშენეს.

არსებობს პროექტი, რომელსაც საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკაში, საქართველოს საკონსულო სამხრეთ აფრიკაში, ღვინის ეროვნული სააგენტო და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატა უდგანან სათავეში, რომლის ფარგლებში ღვინის კომპანიებს შორის ხდება თანამშრომლების გაცვლა.

გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა ახალგაზრდა ქალი მეღვინე ანანო ვეკუა, რომელიც  სამხრეთ აფრიკაში, ქვეყანაში სიდიდით მეორე ქარხანაში,  რობერტსონში მოხვდა და მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა ღვინის დამზადებაში, მათი ტექნოლოგიების მიხედვით.

„სამხრეთ აფრიკა არის ასათვისებელი ბაზარი და სავსებით შესაძლებელია ქართულმა ღვინომ საკუთარი ნიშა დაიკავოს, რადგან მათი მხრიდან ქართულ ღვინოზე ინტერესი დიდია„- ამის შესახებ „ კომერსანტს“ მეღვინე ანანო ვეკუამ განუცხადა. 

„არ მესმის რატომ იკავებენ თავს  ქართული კომპანიები, რომ სამხრეთ აფრიკის ბაზარზე გავიდნენ. ახალი მეღვინეობის ქვეყანაა სამხრეთ აფრიკა და ეს სფერო საკმაოდ განვითარებულია. ძალიან დიდი რაოდენობით ღვინოს აწარმოებენ.დიდი საწარმოები და მაღალი დონის ტექნიკა აქვთ. ქართული ღვინით დაინტერესდნენ, მაგრამ დიდი რაოდენობით ექსპორტი არ გვაქვს, სულ რამდენიმე ბოთლს თუ წავაწყდებით. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, დაინტერესდნენ ქართული  სხვადასხვა ჯიშის  ვაზით, ასევე გააშენეს საფერავი. კონტინენტზე, ჩვენი ღვინის ცნობადობა იზრდება. მინდა ვთქვა, რომ სამხრეთ  სავაჭრო პალატა,  ცდილობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სამხრეთ აფრიკაში, დაკისრებულ მოვალეობას თავს ნამდვილად ართმევენ. რამდენიმე ქართველი მეღვინე ვიყავით აფრიკაში და იქიდანაც გვყავდნენ სტუმრად მათი მეღვინეები.  გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს.“-ამბობს ანანო ვეკუა.

აფრიკაში ღვინის ექსპორტით არის დაინტერესებული ბიზნესმენი ბერდია ყამარაული, რომელიც 16 წელია დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობს და ინგლისში ქართული ღვინო შეაქვს. ბიზნესმენს „კომერსანტი“ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა, სადაც მან ხაზი აფრიკის ბაზრის მნიშვნელობას გაუსვა. „ძალიან მნიშვნელოვანია სკანდინავიის და აფრიკის ბაზრებიც. აფრიკის მიმართულებით ჩვენც გვაქვს გეგმები და მოლაპარაკებებს ვახორციელებთ. აფრიკის ბაზარი ძალიან სერიოზული ბაზარია, ცუდია, რომ ამ მიმართულებით არავინ ინტერესდება.“

„ექსპორტისთვის ყველა ბაზარს განვიხილავთ, თუმცა ამ ეტაპზე  აფრიკის ქვეყნებში დიდ პოტენციალს ვერ ვხედავთ“-ამის შესახებ  „თელავის მარნის“  დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა  „კომერსანტს“  განუცხადა.

„ღვინო არის ბაზრის  ზედა სეგმენტი, სადაც  ცხოვრების დონე დაბალია ღვინის მოხმარება შედარებით შეზღუდულია. თან ეს ქვეყნები არის ღვინის არატრადიციული მომხმარებელი.აფრიკის კონტინენტის  ჩრდილოეთ ნაწილში არის მუსლიმანური ქვეყნები, სადაც ღვინის მოხმარება შარიათის კანონით იკრძალება.

ზოგადად, პროდუქტის გაყიდვის დიდი წილი მის ცნობადობაზე მოდის, აფრიკაში კი ქართული ღვინის ცნობადობა 0-მდეა, შესაბამისად, გაყიდვის პერსპექტივაც დაბალია. სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ მათ ბაზარზეც, რომ შევიდეთ, თუ თავად აფრიკის ბაზარმა მოითხოვა და მომხმარებელი დაინტერესდა ჩვენი ღვინით.ამჯერად დიდ აზრს ვერ ვხედავ ამ ქვეყანაში რესურსის ჩადებაში. რაც შეეხება სკანდინავიის ქვეყნებს, გაგვაქვს ექსპორტზე ღვინო. ვართ როგორც შვეციაში, ნორვეგიაში, ასევე დანიაში და ფინეთშიც.“-ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩოლობარგიას განმარტებით,აფრიკის ბაზრისთვის ქართული ღვინო უცხოა. შესაბამისად, ცნობადობის არ არსებობის გამო მისი გაყიდვები, ისეთივე მაღალი არ იქნება, როგორიც ევროპისა და აზიის ქვეყნებშია.

„არ ვიცით აფრიკის ბაზარი როგორ მუშაობს, რადგან არ გვქონია არასდროს სტაბილური გადაზიდვები. ჩვენი რესურსი, სადაც სტაბილურად ვეწევით ექსპორტს არის  5 ქვეყანა:  ამერიკა, ჩინეთი, ინგლისი, იაპონია და პოლონეთი. საშუალებას გვაქვს, მოვსინჯოთ, შვეიცარია, ავსტრია.  გამოფენების ფარგლებში დამატებით აქტივობები ჩავატაროთ და აქაც ჩამოვიყვანოთ მათი მედია, რომ აქტიურად გააშუქონ ჩვენი პროდუქცია. აფრიკაზე არასდროს გვიფიქრია, ექსპორტზე, რომ გავიდეთ აუცილებელია შესაბამისი ნიადაგი გვქონდეს. თუ მათ ბაზარზე გაჩნდა ქართული ღვინის მოთხოვნა, აუცილებლად გავიტანთ ჩვენც.“-ამბობს ირაკლი ჩოლობარგია.

ნათია ლომიძე,

წყარო: commersant.ge