დარგებიმებაღეობამცენარეთა დაცვაფერმერი ფერმერს

ბლის ინტეგრირებული დაცვა მავნე ორგანიზმებისაგან

ზრდა-განვითარების პერიოდში ბალი შესაძლოა დაზიანდეს სხვადასხვა დაავადებების, მავნებელი მწერების და ტკიპების მოქმედების შედეგად. ბლის დაავადების გამომწვევი შესაძლოა იყოს როგორც სოკო, ასევე ბაქტერია და ვირუსი.

დაავადებებიდან ბალს ძირითადად აზიანებს ალუბლის ქაჯის ცოცხი, კურკოვანთა კოკომიკოზი, ნაადრევი ხმობა, ნაცრისფერი სიდამპლე, ბაქტერიული ლაქიანობა, ბაქტერიული სიდამწვრე და ფესვის ბაქტერიული კიბო.

დაავადებების გარდა ბალს აზიანებს მრავალი მავნებელი მწერი, რომელთაგან აღსანიშნავია ძოწეული წითელი რინქიტი, ქლიავის ნაყოფჭამია, ალუბლის ხერხია, ალუბლის რინქიტი, შავი პეწიანა, აღმოსავლური ნაყოფჭამია და სხვ.

მავნებლები 
ძოწეული წითელი რინქიტი

მავნებლის ხოჭო ოქროსფერია, სპილენძისებრ-წითელი ან მწვანე ელფერით. მისი ზედა ფრთები მრგვალი წერტილოვანი ბურცობებითაა დაფარული.

მატლი სპილენძისფერია, მოწითალო ელფერით. მოსვენების პერიოდში რკალისებრ მოღუნულია, მოძრაობის დროს კი სწორდება. წინა ზურგზე აქვს ფართო ზოლით გაყოფილი ყვითელი ლაქა.

ზიანი

მავნებლის მატლები იკვებებიან კულტურათა ნაყოფის რბილობით. შედეგად დაზიანებული ნაყოფი იჭმუჭნება და მუმიფიცირდება. მავნებლის ხოჭო კი ნაყოფში ხორთუმით ხვრეტს ორმოებს და შიგ დებს კვერცხებს. ხოჭოს მიერ დაზიანებული ნაყოფი ჭკნება და ცვივა.

ბრძოლა/წამლობები

მცენარეული ნარჩენების მოცილება ნაკვეთიდან და დაწვა. მავნებლის წინააღმდეგ წამლობები ტარდება კულტურის განვითარების ეტაპების და მავნებლის განვითარების ფაზის გათვალისწინებით.

წამლობისათვის გამოყენება: ალფაციპერმეტრინის, დელტამეტრინის, თიაკლოპრიდის, პირიმიფოსმეთილის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.

ქლიავის ნაყოფჭამია

მავნებლის პეპელას ფრთები ნაცრისფერი შეფერილობისაა (მურა-მონაცრისფრო). მატლი მოწითალოა. სხეული დაფარულია თხლად გაფანტული ვერტიკალურად მდგომი ბეწვებით.

ზიანი

მავნებლის მატლები იჭრებიან კულტურათა ნაყოფებში და აზიანებენ მათ. მატლის შეჭრის ადგილზე, ნაყოფის დაზიანებული ზედაპირიდან იწყება ფისის ჟონვა. ასევე დაზიანებული უბანი მუქდება და ხდება ყავისფერი ლაქის ფორმირება.

ბრძოლა/წამლობები

წებოვანი რგოლების გაკეთება ხეების შტამბების ფუძეებთან. მასობრივი გამრავლებისას საჭიროა წამლობების ჩატარება მავნებლის გავრცელების მიხედვით.

წამლობებისათვის გამოიყენება: ციპერმეტრინის, დიმეთოატის, თიაკლოპრიდის, დელტამეტრინის, პირიმიფოს-მეთილის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.

