აგროსიახლეებიდარგებიმეფრინველეობა

პანდემიის გავლენა ფრინველის ხორცის ბაზარზე

covid-19-ის პირობებში საოჯახო მეურნეობებში წარმოებული ფრინველის ხორცის წარმოება მცირედით გაიზარდა. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჭიჭაყუა აღნიშნავს, ეპიდემიის ნეგატიურ გავლენას ფერმერები მეტნაკლებად გადაურჩნენ, თუმცა წარმოების მაჩვენებელი ქვეყანაში საგრძნობლად დაბალია. კერძოდ, ფრინველის ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 27-30% ფარგლებშია, რაც მიუთითებს, რომ ფრინველის ხორცის ინდუსტრიული წარმოების გაზრდა ქვეყანისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.

,,აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალშივე პანდემიამ არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოში დიდი დაბნეულობა გამოიწვია და მსოფლიოს გაურკვევლობის ინდექსმა ( WUI), რომელიც 1996 წლიდან მსოფლიო სავალუტო ფონდი ითვლის, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

რაც შეეხება საკუთრივ ფრინველის ნედლი ხორცის წარმოებას,  2020 წლის მეორე კვარტალში ფრინველის სულადობამ 12 490.2 ათასი ფრთა შეადგინა, რაც ბოლო 7 წლის მაქსიმუმია. საგულისხმოა ისიც, რომ საოჯახო მეურნეობებშიც ფრინველის მომრავლება შეინიშნება. ქვეყანაში ფრინველის ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 27-30% ფარგლებში მერყეობს, ფრინველის ხორცის ინდუსტრიული წარმოება კი კვლავ დაბალ დონეზეა, რის დაძლევის ერთ-ერთი ძირითადი გზა საქართველოში მემარცვლეობის დარგის განვირება და მარცვლეულის წარმოების გაზრდაა (ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი _ 15%, ხოლო სიმინდის _ 70%-ია).

ამ მონაცემების მიხედვით ცხადია, რომ კვლავ ვრჩებით ფრინველის ხორცის იმპორტზე დამოკიდებული, ამიტომ გადასახედია მიღებული შეზღუდვის ამოქმედების ეფექტიანობა, რათა თავიდან ავირიდოთ მისი ამოქმედება და შემდეგ შეჩერების აუცილებლობა. სამწუხაროდ ეს მოსალოდნელი რეალობაა. მთავარია ყველა შემთხვევაში დაცული იყოს მყიდველის, მოსახლეობის ინტერესები რომ მიეწოდოს ხარისხიანი ფრინველის ხორცი და არა წყალი”, – ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.

აქედან გამომდინარე, როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის წარმომადგენელი განმარტავს, საფუძვლიანი კვლევის გარეშე და პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობების ფონზე რთულია შეაფასო მთავრობის გადაწყვეტილება ,,ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის” იმ ნაწილის ამოქმედების აპრილიდან – ოქტომბრამდე გადავადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მიხეილ ჭიჭაყუას ინფორმაციით, საქართველო წელიწადში საშუალოდ 75 000 ტონამდე ფრინველის ხორცს მოიხმარს, ხოლო ადგილობრივი წარმოება დაახლოებით 22 000 ტონას შეადგენს.

,,სასურსათო უსაფრთხოები გამო, მთავრობის მხარდაჭერის სასწორი იმპორტიორების მხარეს გადაიხარა. რეგლამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაყინულ ხორცს ეხებოდა, რამაც ბაზარზე ამ მოკლე პერიოდში დიდი ცვლილებები ვერ გამოიწვია.საქართველოს ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა ფრინველის ნედლ ხორცზეა, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დამოუკიდებელი ბაზარი. ზოგადად პანდემიამ დააზარალა ფრინველის ხორცის მწარმოებელი მცირე და საშუალო ზომის ფერმერები ტურიზმის სექტორის ჩაკეტვის, საკვების გაძვირების და მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობის შემცირების გამო”, – აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა

როგორც ცნობილია, 20 ოქტომბრიდან ძალაში შედის ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი. მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, წყლის საერთო რაოდენობა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ფრინველის ხორცზე დეფიციტი არ შეიქმნება. 

ავტორი: მარიამი ჩიტაია,

წყარო: report.ge