ვენახის ზოგიერთი სასარგებლო მწერი
საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ბიომევენახეობის მიმართულების შემთხვევაშია. ზოგადად, მევენახეობის ეს მიმართულება, ინდუსტრიული მევენახეობისგან განსხვავებით, გაცილებით შემოქმედებითი საგანია, ამიტომ ის ადამიანისაგან უფრო მეტ ინტელექტსა და დიდ გამოცდილებასაც მოითხოვს. ბიომევენახეობის ცალკე, განყენებულად განხილვა არც კია მიზანშეწონილი, არამედ მას უნდა მივუდგეთ, როგორც ბუნების ერთიან და განუყოფელ ნაწილს.
უნდა ითქვას, რომ ბიომევენახეობის წარმატება სწორედ ბუნების პრინციპებზე და მასთან მაქსიმალურ სიახლოვეზეა დამყარებული. ამიტომაც ამგვარი საქმიანობისას ადამიანები ცდილობენ, საკუთარ ვენახებში მაქსიმალურად აღადგინონ და დაიცვან სწორედ ბუნებრივი წონასწორობა, რის დროსაც, მაგალითად ერთი საკითხი მჭიდროდ ებმის მეორეს, მესამე კი ძლიერადაა მეოთხესთან მიმართბაში, ან პირველთან თუ მეორესთან და ა.შ. სწორედ ამგვარ ჯაჭვურ სურათს შევხვდებით ბუნებაში, სადაც ადამიანები საქმეში საერთოდ არ ერევიან, მაგრამ, მაგალითად ტყე თავის მოვალეობას შესანიშნავად და სამაგალითოდ ასრულებს. ამასთან იქ, ასევე იდეალურადაა შენარჩუნებული ნიადაგის ნაყოფიერება და სხვ.
ისეთი რთული საქმიანობის შემთხვევაში, როგორიც ბიომევენახეობაა, მეტად მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს ყოველი, ერთი შეხედვით წვრილმანი დეტალი. ამგვარ დეტალებზე დიდადაა დამოკიდებული საქმის წარმატება. ეს არის შემთხვევა, რომლის დროსაც საჭიროა, ბოლომდე იქნეს გაცნობიერებული: სავენახე ნიადაგი, ვაზის ჯიში, ყურძნის დანიშნულება, ვენახის ექსპოზიცია, მისი მდებარეობა და ასაკი, ფორმირება, ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და კიდევ სხვა უამრავი საკითხი.
როგორც ითქვა, ვენახში მეტად მნიშვნელოვანია ბუნებრივი წონასწორობის არსებობა, რისთვისაც იმის ცოდნაა საჭირო თუ, რომელ მცენარესა და მწერს რა სიკეთისა თუ პირიქით, მავნებლობის მოტანა შეუძლია. ეს ყოველივე ჩვენს წინაპრებს ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ შესწავლილი და ამიტომაც მათ მოახერხეს კიდეც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მაღალი კულტურის შექმნა.
იმ უამრავ და მეტად საინტერესო საკითხს შორის, რომელიც ბიომევენახეობის სფეროს მჭიდროდ უკავშირდება ერთ-ერთია იმ მწერების ბუნების ცოდნა, რომლებიც ვენახში სახლობენ. ასეთები ბევრია, თუმცა, ამჯერად მოკლედ შევჩერდებით ერთ უცნაურ მწერზე, რასაც ვენახისთვის დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია. ჩვენ ვაზის მავთულებზე, რქებზე თუ ტოტებსა და ტანზეც, ხშირად შევხვდებით უცნაური მოყვანილობის ერთგვარ ბუდეს, რასაც ქართლ-კახეთში კუთხურად „ძილისგუდას“ ეძახიან. საქმე ის გახლავთ, რომ ესაა ჩოქელას ბუდე, რაშიც უამრავი კვერცხი დევს. ბუნებაში ჩოქელების ბევრი სახეობა არსებობს, მაგრამ საქართველოში მათგან რამდენიმე გვხვდება. ვენახებში მობინადრე ამ მწერის სახელია „ჩვეულებრივი ჩოქელა“, ლათ. Mantis religiosa.
ჩოქელა მტაცებელი მწერია და ის საკმაოდ ძლიერიცაა. მას შეუძლია მცირე ზომის გველის დაჭერაც კი. ვენახში ჩოქელა ძირითადად ვაზის მავნებლებით იკვებება და შეიძლება ითქვას, რომ ის ვენახის მეპატრონეს დიდ დახმარებასაც უწევს. თუმცა, ხშირად, უცოდინარობის გამო მის ბუდეებს უვებლიედ ანადგურებენ, განსაკუთრებით ვენახის გასხვლის დროს მაშინ, როდესაც ის ვაზის რქაზეა მიმაგრებული. ვენახში მომუშავე პირი ყველანაირად უნდა ეცადოს ჩოქელებისა და მისი ბუდეების შენარჩუნებას. ამისათვის ბუდეებს, რომლებიც მიმაგრებულია ვაზის რქაზე, გასხვლის დროს აჭრიან და ამაგერბენ ვენახის ბოძებზე. ეს გახლდათ ერთ-ერთი ის წვრილმანი დეტალი, რასაც ბიომევენახეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს და საბოლოოდ კი ემსახურება ვაზის სიჯანსაღესა და ყურძნის ხარისხს.
გიორგი ბარისაშვილი,
მცხეთა, 03.2021 წ.