რას ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება ფერმერების დახმარებას, ეს არის პირდაპირი დახმარება – სუბსიდირება იმისთვის, რომ ფერმერებს წარმოება გაუმარტივდეთ და გაუიაფდეთ; მათთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა მასალა, რომელიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება”, – განაცხადა მინისტრმა.
- მცირემიწიანი ფერმერების დახმარება
იწყება ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“
პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით).
- 25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად:
- სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები;
- მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები;
- სათესლე და სარგავი მასალები.
- 25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური (ხვნის) სამუშაოების მომსახურების შესაძენად.
პროექტის ფარგლებში, არაუმეტეს 10 ჰექტრისა ერთიანი მიწის ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2000 ლარს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი.
პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია და პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.