დარგებიმეცხოველეობა

ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნების მნიშვნელობა

დღეისათვის არსებობს ერთიანი მოსაზრება პოპულაციებში საერთო ცვლილებებისა და მათი გამომწვევი ფაქტორების შესახებ. გენეტიკური ეროზიის მთავარ მიზეზებს შორის გამოყოფენ შემდეგ ძირითად ფაქტორებს: უცხო გენეტიკური მასალის გამოყენებას, ცვლილებებს წარმოების სისტემაში და ბაზრის კონიუნქტურაში, რომელიც გამოწვეულია სოციალური და კულტურული ფაქტორებით, აგრეთვე სტიქიურ უბედურებებს (გვალვა, შიმშილი, ეპიდემიები, კონფლიქტები, ომი).

სამწუხაროდ, დიდი გავრცელება ჰპოვა გენოფონდის შეფასებისას „სამომხმარებლო“ მიდგომამ, კერძოდ: პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი, მისი ღირებულება და სხვა, თუმცა გენოფონდი არის გენოტიპის ურთიერთქმედება გარემოსთან და წარმოადგენს ცხოველთა ნებისმიერი პოპულაცია-ეკოსისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ცხოველთა პოპულაცია ხელს უწყობს ეკოსისტემის მდგრადობას, ამიტომ მიზან­შეწონილია ცხოველთა გენოფონდი განხილულ იქნეს არა მხოლოდ ადამიანის „სასურსათო“ მოთხოვნილების პოზიციიდან, არამედ როგორც ბუნებრივი ეკოსისტემის სტა­ბი­ლურობის მხარდამჭერი უდიდესი ფაქტორი. უახლოეს მომავალში, საგენოფონდე ნახირები და გენეტიკური ობიექტები იქცევიან მემკვიდრეობის მატერიალური საფუძვლების, ცხო­ველთა განვითარების კოდირების შესახებ ინფორმაციის ეროვნულ წყაროდ. რადგან ცხო­ველთა თანამედროვე ჯიშები ადამიანის მიერ „გაუარესებულია“ იმდენად, რომ ძალიან რთუ­ლად ეგუებიან ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, ამიტომ გენო­ფონ­დის, როგორც სელექციური მასალის, შენარჩუნება დღესდღეობით ძალიან მნიშვნე­ლოვანია.

გარემოს ცვალებადი პირობები და სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები შემდგომში თანდათანობით მოითხოვენ შენარჩუნებულ ცხოველთა გენეტიკური რესურსების გამოყენებას.

მრავალფეროვნების დაცვა და მათ შორის შიდაჯიშობრივი მრავალ­ფეროვნების შენარჩუნება  ემსახურება წარმოების სისტემის სტაბილურობის დაცვას. ის პოპულაციები, რომლებშიც შეინიშნება მრავალფეროვნება, ავლენენ დიდი შეგუების უნარს გადარჩენის, პროდუქტიულობისა და აღწარმოების საკვები რესურსების ცვალებადი პირობების მიმართ,  ექსტრემალური ტემპერატურის, ტენიანობის და კლიმატური ფაქტორების შემთხვევებშიც კი.

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ისინი (ასეთი პოპულაციები) ნაკლებ მგრძნობიარენი არიან კატასტროფული ეპიდემიების მიმართაც (Springbett и др., 2003). ამგვარად, გენეტიკურად ერთგვაროვან პოპულაციას ნაკლებად შესწევს უნარი გაუმკლავდეს გადარჩევის იმ ძლიერ წნეხს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოს პირობების მკვეთრი ცვლილებების გამო. ჯიშობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერა სპეციალისტებს აძლევს სხვადასხვა ეკოლოგიური და ეკონომიკური  შესაძლებლობების გამოყენების შანსს.

სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველის გენეტიკური მრავალფეროვნების ცოდნა მოლეკულურ-გენეტიკურ დონეზე ასახავს ალელურ მრავალფეროვნებას (ე.ი. დნმ-ის თანმიმდევრულობას) ყველა იმ  25 000 გენში ე. ი. დნმ-ის ფუნქციონალურ უბნებში, რომლებიც გავლენას ახდენენ ცხოველისა და მისი პროდუქტიულობის მაჩვენებლების განვითარებაზე. თეორიულად, თანმიმდევ­რულად ნიშან-თვისებების მატარებელი ძირითადი ერთეული არის ალელი. ამოცანა, რომელიც ითვალისწინებს შენარჩუნების პროგრამას, თავისში მოიცავს სახეობისთვის დამახასიათებელი ალალების მრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობას, აგრეთვე იმ ახლად წარმოქმნილი მუტაგენური ალელების თანდათანობით განმტკიცების უზრუნველყოფას, რომლებიც ითვლებიან ცხოველთა მუდმივი ევოლუციის და სრულყოფის წყაროდ. თეორიულად ალელური მრავალფეროვნება შესაძლებელია გაიზომოს იმ შემთხვევაში, თუ დავადგენთ სხვადასხვაგვარი ალელების რიცხვს და მათ სიხშირეს, მაგრამ ამჟამად ამ ამოცანის გადაჭრა შეუძლებელია. ერთეულის შენარჩუნების დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ალელები არ მოქმედებენ იზოლირე­ბულად, რომ ცხოველის პროდუქ­ტიულობის მაჩვენებლები,  უმეტეს შემთხვევაში, უნდა განვიხილოთ როგორც მთლიანად გენომში არსებული ელელების ერთობლივი ურთიერთქმედება.  შესაბამისად, გენეტიკური რესურსების განვითარების პროცესი გულისხმობს ისეთი ალელური კომბინაციების შექმნის ხელშეწყობას, რომლებიც განსაზღვრავენ ცხოველთა სასურველი პროდუქტიულობის და მისი ადაპტაციის დონეს. გენეტიკური რესურსების ეფექტური შენარჩუნება, შესაბამისად გულისხმობს იმ სტრუქტურის შექმნას, რომლებიც იძლევიან შესამჩნევი გენეტიკური კომბინაციების  შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ესენი თავის მხრივ, იწვევენ ადაპტაციური ან პროდუქტიულობის მაჩვენებლების ცვლილებებს. ამან კი უნდა უზრუნველყოს ამ კომბინაციების მარტივი ხელმისაწვდომობა მეცხოველეობაში არსებული  პრობლემების გადასაჭრელად.

ჯიშები დინამიურია, მაგრამ გარემო პირობების  საპასუხოდ,  მუდმივად იმყოფებიან გენეტიკურ ცვალებადობაში და ექვემდებარებიან აქტიურ გადარჩევას, რომელსაც აწარმოებს მეპატრონე-ფერმერი. განვითარებადი ქვეყნების ცხოველთა ადგილობრივი ჯიშები ნაკლებად ექვემდებარებიან  სელქციის თანამედროვე ტექნოლოგიების ზემოქმედებას. არადა სელექციურ პროგრამებს შესწევთ უნარი გაზარდონ იმ გენების თანხვედრის შესაძლებლობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილობრივი ჯიშების პროდუქტიულობის მაჩვენებლების და შესაბამისად, რენტაბელობის  გაზრდას. ამ ღონისძიებების გატარება საჭირო იქნება იმ ფერმერებისთვის, რომლებისთვისაც ეს ჯიშები წარმოადგენენ სასიცოცხლო აუცილებას. სელექციის სქემებში აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ყურადღება მიექცეს ჯიშის შიგნით იმ გენეტიკურ ცვალებადობებს  და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ინბრიდინგის მაღალ დონესთან. უნდა განხორციელდეს სელექციური მოვლენების საიმედო რეგისტრაცია. სელექციის უმაღლესი ეფექტი მიიღწევა ჯიშობრივად ღირებული გენეტიკური მაჩვენებლების სტატისტიკური შეფასებისას. ჯიშობრივ ღირებულებებზე დამყარებულ საკონტროლო შეწყვილებას მივყავართ ინბრიდინგის მოვლენის გაორმაგებამდე, მშობელთა ფორმების შემთხვევით ამორჩევის პრინციპთან შედარებით. აუცილებელია სელექციის ოპტიმიზაციის ისეთი მეთოდების შემუშავება, რომლის დროსაც დაცული იქნება ბალანსი ინბრიდინგსა და გენეტიკური გაუმჯობესების ღონისძიებებს შორის. ასეთი მეთოდები განსაკუთრებით პერსპექტიული იქნებოდა მცირერიცხოვან პოპულაციებში.

