მეწარმე გაჭირვებულ ოჯახებს სათბურში მოყვანილ კიტრს უფასოდ ურიგებს
ზუგდიდელი მეწარმე გიორგი გერგედავა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში კიტრის სათბურებს ფლობს, გეგმავს, თავისი მოსავალი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს.
მეწარმე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს პროდუქტის რეალიზაციას და მზადაა მთელი მოსავალი უანგაროდ დაურიგოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
მეწარმე ზუგდიდის მერიას პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის დახმარების თხოვნით მიმართავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ვარ სასათბურე მეურნეობის მფლობელი ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშიდან. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია არის შეჩერებული, რადგან არ ფუნქციონირებენ: რესტორნები, სასტუმროები და საბითუმო ბაზრები არც ერთ ქალაქში. ასევე არ გვაქვს გადაადგილების საშუალება, შესაბამისად, პროდუქციის მიწოდებაც ვერ ხერხდება, რომც მოხერხდეს მყიდველიც არ არის, რადგან ბაზარი არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეწარმეს გაგვაჩნია უდიდესი ვალდებულება ბანკების წინაშე, ასეთ მდგომარეობას ისინი არ ითვალისწინებენ.
ზუგდიდის მერიას ვთხოვ, სოფ. ცაიშში გამოუშვას პიკაპი, რათა გადავცე მიღებული მოსავალი საქველმოქმედოდ, საოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახებთვის. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის“.
წყარო: fortuna.ge