დარგებიმეცხოველეობა

სვანური ღორი

სვანური ღორი ადგილობრივი ჯიშია,  წარმოშობილია ევროპული გარეული ღორის კავკასიური მოკლეყურა ქვესახეობის შეჯვარებით და მოშინაურებით.

მაღალი მთის (1,800-2,000 მ. ზღვის დონიდან) მკაცრი კლიმატისა და მწირი კვების პირობებში მოშენებამ თავისი დაღი დაასვა სვანური ღორის პროდუქტიულობას და გარეგნულ ფორმებს.

საუკუნეების მანძილზე ცხოველები ძირითადად ბუნებრივ სავარგულებზე მოპოვებულ საკვებს ჭამდნენ, რომელსაც ემატებოდა, აგრეთვე, ოჯახური მეურნეობისა და სამზარეულოს ანარჩენები. მარცვლეულის დეფიციტის გამო, კომბინირებულ საკვებს ცხოველებს პრაქტიკულად არ აძლევდნენ. გამოირჩევა ამტანობით და კარგად ეგუება მკაცრ კლიმატს.

სვანურ ღორს სხეული დაფარულია საკმაოდ ხშირი და გრძელი ჯაგრით. ცხოველები უმეტესად შავი ფერისაა, გვხდება „ხალებიანი“ (თეთრ ფონზე შავი ლაქებით), წაბლისფერი, რუხი და წიქარა. ჯიშს აქვს ვიწრო სხეული, გრძელი თავი, სწორი პროფილი, მოკლე და დაცქვეტილი ყურები, საშუალო სიღრმის მკერდი, ზურგისა და წელის სწორი ხაზი, დაქანებული გავა, გრძელი კუდი, მაღალი კიდურები.

გარეული ღორის მსგავსად, ახალდაყრილი გოჭები ზოლიანია, რაც 2-3 თვის ასაკამდე ქრება.

სვანური ღორი კახურ ღორზე პატარა ტანისაა. ნეზვების ცოცხალი მასა 35-45 კგ-ია, კერატებისა – 50-70 კგ. სხეულის სიგრძე კი, შესაბამისად, 77-85 სმ და 82-90 სმ.

ნეზვები საშუალოდ 5-6 გოჭს ყრიან.

მოზარდის საშუალო დღეღამური ნამატი 200-250 გ-ია.

ნაკლავის გამოსავალი 60-65%.

ხორცი მეტად გემრიელი აქვს, მზადდება საუკეთესო შაშხი და ლორი.

ფაქტობრივად გადაშენებულია, თუმცა მკვლევარები იმედოვნებენ რომ შემორჩენილ ინდივიდებს მიაგნებენ, მოძიება გრძელდება.