ბიოლოგიურ მრავალფეროვნებათა კონვენციის (ბმკ) რატიფიკაცია 188 სახელმწიფოს მიერ მიუთითებს ბიომრავალფეროვნების დაცვის სულ უფრო და უფრო მზარდ საერთაშორისო დაინტერესებას. ბმკ მოუწოდებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისაკენ. თვლის რა მრავალფეროვნების აუცილებლობას გენეტიკურ დონეზე, კონვენცია ავალებს ქვეყნებს სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წარმართვისთვის შენარჩუნებული და ათვისებული იყოს გენეტიკური რესურსები.

შესაძლებელია მოვიყვანოთ არგუმენტები, რომლებიც ეფუძნება  ცხოველთა გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნების დაკარგვის საშიშროებას:

„თუ მხედველობაში მივიღებთ გრძელვადიან პერსპექტივებს, მაღალპროდუქტიული, გარემო პირობებისადმი მგრძნობიარე ჯიშებზე ყურადღების კონცენტრაციამ შესაძლოა მიგვიყვანოს მეცხოველეობის შემდგომი განვითარების პრობლემებამდე, ფერმერებმა შესაძლოა დაკარგონ გარემოს ბუნებრივი პირობების გამოყენების შესაძლებლობები. თუ არსებულ გარემო პირობებზე ტოლერანტული ჯიშები ამ დროის განმავლობაში დაიკარგებიან და მათი შესაძლებლობები არ იქნება გამოყენებული, მეცხოველეობის წარმოების დონე მკვეთრად დაეცემა.“ (Tisdell, 2003, p. 373).

გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა შესაძლოა თავი იჩინოს ეკოსისტემის ცვლილების, ბაზრის მოთხოვნის და სხვადასხვა მოთხოვნების ცვლილებების შემთხვევაში. კლიმატური პირობების გლობალური ცვლილებები და პათოგენებისა და პარაზიტების რეზისტენტობის ევოლუცია უცილობლად მოქმედებს მეცხოველეობის სისტემების განვითარების თავისებურებებზე. თუმცა ამ ცვლილებების არსი რჩება გაურკვეველი (FAO, 1992).

დამატებითი არგუმენტები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ჯიშის განვითარება, განსაკუთრებით სახეობებში თაობებს შორის ხანგრძლივი ინტერვალით, ხშირად მოითხოვს მნიშვნელოვან დროს, ფინანსურ ან / და ორგანიზაციულ რესურსებს

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადაპტაციური მომენტების ისტორიული ასპექტებიც – რაც უფრო ძლიერი და ხანგრძლივია პოპულაციაზე გარემოს ექსტრემალური ზემოქმედება, მით მეტია ადაპტაციური თვისებების განვითარების შესაძლებლობა. ექსტრემა­ლური კლიმატის, ან დაავადებათა გავრცელების სპეციფიკურ პირობებთან დაკავში­რებული რეგიონები იძლევიან გენეტიკურად ადაპტირებული უნიკალური ადგილობრივი პირობებისადმი შეგუებული ნახირის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ასეთი ჯიშები განიცდიან ევოლუციას ადგილობრივ პირობებთან შეგუების თვალსაზრისით განასახიერებენ გენეტიკურ სიმდიდრეს, რომელიც შერწყმულია მეურნეობის მართვის ადგილობრივი ცოდნის მეთოდებთან.

გლობალური ეპიდემიის, ომების, ბიოტერორიზმის ან საზოგადოებრივი არეულობის შემთხვევაში ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების კატასტროფული დაკარგვის შესაძლებლობა მიუთითებს საიმედო რეზერვის შექმნის აუცილებლობაზე, ეკონომიკური თვალსაზრისით შედარებით უფრო მნიშვნელოვანი ჯიშების გაუმჯობესების მიზნით. გამომდინარე იქედან, რომ უცნობია მოვლენების შემდგომი განვითარების და სურსათსა და პროდუქტებზე მოთხოვნილებების  ზრდის წინასწარმეტყველება სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობა. ამის მაგალითს წარმოადგენს ღორის ჯიში პიეტრენი (Piétrain). ეს ჯიში, რომელიც ხასიათდება ძალინ მჭლე ხორცით, ამჟამად გამოიყენება შეჯვარების მრავალ პროგრამაში, მაშინ როდესაც 1950 წლისთვის მისი არსებობის შესახებ არავინ იცოდა ბელგიის ერთ-ერთი პროვინცია ბრაბატის იქით. იგი თითქმის გადაშენდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც განსაკუთრებული მოთხოვნილებით ხასიათდებოდნენ ღორის საქონე ჯიშები (VergottedeLantsheere и др., 1974).