ალუბლის ხერხია

მავნებელი შავი ფერისაა, მინისებრ გამჭვირვალე და მოშავო-მურა ძარღვებიანი ფრთებით. ზრდასრული მავნებლის სხეულის სიგრძე 5-8 მმ-ია. მატლი შავი ფერის მბრწყინავი ლორწოთია დაფარული. თავად სხეული მომწვანო-ყვითელი შეფერილობისაა.

ზრდასრული მატლის სხეულის სიგრძე 10-15 მმ-ს შეადგენს.

ზიანი

მავნებელი კვერცხის დების პროცესში მავნებელი ჩხვლეტს და აზიანებს კულტურათა ფოთლებს, ხოლო მისი მატლები კი ღრღნიან ფოთლის რბილობს, რის შედეგადაც ფოთლებზე ჩნდება სხვადასხვა ზომის დაზიანებული უბნები.

ბრძოლა/წამლობები

ნიადაგის გადაბარვა ხეების ქვეშ. მასობრივი გამრავლებისას საჭიროა წამლობების ჩატარება მავნებლის გავრცელების მიხედვით. წამლობებისათვის გამოიყენება: დელტამეტრინის, თიაკლოპრიდის, პირიმიფოს-მეთილის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.

ალუბლის რინქიტი

მავნებლის ხოჭოს სხეული მომწვანო-ჟოლოსფერია, ოქროსფერი ელფერით. მისი ფრთების გასწვრივ პატარ-პატარა ორმოებია, რომელთა შორის წერტილები აღენიშნება.

ხოჭოს სიგრძე (უხორთუმოდ) 6-8,5 მმ-ია. ზიანი. მავნებელი აზიანებს კვირტებს, კოკრებს და ფოთლებს. დაზიანების შედეგად ხშირად ხდება ნასკვების დაცვენა.

ამას გარდა  კვერცხის დების პროცესში მავნებლის ხოჭო ნაყოფის რბილობში ღრღნის ხვრელს კურკამდე და დებს კვერცხს. ამ სახით დაზიანებული ნაყოფები ლპება.

ბრძოლა/წამლობები

გაზაფხულზე წებოვანი რგოლების გაკეთება ხეების შტამბების ფუძეებთან.

მცენარეული ნარჩენების მოცილება ნაკვეთიდან და დაწვა. მასობრივი გამრავლებისას საჭიროა წამლობების ჩატარება მავნებლის გავრცელების მიხედვით. წამლობებისათვის გამოიყენება: დელტამეტრინის, თიაკლოპრიდის, პირიმიფოს-მეთილის, ალფაციპერმეტრინის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.

შავი პეწიანა

მავნებელი შავი შეფერილობისაა, ზედა ფრთებზე მოგრძო-მოთეთრო წვრილი წერტილოვანი მწკრივი გასდევს. მატლი ქინძისთავისებრი ფორმისაა, არ აქვს ფეხები და თვალები. მოთეთრო ფერისაა. ზრდასრული მავნებლის სხეულის სიგრძე 15-28 მმ-ია.ხოლო მატლის სიგრძე 6-7 სმ-ს აღწევს.

ზიანი

მავნებლის მატლები იკვებებიან ხე-მცენარეთა ფესვებით, ხოლო ზრდასრული მავნებელი კი იკვებება კვირტებით და ყლორტის კანით.

ბრძოლა/წამლობები

სარგავი მასალის დეზინფექცია. მასობრივი გამრავლებისას საჭიროა წამლობების ჩატარება მავნებლის გავრცელების მიხედვით. წამლობებისათვის გამოიყენება: თიაკლოპრიდის, პირიმიფოს-მეთილის, დელტამეტრინის, ციპერმეტრინის, დიმეთოატის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.

აღმოსავლური ნაყოფჭამია

მავნებლის უფროსი ასაკის მატლის სიგრძე დაახლოებით 14 მმ-ია. იგი ნაცრისფერია, მკრთალი-მოწითალო ელფერით, თავი ყავისფერი ან მუქი-ყავისფერია. მუცლის ცრუფეხების კაუჭები ერთიარუსიანია და გაწყობილია გვირგვინით.

