აგროსიახლეები

რაჭაში წლეულს ალექსანდროულის და მუჯურეთულის კარგ მოსავალს ელოდებიან

რაჭა-ლეჩხუმში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი  გაიხსნა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და COVID-19 პანდემიის ფონზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა მოსავლის დაბინავებას უკვე 10 ოქტომბრიდან შეძლებს.

„ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის მიზნით, რთველის პროცესში ჩაერთვებიან ამპელოგრაფები, ხოლო რეგიონის შემოსასვლელებში უკვე მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა ყურძენი სხვა მუნიციპალიტეტებიდან აშემოიტანონ, არ მოხდეს მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება.

რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, სადაც უკვე 260 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.