აჭარაში ჩაის ჯიშ „კოლხიდას“ სადედე პლანტაცია გაშენდა
აჭარაში ჩაის ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ახალი სადედე პლანტაცია გაშენდა.
პროექტი რეგიონში ჩაის კულტურის აღორძინებასა და ადგილობრივი ჯიშის „კოლხიდას“ გამრავლებას შეუწყობს ხელს.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ჩაის ჯიშ „კოლხიდას“ სადედე პლანტაცია მოეწყო.
ჩაის ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.
სადედე პლანტაციის ძირითადი დანიშნულება ჩაის ჯიშ „კოლხიდას“ გამრავლება და მომავალში ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებაა. მიღებული სარგავი მასალა ადგილობრივი ჩაის პლანტაციების გაშენებისა და არსებული ნარგაობების განახლებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერები, მინისტრის მოადგილე და აგროსერვის ცენტრის თანამშრომლები.
ჩაის სადედე პლანტაციის გაშენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია აჭარაში ჩაის კულტურის განვითარების საქმეში. თუმცა, დარგის რეალური აღორძინებისთვის მხოლოდ ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოება საკმარისი არ არის. აუცილებელია პლანტაციების ეტაპობრივი გაფართოება, მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, გადამუშავების შესაძლებლობების გაძლიერება და წარმოებული ჩაის რეალიზაციის ბაზრების განვითარება.
სწორედ ამ მიმართულებების ერთობლიობა განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს ქართული ჩაი ძველი პოზიციების აღდგენასა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების ათვისებას.