აღმოსავლური ნაყოფჭამიას პეპელას ზომა გაშლილი ფრთებით დაახლოებით 15-16 მმ-ია. პეპლის საერთო ფერი ნაცრისფერია.

ზიანი

მავნებლის მატლები აზიანებენ ვაშლის ყლორტებს და ნაყოფებს: ღრღნიან და წარმოშობენ ხვრელებს, რის შედეგადაც იწყება ფოთლებისა და ყლორტის ხმობა. გარდა ამისა, დაზიანებულ ადგილებში ყლორტი და ნაყოფი გამოყოფენ ფისს. ასეთი ნაყოფები საკვებად უვარგისია და მალე ლპება.

ბრძოლა/წამლობები

გამხმარი ტოტების და მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოცილება ნაკვეთებიდან. მასობრივი გამრავლების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ქიმიური წამლობების განხორციელება. წამლობებისათვის გამოიყენება: დელტამეტრინის, დიმეთოატის, თიაკლოპრიდის, ესფენვალერატის, ალფა-ციპერმეტრინის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.

დაავადებები
ალუბლის ქაჯის ცოცხი

განვითარების ოპტიმალური პირობები:

ტემპერატურა: 15-18°C.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 77%-ზე მეტი.

სიმპტომები

დაავადების გამომწვევი სოკო იჭრება მერქანში, მძინარა კვირტებს აღიზიანებს გამოაღვიძებს და შედეგად უამრავი ტოტი იწყებს ერთდროულად განვითარებას. მიიღება ბუჩქისებრი წარმონაქმნი. დაავადებული მცენარის ფოთოლი მკრთალი შეფერილობისაა, სუსტად ვითარდება და ნაადრევად სცვივა.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლა/წამლობები

 დაზიანებული ტოტების მოჭრა და განადგურება;

მოსვენების პერიოდში ხეების 3%-იანი ბორდოული სითხით დამუშავება.

კურკოვანთა კოკომიკოზი

განვითარების ოპტიმალური პირობები _ ტემპერატურა: 22-23°C.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85%-ზე მეტი.

სიმპტომები

კოკომიკოზი უმთავრესად აზიანებს მცენარის ფოთლებს, მერქანს და ყლორტებს. ფოთლებზე აღინიშნება ყავისფერი ლაქები, რომელიც მოგვიანებით ხმება და ცვივა. დაავადებული ხეების ყლორტები მუქდება და ხმება. შედეგად, ხე სუსტდება, ზრდაში ჩამორჩება და კლებულობს მისი პროდუქტიულობა.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.

ბრძოლა/წამლობები

დაავადებისადმი გამძლე ჯიშების წარმოება. ადრე გაზაფხულზე ხეების 3%-იანი ბორდოული სითხით დამუშავება (ე.წ. “ცისფერი წამლობა”). შემდგომ პერიოდში კი კულტურათა ვეგეტაციის განსაზღვრულ ეტაპებზე დაავადების წინააღმდეგ წამლობისათვის გამოიყენება: დიფენოკონაზოლის, კაპტანის, სპილენძის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

ნაადრევი ხმობა

განვითარების ოპტიმალური პირობები _ ტემპერატურა: 18-30°C.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80%-ზე მეტი. სიმპტომები. დაავადება აზიანებს ბლის ქერქს და ფოთლებს. დაავადებული ფოთლები ყვითლდება, ხის ქერქი შრება, ტოტებზე კი შეინიშნება ქერქის დანაოჭება. მცენარის ნაწილი იწყებს ხმობას.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის ღონისძიებები

 დაავადებული ტოტების მოცილება.

ნაცრისფერი სიდამპლე

განვითარების ოპტიმალური პირობები _ ტემპერატურა: 24-28°C.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 75%-ზე მეტი.

