ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი, მოგების გამო, უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის და ქართული ღვინის რეპუტაციას
ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი, მოგების გამო, უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის, ქართული ღვინის რეპუტაციას და ლევან დავითაშვილს მოვუწოდებ, ამ მიმართულებით იყოს უაღრესად მკაცრი, რადგან აქ საუბარია ქვეყნის რეპუტაციაზე _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ხარისხის კონტროლი ვენხიდან უნდა დაიწყოს და საბოლოო პროდუქტით დამთავრდეს.
„სხვაგვარად ჩვენი ყველა ამბიცია, გავაცნოთ მსოფლიოს საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, იქნება უდიდესი რისკის შემცველი ამავდროულად. ამიტომ, ხარისხის კონტროლი უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ვერანაირი მილიონები, რომელსაც ჩვენ დღეს მარკეტინგში ვდებთ იმისთვის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა გავზარდოთ, ვერ გვიშველის, თუ ხარისხის კონტროლის უმაღლესი სტანდარტები არ დავაწესეთ ქვეყანაში.
ეს უნდა გააცნობიერონ როგორც სამინისტრომ, ისე ღვინის თითოეულმა მწარმოებელმა, რომელთაგან ზოგიერთი, სამწუხაროდ, მოგების გამო, უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას, ქართული ღვინის რეპუტაციას და წყალში გვიყრის იმ მილიონებს, რომელსაც ამ რეპუტაციის შესაქმნელად ვხარჯავთ. ბატონ ლევან დავითაშვილს მოვუწოდებ, ამ მიმართულებით იყოს უაღრესად მკაცრი, რადგან საუბარი არ არის ეკონომიკის ერთ კონკრეტულ დარგზე, საუბარია ქვეყნის რეპუტაციაზე“, _ განაცხადა გიორგი გახარიამ