საშიშროების ქვეშ მყოფი ცხოველთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების აუცილებლობა დაკავშირებულია არა მარტო მათ შემდგომ გამოყენებასთან, არამედ სხვადასხვა მიზეზებთანაც, რომლებიც იყოფა სამ ჯგუფად: ინფორმაციის დეფიციტი, ბაზრის სირთულეები და პოლიტიკური შეცდომები (Mendelsohn, 2003).  არსებობს ცოდნის დეფიციტი ადგილობრივი ჯიშების, მათი მახასიათებლების და გენების  შესახებ, რომელიც შესაძლოა  წარმატებით იყოს გამოყენებული მრეწველობაში, მეცნიერულ კვლევაში, ან ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა მიზნითაც (Oldenbroek, 1999). არასრულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი გამოყენების შესაძლებლობებში არასწორი შეფასება. ადგილობრივი ჯიშები, პირველ რიგში გამოყენებული უნდა იყოს იმ მიზნითაც, რომ ფერმერებს მიეცეთ თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები. მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე ვიწრო ინტერესების  კონცენტრაცია შესაძლოა გამყარდეს ისეთი პოლიტიკური ღონისძიებებით, როგორიცაა მარცვლეულის იმპორტის სუბსიდირება, უფასო მომსახურეობის გაწევა და სხვა, რაც სტიმულირებას უკეთებს ინტენსიფიკაციის პროცესებს. ეს კი აფერხებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროცესების აქტივიზაციას.

უფრო მეტიც, სხვადასხვა განვითარების პროგრამები და გადაუდებელი დახმარებები ხელს უწყობენ ქვეყნებში არატრადიციული ჯიშების შეყვანას დონორი ქვეყნებიდან. დაბოლოს პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და პოლიტიკამ, რომელიც არ უწყობს ხელს ადგილობრივი ჯიშების გავრცელებას შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველთა ადგილობრივი გენეტიკური რესურსების ეფექტური გამოყენების შეფერხება. (Tisdell, 2003).

ბაზარი ზუსტად ვერ ასახავს ხარჯებს და შემოსავლებს. ხარჯები აერთიანებს გარემო ფაქტორების უარყოფით გავლენას და შემოსავალზე მოქმედ არასასურველ ეფექტებს. გარკვეული ჯიშების სარგებელი შესაძლოა გამოვლინდეს მათ წვლილში ლანდშაფტის შენარჩუნების საკითხებში.

Mendelsohn (2003, p. 10)  ანვითარებს ასეთ მოსაზრებას, რომ ისინი, რომლებიც დაკავებულნი არიან ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებით უნდა გაიაზრონ ადგილობრივი გენეტიკური რესურსების ის პოტენციური საზოგადოებრივი სარგებელი, რომელსაც არ ითვალისწინებს ბაზარი. ადგილობრივი გენეტიკური რესურსების შენარჩუნება ემსახურება წარმოების სისტემის სტაბილურობას. ის პოპულაციები, რომლებშიც შეინიშნება მრავალფეროვნება გამოირჩევიან მაღალი სიცოცხლისუნარიანობით გარემო ფაქტორების მკვეთრი ცვლილებების პირობებშიც კი.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნება ხასიათდება განსაკუთრებული ღირებულებებით და უნდა იყოს შენარჩუნებული მაქსიმალურად, მიუხედავად იმისა, მოაქვს თუ არა მას განსაკუთრებული ეკონომიკური სარგებელი“ (FAO, 2003, p. 104). შენარჩუნების არგუმენტები შესაძლოა ვარირებდეს რეგიონების მიხედვით. დასავლეთის ქვეყნებში ძირითადი მამოძრავებელი შესაძლოა იყოს ტრადიციები და კულტურული ღირებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ იშვიათი ჯიშების შენარჩუნებას. ამისგან განსხვავებით, განვითარებად ქვეყნებში  ეს უნდა ეფუძნებოდეს სასურსათო პრობლემის მოგვარების საკითხებს და ეკონომიკურ განვითარებას. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ცხოველთა გენეტიკური რესურსები არ იყოს მანამდე გახარჯული ვიდრე არ იქნება ამ ქვეყნების ეკონომიკური სტაბილურობა მიღწეული.

