აგროსიახლეები

მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

როგორც მთავრობის შესაბამის დადგენილებაშია აღნიშნული, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მიზანია არასაფურაჟე ხორბლისა და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება. პროგრამის ამოცანას კი, წარმოადგენს ქვეყანაში ხორბლისა და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მარაგების შექმნის სტიმულირება.

პროგრამას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.

დადგენილება პროგრამის პირობებსა და შეზღუდვებს, ბენეფიციარის მიერ შესასრულებელ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, ასევე სხვა დეტალებს განსაზღვრავს.

პროგრამა პოტენციური ბენეფიციარებისთვის საქართველოში ხორბლის იმპორტის მიზნით სუბსიდირებას ითვალისწინებს.  სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში; პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2 000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა  ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული  პირობების  შესაბამისად.

დადგენილების თანახმად, პოტენციური ბენეფიციარები დააფიქსირებენ ყოველ ერთ ტონა იმპორტირებულ ხორბალზე გადაანგარიშებით მისაღები სუბსიდიის ოდენობას და ხორბლის იმ მოცულობას, რომლის იმპორტსაც ისინი განახორციელებენ პროგრამის ფარგლებში.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, პროგრამის პირობების გათვალისწინებით, ოტენციურ ენეფიციართან  სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმებას განახორციელებს შემდეგი პრინციპით: უპირველესად ხელშეკრულება გაფორმდება იმ პოტენციურ ბენეფიციართან, რომელსაც განაცხადში დაფიქსირებული ექნება სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ ტონა ხორბალზე გადაანგარიშებით. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესი თანხით შეთავაზებული მოცულობა ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ფარგლებში საიმპორტო რაოდენობას, ხელშეკრულება გაუფორმდება შემდეგი უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ ბენეფიციარს და გაგრძელდება ამავე პრინციპით, სანამ არ შეივსება პროგრამით დადგენილი ხორბლის რაოდენობა.  ამასთან, ბენეფიციარის მიერ სუბსიდიის თანხა უნდა დაფიქსირდეს უცხოურ ვალუტაში და შესაბამისი კურსით ლარში განაცხადის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. სუბსიდია გაიცემა ეროვნულ ვალუტაში ბენეფიციარის მიერ მიმწოდებელ კომპანიასთან საბანკო გადარიცხვით განხორციელებული ანგარიშსწორების დღეს დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 40 000 ტონა ხორბლის  იმპორტის სუბსიდირება.

სუბსიდირება განხორციელდება დადგენილების ამოქმედების თარიღიდან (17 აპრილიდან) 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.

პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული-მისაღები შესაბამისი მოცულობის პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზაცია განახორციელოს ერთ 50 კგ-იან ტომარაზე არაუმეტეს 51 ლარად, სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრება სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა.