კავკასიური წაბლა – პირველი კულტურული ჯიშია ამიერკავკასიაში
ХХ საუკუნის განსაკუთრებული მიღწევა ზოოტექნიკურ მეცნიერებაში იყო მსხვილფეხა პირუტყვის – ახალი კავკასიური წაბლა ჯიშის გამოყვანა, რომელიც კავკასიის ქვეყნების მეცნიერთა ძალისხმევის გაერთიანების საუკეთესო მაგალითია.
ცნობილია, რომ ადგილობრივი კავკასიური მსხვილფეხა პირუტყვის შეჯვარება შვიცურ ჯიშთან პირველად 1864 წელს ერთ-ერთ მსხვილ ფერმაში განახორციელა ევროპიდან საქართველოში გადმოსახლებულმა ა. კუჩენბახმა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ХIХ საუკუნის 80-იანი წლებში ა. კუჩენბახის საქმე გააგრძელეს სხვა მესაქონლეებმა. მათ შორის იყვნენ ძმები ამატერები, ნიდიგერი, კუჩენბახის ვაჟი. მოგვიანებით შვიცური ჯიშის პირუტყვი აღიარებულ იქნა ამიერკავკასიაში გეგმური მოშენებისათვის.
დაგროვილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე 1940 წელს დაიგეგმა სამუშაოები საქართველოს მთიან რეგიონებში ახალი, წაბლა ჯიშის პირუტყვის გამოყვანის მიზნით. სამუშაოები მიმდინარეობდა 1941-1949 წლებში ა. კუჩენბახის ყოფილი ფერმის ბაზაზე „ბაშკიჩეთის“ სახელმწიფო მეურნეობაში და რამდენიმე კოლმეურნეობაში. შემდეგ ქართველი მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ძალისხმევა გაერთიანდა მსგავს შედეგებთან, რომელიც ხორციელდებოდა სომხეთში და აზერბაიჯანში, სადაც შვიცთან შეჯვარებისთვის გამოყენებულ იქნა მცირეკავკასიური მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე ზებუ.
ბოლო ეტაპზე სამუშაოები გაფართოვდა – მათ დაემატა დაღესტანში გამოყვანილი მსხვილფეხა პირუტყვის ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი მთავარკავკასიური მსხვილფეხა პირუტყვისა და შვიცური ჯიშის ნაჯვარი იყო. მთავარკავკასიური მსხვილფეხა პირუტყვი ადგილობრივი ჯუჯა ჯიშია. ჩვეულებრივ პრიმიტიულ პირობებში ამ ჯიშის მიახლოებით მასაა 200 კგ. მას აქვს უნარი თავისუფლად გადაადგილდეს ციცაბო მთის ფერდობებზე არსებულ საძოვრებზე რომლებიც სხვა მსხვილფეხა პირუტყვისათვის მიუწვდომელია.
მცირე კავკასიურ მსხვილფეხა პირუტყვს, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შვიცურ ჯიშთან შეჯვარებისთვის გამოიყენეს, გაცილებით მეტი მასა ჰქონდა, ვიდრე მთავარკავკასიურ მსხვილფეხა პირუტყვს. (მოწიფული ძროხის საშუალო ცოცხალი მასა 260 კგ-ს შეადგენდა). სხვა განსხვავებების მიუხედავად, სასურველი ტიპის მსხვილფეხა პირუტყვის შერჩევა-გადარჩევის, მწარმოებლის გაცვლისა და სხვა ღონისძიებების გზით, ახალი ჯიშის გამოყვანის დროს მიღწეულ იქნა ამ ჯიშისათვის აუცილებელ გენოტიპთან მსგავსება.
მეცნიერთა ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ახალი ჯიშის გენეტიკური სტრუქტურის კონსოლიდაციის დაჩქარება. მისი აპრობაცია მოხდა 1960 წელს ავტორიტეტული კომისიის მიერ. საქართველოში ჯიშის გამოყვანას ხელმძღანელობდა გამოჩენილი მეცნიერი, პროფესორი ნესტორ გოცირიძე.
მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად ჯიშის გამოყვანაში მონაწილეობდნენ ფერმების მუშაკები და სხვა მეცხოველეები.
მანამდე ამიერკავკასიაში არ ჰყავდათ მსხვილფეხა პირუტყვის საკუთარი კულტურული ჯიში, რომლის შექმნასაც ამ სფეროს ინტენსიფიკაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ძროხის კავკასიური ჯიში კავკასიის ენდემია!
საქართველოში ახალი ჯიშის საუკეთესო ნახირი, რომელსაც „კავკასიური წაბლა“ ეწოდა, კუჩენბახის ძველი მამულის ბაზაზე, სახელმწიფო სანაშენე ფერმა „ბაშკიჩეთში“ იყო განთავსებული. ამ მეურნეობაში ახალი ჯიშის ძროხის ცოცხალი მასა დაახლოებით 500 კგ აღწევდა, წლიური საშუალო წველადობა – 4000 კგ, ცხიმიანობა – 3,84 %. სხვა ფერმებში, სადაც ძროხის ცოცხალი მასა 420 – 460 კგ იყო, ხოლო წველადობა – 2400 – 2800 კგ, რძის ცხიმიანობა 3,8 – 4,0 %-ს შეადგენდა. გასნხვავება პროდუქტიულობაში ძირითადად სხვადასხვა დონის კვებით იყო გამოწვეული. ახალი ჯიშის პირუტყვისათვის დამახასიათებელი იყო ყავისფერი ბალნის საფარი.
ადგილობრივ მოსახლეობაში ახალმა ჯიშმა სწრაფად მოიპოვა აღიარება და ფართოდ გამრავლდა, რადგან მასში წარმატებით იყო გაერთიანებული პირუტყვის გამძლეობა და ადაპტაცია ადგილობრივ მწირ საკვებთან და შენახვის პირობებთან. ამ ჯიშს აქვს პოტენციალი, რათა პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში გააუმჯობესოს რძის და ხორცის პროდუქტიულობა. ეს პოტენციური შესაძლებლობა მაღალ პროდუქტიული შვიცური ჯიშისგან იყო მემკვიდრეობით მიღებული.
საქართველოში ორგანიზებული იყო ამ ჯიშის 35 სანაშენე ფერმა, რომლებიც წლიდან – წლამდე ახალი ჯიშის პროდუქტიულობის ზრდას უწყობდა ხელს. სხვადასხვა ქვეყნის ცალკეული ფერმები, სადაც კავკასიურ წაბლა ჯიშს ამრავლებდნენ, საშუალოდ ერთ ფურზე 3500 – 4000 კგ-მდე რძეს აწარმოებდენ. პროდუქტიულობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სომხეთში, იქ სოფ. შაუმიანის ფერმაში საშუალო წველადობა 4410 კგ-მდე გაიზარდა, მათ შორის მესამე და შემდგომი ლაქტაციაზე – 4585 კგ-მდე. შედეგები გაუმჯობესებული კვებითა და მეცხოველეთა ერთობლივი მუშაობით იყო მიღებული.
რეკორდსმენი გახდა ძროხა კრალია № 5314 ბაშკიჩეთის სამომშენებლოდან, მან 305 დღეში 4 ლაქტაციის პერიოდში მოიწველა 8789კგ რძე; რძის ცხიმიანობა შეადგენდა 3,95 %-ს, ცოცხალი მასა – 560 კგ-ს. ცოცხალი მასის 1 კგ-ზე 15,7 კგ რძე მოდიოდა, რაც ჯიშის მაღალ პოტენციალზე მიუთითებს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ სანაშენეში მუშაობის შედეგად დაგროვილი უნიკალური მონაცემები ზოოტექნიკური და სანაშენე მიმართულებით მოიცავდა 10-ზე მეტი თაობის შეჯვარებულ პირუტყვს. ამ მონაცემებით მიღებულ ღირებული ინფორმაცია კი ჯიშის გაუმჯობესებისათვის იყო გამოყენებული [1,2,3,4,5].
ჯიშის აღიარების შემდეგ მალევე შეიქმნა რესპუბლიკათშორისი სანაშენე სამუშაოების საბჭო, რომლის ინიციატივით 1968 წელს გამოიცა კავკასიური წაბლა ჯიშის შესახებ სანაშენე წიგნის პირველი და 1970 წელს მეორე ტომი. საბჭომ შემდგომ შეწყვიტა არსებობა და მესამე ტომი გამოიცა სომხეთში, რომელშიც არ იყო მოცემული სხვა რესპუბლიკების მონაცემები.
ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში სანაშენე პირუტყვის ფერმებსა და სახელმწიფო მეურნეობებში კავკასიური წაბლა ჯიშის პირუტყვის რაოდენობა 1990 წელს შეადგენდა 171 ათასს. გაცილებით მეტი იყო ამ ჯიშის პირუტყვი სოფლის მოსახლეობის კერძო საკუთრებაში. მიუხედავათ იმისა, რომ პირუტყვის სახეობის აღწერა საერთოდ არ ტარდებოდა, მაინცა აღმიჩდა, რომ აქ იყო თავმოყრილი მთელი რესპუბლიკის ფურების საერთო რაოდენობის 74 %.
საქართველოში კავკასიური წაბლა ჯიშის მითითებული რაოდენობა გაცილებით მეტი იყო სხვა ჯიშებთან შედარებით იმის მიუხედავდ, რომ მსხვილფეხა პირუტყვი სისტემატურად შემოჰყავდათ რუსეთის სხვადასხვა ოლქიდან, რომელსაც შედარებით განვითარებული მეცხოველეობა ჰქონდა. მაგრამ იმ პირუტყვებისთვის, რომლებიც შედარებით საუკეთესო ადგილებიდან შემოიტვანეს, რთული იყო ახალ, ექსტრემალურ პირობებთან შეგუება. მათ ვერ შეძლეს მაღალი პროდუქტიულობის გამოვლენა და ფაქტობრივად ისინი ვერც შთამომავლობას ტოვებდნენ. ამიტომაც ძვირად ღირებული მსხვილფეხა პირუტყვის მასობრივი შემოყვანა შეწყდა და კატასტროფულად შემცირდა მათი რაოდენობა, რომელმაც გზა დაუთმო ძირითადად კავკასიურ წაბლას, რომელიც, საქართველოსთვის დამახასიათებელი მეურნეობების პირობებიდან გამომდინარე, არასაკმარისად გამოკვებული, მაგრამ სხვა შემოყვანილ კულტურულ ჯიშებთან შედარებით გაცილებით მაღალპროდუქტიული იყო.
კავკასიურ წაბლაზე უფრო მაღალი წველადობით გამოირჩევა შავ-ჭრელი ძროხის ჯიში, რომელიც ყველის წარმოების განვითარების მიზნით იქნა შემოყვანილი მთიან რეგიონებში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წველადობაში არსებულ ამ განსხვავებას ფარავს კავკასიური წაბლას რძეში არსებული შედარებით მაღალი შემცველობის შესაბამისი ცილები (კაზეინის კაპა ფრაქცია), რომლებიც ყველის შედგენლობაში გადადის. ამიტომ ამ ძროხის რძისგან უფრო მეტი ყველი მზადდება, ვიდრე შავ-ჭრელი ჯიშისგან.
გასული საუკუნის 80-იანწლებში სანაშენე სამუშაოები მიმდინარეობდა კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში, სოფლის მოსახლეობის კერძო მეურნეობებში კი ამ საქმეს საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება. როდესაც მეცხოველეობის პრივატიზაცია დაიწყო, მეწარმეებმა უპრველეს ყოვლისა შეიძინეს სანაშენე მეურნეობის ხარისხით გამორჩეული ჯიშიანი პირუტყვი, რომელიც სწრაფად შეერია არასანაშენე პირუტყვს. მის ახალ მფლობელებს სურვილიც კი არ ჰქონდათ დაუფლებოდნენ სანაშენე მუშაობის გამოცდილებას.
პრივატიზებული სანაშენე პირუტყვი თანდათანობით გადაჯიშდა, რადგან ხალასი ჯიშის სანაშენე ფურები ნაყოფიერდებოდა გაურკვეველი წარმოშობის ბუღა-მწარმოებლით, მათგან მიღებული შთამომავლობა რჩებოდა ნუმერაციის გარეშე, არ არსებობდა წარმოშობის რეგისტრაცია და პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლები. ამ პირობებში კავკასიური წაბლა ჯიშისაგან დარჩა მხოლოდ სახელი. იგივე ბედი ეწია საქართველოში გავრცელებული პირუტყვის სხვა ჯიშებსაც. რესპუბლიკაში არ დარჩა მეურნეობა, რომელსაც შეეძლო ეზრუნა ბუღა-მწარმოებლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. გაურკვეველი წარმოშობის ახალგაზრდა მდედრი პირუტყვი განაყოფიერდებოდა თავისუფალი დაგრილების გზით, რის გამოც უარესდებოდა შთამომავლობის ხარისხი.
საკითხი ჯიშის აღდგენის შესახებ ჩვენ მიერ პირველად დაისვა ქ. ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა ამიერკავკასიის რეგიონში აგრარული კომპლექსის სტაბილურ განვითარებას [6]. ამის შემდეგ საკითხი მოხსენებულ იქნა 2015 წლის 30-31 მარტს FAO-ს ეგიდით ბუდაპეშტში ჩატარებულ რეგიონულ ტექნიკურ კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის პრიორიტეტული ჯიშების შენარჩუნებას. შექმნილი ვითარების გამოსწორებისათვის პირველ რიგში უნდა აღდგეს რესპუბლიკათშორისი სანაშენე მუშაობის საბჭო, რაც ხელს შეუწყობს ყოფილი რესპუბლიკების გამოცდილების გაზიარებას. მაგალითისთვის შეიძლება ავიღოთ თავის დროზე რეკომენდებული კავკასიური წაბლას ჯიშის მასობრივი გადაფარვა ამერიკული სელექციის შვიცით. მოშენების აღნიშნული მეთოდის გამოყენება საჭიროა მხოლოდ ჩვენი მეცხოველეობის ინტენსიფიკაციისთვის, როცა ხდება საფუძვლიანი სელექცია და პირუტყვის მკაცრი გადარჩევა. მისი სრულყოფის მთავარი მეთოდი იქნება ხალასი მოშენება, იმის გათვალისწინებით რომ შეჯვარების დროს უკვე პირველ თაობაში იკარგება აბორიგენული ჯიშისგან მემკვიდრეობით მიღებული ფასეული ნიშან-თვისებების ნახევარი (კერძოდ, ადგილობრივ პირობებთან მაღალი ადაპტაციის უნარი), რის გარეშეც ჯიშს არ შეუძლია დიდხანს არსებობა.
ჩვენს ქვეყანაში კავკასიური წაბლა ჯიშის აღდგენას და შემდგომ სრულყოფას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გრძლევადიანი კრიზისის შემდგომ. ეს იქნება დასაწყისი მეძროხეობის კულტურის დონის ამაღლებისა და შემოსავლების ზრდისა. მსხვილფეხა პირუტყვის ინტენსიურობის დონე დღეს ძალიან დაბალია, პირუტყვის კვებისა და შენახვის პირობები საგრძნობლად გაუარესდა, შემცირდა წველადობაც. თავის დროზე კოლმეურნეობის ფერმებში ძროხის წველადობა საშულაოდ 1,5-ჯერ უფრო მაღალი იყო.
ეს პირობები საკმაოდ ნელი ტემპით უმჯობესდება. მათში არ შეუძლიათ არსებობა და მაღალი პროდუქციის მოცემა ისეთ მაღალპროდუქტიულ ჯიშებს, როგორიცაა ჰოლშტინური, რომელიც აშშ-სა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში საშუალოდ წელიწადში ერთ ფურზე 8 ათას კგ-ზე მეტ რძეს იძლევა. ასეთი პირობების შექმნა უახლოეს მომავალში მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია შესაძლებელი.
კავკასიური წაბლას ჯიშის აღდგენისას შერჩევასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნას პირუტყვის კვება, შენახვა და მრავალი სხვა, რათა შესაძლებელი გახდეს პროდუქტუილობის ხარისხის ამაღლება იმ დონემდე, რაც დამახასიათებელია კავკსიური წაბლას ჯიშისათვის. შემდგომში კი იმ დონემდე, რომელსაც ევროპულმა კულტურულმა ჯიშებმა მიაღწია. ეს საშური საქმეა და მანამ სჭირდება მოგვარება, სანამ ჯერ კივევ შემორჩენილია ამ ჯიშის მაღალპროდუქტიული სულადობა პირად მეურნეობებში. სამუშაოები უნდა ჩატარდეს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად, საერთო მეთოდიკით. მაგრამ, ვინაიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რთული პოლიტიკური ვითარებაა ამ სამუშაოების შესრულება შეიძლება განხორციელდეს ქართველი მეცნიერების შუამავლობით, რომლებსაც ორივე მეზობელ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები აქვთ.
ასე რომ, დარგის განვითარების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების საფუძველზე და მეცნიერთა ძალისხმევით იქ, სადაც აქტუალურად გამოიყენება მეცნიერთა მიღწევები და აგრარული მეცნიერება სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის მოწინავე პოზიციებზე დგას, შესაძლებელია კავკასიურის წაბლას ჯიშის გადარჩენა და მესაქონლების აღორძინება.
/ლევან თორთლაძე/, პროფესორი