სიმპტომები

ნაცრისფერი სიდამპლე აზიანებს ნაყოფს, ყვავილს და ხეს. დაავადებულ ნაყოფზე ჩნდება ნაცრისფერი მეჭეჭები. საბოლოოდ, ნაყოფი ჭკნება. დაავადებული მცენარის ყვავილები და ტოტები ჭკნება და შვეულად ეშვება.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.

ბრძოლა/წამლობები

ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისა და ჩამოცვენილი დამპალი ნაყოფებისაგან.

საწყობის მონიტორინგი და დამპალი ნაყოფების მოცილება;

დაავადებული ტოტების გასხვლა;

გამძლე ჯიშების წარმოება.

ადრე გაზაფხულზე საჭიროა ხეების 3%-იანი ბორდოული სითხით დამუშავება ყვავილობამდე. შემდგომ პერიოდში კი კულტურათა ვეგეტაციის განსაზღვრულ ეტაპებზე დაავადების წინააღმდეგ წამლობისათვის გამოიყენება ფენჰექსამიდის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვ. მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

ბაქტერიული ლაქიანობა

განვითარების ოპტიმალური პირობები _ ტემპერატურა: 28°C.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 70%-ზე მეტი.

სიმპტომები

დაავადებული მცენარის ფოთოლზე ჩნდება წვრილი, კრიალა ლაქები, რომელიც შემდგომში მუქდება და ხდება მუქი-ყავისფერი. ლაქების გაჩენის ადგილებში ფოთოლი იჩვრიტება, იცხრილება და ბოლოს ხდება ფოთლების დაცვენა. ნაყოფზე წარმოიქმნება ჩაღრმავებული ადგილები ლაქებით, ყლორტები კი შიშვლდება.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდი _ ზაფხული.

ბრძოლა/წამლობები

ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა ჩამოცვენილი ფოთლების და დაზიანებული მცენარეული ნარჩენებისაგან.

კულტურათა სახეობების და ვეგეტაციის ეტაპების გათვალისწინებით, დაავადების წინააღმდეგ შესაძლებელია სპილენძის ჰიდროქსიდის ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდების გამოყენება.

ბაქტერიული სიდამწვრე

განვითარების ოპტიმალური პირობები _ ტემპერატურა: 20-23°C.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 40-60%. სიმპტომები. დაავადებული მცენარის ნაყოფზე ჩნდება მუქი წითელი ან შავი ლაქები. შეინიშნება ექსკუდატის დენა. ნაყოფი ივსება მიცელიუმით და მუმიფიცირდება. ტოტებზე და ქერქზე ჩნდება ნეკროზული წყლულები და ამ წყლულებიდან იწყება ექსკუდატის დენა. ყვავილები და ტოტები ჭკნება და ცვივა.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდი: ზაფხული.

ბრძოლა/წამლობები

ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა ჩამოცვენილი ფოთლების და დაზიანებული მცენარეული ნარჩენებისაგან.

კულტურათა სახეობების და ვეგეტაციის ეტაპების გათვალისწინებით, დაავადების წინააღმდეგ შესაძლებელია სპილენძის ჰიდროქსიდის ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდების გამოყენება.

ბაქტერიული სიდამწვრე

განვითარების ოპტიმალური პირობები _  ტემპერატურა: 20-23°C.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 40-60%. სიმპტომები. დაავადებული ხეხილის იდენტიფიცირება ხდება მცენარის ნაწილების სწრაფი გამუქებით. ფოთოლი, ნაყოფი და ტოტები მუქდება, ხმება და ცვივა. ტოტებზე შეინიშნება სითხის გამოყოფა და ქერქის სკდომა. ფესვებზე წარმოიქმნება კორძები. სიმპტომების გამოვლენის პერიოდი: ზაფხული.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები

ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა ჩამოცვენილი ფოთლების და დაზიანებული მცენარეული ნარჩენებისაგან.

საღი სანერგე მასალის გამოყენება.

წყარო: USAID/REAP