ეკონომიკური რეაგირება COVID-19-ზე _ როგორ უმკლავდება გამოწვევას საქართველო
ახალი კორონავირუსის (COVID-19) აფეთქებამ მთელი მსოფლიო მოიცვა, რის გამოც გლობალური ეკონომიკური რეცესია უკვე რეალობა გახდა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოთვლებით, 2020 წელს საქართველოს საბაზისო მშპ-ის ზრდა შეიძლება 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირდეს, იმის მიხედვით, თუ რამდენად მასშტაბური იქნება კრიზისის გავლენა რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაზე.
საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ შეიძლება ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში მშპ _ 0.8%-ით, პესიმისტური სცენარის შემთხევაში კი 5.4%-ით შეამციროს. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ფულადი გზავნილები შეიძლება 114 მლნ. აშშ დოლარით შემცირდეს, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი ამ რიცხვმა შეიძლება 629 მლნ. აშშ დოლარს მიაღწიოს.
მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის კოორდინირებული ღონისძიებების გარეშე, ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანაში შეიძლება ისტორიულ მასშტაბებს მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად და ეფექტიანად უპასუხა პანდემიას, თუმცა კრიზისის მასშტაბი სწრაფად იზრდება და მალე დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო. ამ კუთხით საქართველომ უნდა გაითვალისწინოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და გაატაროს ფისკალური სტიმულირების უფრო ძლიერი ზომები, რათა ეფექტურად დაუკავშირდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კრიზისის გამო:
♦ დაბალი პროცენტის მქონე სესხების უზრუნველყოფა დაზარალებული პირებისთვის ან პირდაპირი ფულადი სახსრების გამოყოფა დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ხანდაზმულები და ბავშვები ჰყავთ;
♦ ე.წ. „ფული ვერტმფრენიდან“ ან ფულადი ტრანსფერები იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავალიც გარკვეულ ზღვარს დაბლაა;
♦ სახელმწიფო სუბსიდიების საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისთვის საჭირო ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა;
♦ კომპანიების წახალისება კრიზისის მომდევნო თვეებში დასაქმების დონის შენარჩუნების პირობით.
თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია შეამციროს უცხოური ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე არსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ეს გაუფასურებისა და ინფლაციის მოლოდინების წარმოქმნის გარეშე გამოიწვევს უცხოურ ვალუტაში სესხებისა და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებას.
კვლევის მასალები უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/u/3/folders/1aby5i_S9ODQFLvCtaYxc49ZtAeneED8b