ცხოველთა ჯიშების კონტროლისა და მართვის პრობლემამ მიიღო საერთაშორისო ხასიათი, იმდენად, რამდენადაც მოიცვა  ქვეყნების დიდი სპექტრი, უდიდესი ტერიტორიები სხვადასხვა კლიმატური, ეკოლოგიური და ორგანიზაციულ-ეკონომიკური  პირობებით. ამის დასამტკიცებლად შესაძლოა იმის მოყვანაც, რომ საერთაშორისო ფორუმზე „XXI ს-ის დღის წესრიგი” მიღებულ იქნა საერთაშორისო კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ. მასში საუბარია პლანეტის სასურსათო უზრუნველყოფის მიზნით გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობასა და რეგიონალური გამოყენების შესაძლებლობებზე.

აგრარული მეცნიერებების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიჩნეულია ბიოტექნოლოგიების გზით  ცხოველთა გენოფონდის შენარჩუნება და რაციონალური გამოყენება. ХХI ს-ის დასაწყისში შეინიშნება კულტურული ჯიშების, ხაზებისა და კროსების შემცირების, ზოგ შემთხვევაში გაქრობის ტენდენცია. ეს ტენდენცია ძირითადად შეეხო მოშენების განსაზღვრულ ტერიტორიაზე მკვეთრად შეგუებულ ლოკალურ ჯიშებს, რომლებიც დაბალი პროდუქტიულობის მაჩვენებლების გამო ვერ უძლებდნენ კონკურენციას და იდევნებოდნენ კომერციული ჯიშების მიერ. ევროპის საბჭომ კომისიის რეგლამენტში (CommissionRegulation (EC) 7) № 817/2004, შემოგვთავაზა რისკის შეფასების კომპონენტები იმ ფერმერებისთვის, რომლებიც მისდევდნენ გადაშენების პირას მყოფი ჯიშების მოშენებას. გათვლები დამყარებულია ევროკავშირის ქვეყნების ყველა სახელმწიფოსთვის, რომლებსაც შესწევთ მდედრი ინდივიდების ოპტიმალური აღწარმოების შესაძლებლობები.

ზღვარი ითვლება მსხვილფეხა პირუტყვში 7500 სული, ცხვარი და თხა _ 10000, ღორი _ 15000 ფრინველის სახეობები _ 25000 ფრთა, კენტჩლიქიანები _ 5000 სული.

აუცილებელია შენარჩუნებული იყოს ასეთი მაღალი ზღვარი. ამჟამად არსებობს საერთო აზრი შედარებით დაბალი პროდუქტიულობის მაჩვენებლების მიხედვით ცხოველთა პოპულაციების ცვლილებების შესახებ.

ლოკალური ჯიშები ითვლებიან მემკვიდრეობითი მაჩვენებლების რეზერვად სელექციის ეფექტის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ახალი ჯიშური ჯგუფების შექმნის მიზნით.

ცხოველთა გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს, კლიმატის ცვლილებების, ახალი სწრაფად გავრცელებადი დაავადებების, საკვების, წყლის  დეფიციტის და ბაზრის ცვალებადი მოთხოვნილებების პირობებში, პლასტიკურობას და ცხოველმყო­ფელობას. ამიტომ აუცილებელია ამ რესურსების გააქტიურება მათი რაციონალური გამოყენების, შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით.

ამრიგად, სხვადასხვა დანიშნულება და სხვადასხვა პირობები განაპირობებენ და საჭიროებენ ჯიშობრივ მრავალფეროვნებას, აგრეთვე თითოეულ ჯიშში გენეტიკურ სხვადასხვაგვარობას. მრავალფეროვნება კი იძლევა საშუალებას მეცხოველეობის საწარმოო სისტემები გახდნენ კიდევ უფრო მდგრადი სხვადასხვაგვარი შოკური პირობების მიმართ. იგი ცხოველთა პოპულაციებს აძლევს საშუალებას შეეგუონ გარემოს ცვალებად პირობებს და წარმოადგენს მოშენების პროგრამებისთვის საწყის მასალას, რომელიც მიმართული იქნება პროდუქტიულობის მაჩვენებლების გაზრდისა და შესაბამისად, მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.

კობა ნაცვალაძე _ სოფლის მეურნეობის დოქტორი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის

სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი