ხუთშაბათი, მაისი 23, 2024
ახალი:
დარგებიმემცენარეობა

არყი

არყის გვარში 40-50 სახეობის ბუჩქები და ხეები შედის, რომელთაგან საქართველოში ველურად ხუთი სახეობაა გავრცელებული: ლიტვინოვის (ბუსუსიანი), მეჭეჭიანი, მედვედევის, სამეგრელოს და რადეს არყი. სამი მათგანი _ მედვედევის, სამეგრელოს და რადეს არყი კავკასიის ენდემია.

საქართველოში გავრცელებული არყის ყველა სახეობა უმთავრესად სუბალპურ სარტყელში იზრდება და ხშირად ტყის ზედა საზღვარი არყნარით მთავრდება.

არყის ნორჩი ფოთლები და კვირტები შეიცავს ვიტამინ C-ს, კაროტინს და ფიტონციდებს და აქვს სამკურნალო თვისებებს. იყენებენ თირკმელების, შარდსადენი გზების, რევმატიზმის, ნეკრესის ქარის, წყალმანკის და სხვა.

სამკურნალოდ. სამკურნალოა მის აბაზანებიც. არყის ეთერზეთი გამოყენება კოსმეტიკაში, ნატურალური წვენი შესანიშნავი სასმელია.

ლიტვინოვის არყი ტანდაბალია, 16-18 მ. სიმაღლის მრუდღეროიანი ხეა. კავკასიასა და მცირე აზიის ზ.დ. 1800-2500 მეტრის (ზოგჯერ ზღვითაც) ფარგლებში გვხვდება. ტყის ზედა საზღვარზე ტანბრეცილ არყნარს ქმნის, მთის შუა სარტყელში _ კარგ, სუფთა შერეულ კორომებს.

მეჭეჭიანი არყი საშუალო სიმაღლის (20-22) მეტრის ხეა.

იგი გავრცელებულია ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და კავკასიაში. საქართველოში იგი ნაკლებად გვხვდება 1000-1200 მეტრზე, იშვიათად 2300 მეტრზე.

ჩვენში გავრცელებული ყველა სახეობის არყის ეკოლოგია და ბიოლოგია თითქმის იდენტურია. მათი აღმონაცენი ყინვებისადმი საკმაოდ გამძლეა. იგი უაღრესად სინათლის მოყვარულია, ხანგრძლივად ოდნავ დაჩრდილვასაც ვერ იტანს. ნიადაგების და ჰაერის ტენიანობის მიმართ დიდი მოთხოვნილებით არ გამოირჩევა, მაგრამ დაბლობში ხანგრძლივ გვალვას ვერ იტანს (მაღალ მთისგან განსხვავებით). იგი ვერ ეგუება ჭარბტენიან და დაჭაობებული ნიადაგებს, მაღალ მთიანეთში კი თხელ ნიადაგებზეც ხარობს.

არყის თესლი ივლის-სექტემბერში მწიფდება. მისი შეგროვება უმჯობესია 30-60 წლიან კორომებში. ზ.დ. 1000 მეტრზე მაღლა.

არყის ხეთა უმეტესობა პარტენოკარპული (აღმოცენებადაკარგული) თესლი ახასიათებს, ამიტომ შეგროვებისთანავე უნდა განისაზღვროს მისი ვარგისიანობა.  ამისთვის თეთრი ქაღალდის ფურცელზე ჭყლეტენ თესლს. თუ გაჭყლეტილი გულსავსეა, იგი აღმოცენებისუნარიანია.

უმჯობესია არყის თესლნერგები გამოყვანილი იქნეს ქილებში. ამ შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეიძლება მისი მთაში დარგვა. 

გაზაფხულზე, ჭარბი წვენთამოძრაობის პერიოდში, მცენარეს ღეროზე უკეთებენ პატარა ჭრილობას, საიდანაც გადმოდინებული წვენი საუკეთესო სასმელია. იგი შეიცავს მინერალურ და ორგანულ ნივთიერებებს. მასში ბევრია შაქარი.

ამბობენ, რომ გაზაფხულზე არყის ჭარბი წვენდენა წვიმიანი ზაფხულის მომასწავებელია, ხოლო თუ არყმა შეფოთვლა დაასწრო ნეკერჩხალს, გვალვიან ზაფხულს უნდა ველოდოთ.

არყს შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა მეტყევე ინჟინერმა ახალციხიდან ზაქარია ზედგენიძემ _ „მონატრება“. გთავაზობთ ამონარიდს ლექსიდან.

„ყრმობის ასაკს გადავცილდი, 

შენთან ყოფნა მარად მწადის

შენს ალერსში  გავატარე 

შვიდჯერ ათი წელიწადი.

შენი წვენი წამლად მექცეს

შენი ხოტბა მექადაგოს

ანდერძს ვტოვებ, „ყველა კაცმა“

თითო არყის ხე რომ დარგოს“!

ამას შეგთხოვ დიდო ღმერთო, 

თაფლის სანთლად ჩამომღვენთო

რომ საყვარელ თეთრ არყნარში 

​მარადიულ ცეცხლად ვენთო“…

ტრისტან ჩერქეზიშვილი, 

„ტყე და ადამიანი“