რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ?
ცოფი უკურნებელი ვირუსული ინფექციური დაავადებაა. იგი აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს, შედეგად გამოვლინდება ცოფისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. რაც უფრო მეტად ზიანდება თავის ტვინი მით უფრო მძიმეა კლინიკური ნიშნები.
ცოფის გავრცელება
ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა).
ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა: შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველები. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბლის შედეგად. ადამიანის ან ცხოველის დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.
ცოფი და ადამიანი
განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი (დადორბვლა, დაკაწვრა) თავისა და ნერვული დაბოლოებებით მდიდარ ადგილებში. ვირუსის თავის ტვინის უჯრედებში გადასვლის და გამრავლების შემდეგ დაავადება შეუქცევადია და მკურნალობას აღარ ექვემდებარება. თუმცა ინფიცირების შემდგომ ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.
ცოფის ნიშნები
ცოფის დაავადების დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცხოველს აღენიშნება ქცევის შეცვლა: მოუსვენრობა, უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, აღენიშნება ნერწყვდენა, ღრღნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს (საკუთარ პატრონსაც კი). არის შემთხვევები როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხრინწიანი ხდება.
ინფიცირებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაავადების ნიშნები შეიძლება არ გამოვლინდეს და ინკუბაციური პერიოდი გაგრძელდეს რამოდენიმე დღიდან წლამდე (ყველაზე ხშირად 3-6 კვირა). დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობა კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდგომ 2-10 დღეა, ცხოველს ბოლო სტადიაში უვითარდებათ კიდურების, საყლაპავის დამბლა და კვდება.
თუ კი თქვენს ცხოველს შეამჩნევთ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს დაუყონებლივ მიმართეთ ვეტერინარ ექიმს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა დაუყონებლივ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
ცოფზე დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია დაცემული ცხოველის თავის ტვინის გამოკვლევა, რისთვისაც საჭიროა ლაბორატორიაში კვლევისათვის შეტანილი იქნას დაცემული ცხოველის თავი, პატარა ცხოველის შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანი ლეში.
ცოფის მკურნალობა
ცოფი უკურნებელი დაავადებაა, მის საწინააღმდეგოდ სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, დაავადება არ იკურნება და როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში იძულებით/პროფილაქტიკური ჩარევის გარეშე ყოველთვის სიკვდილით მთავრდება.
- მოერიდეთ გარეულ, მოხეტიალე ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს;
- ცოფით დაავადებული ცხოველის ლეში ექვემდებარება განადგურებას;
- თქვენი და შინაური ცხოველების სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია ძაღლისა და კატის ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ცოფის საწინააღმდეგოდ პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას. ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შეფასებისათვის შერჩევით ხორციელდება ვაქცინირებული ცხოველებიდან სისხლის სინჯების აღება ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტის დაჭიმულობის შესწავლის მიზნით.
ცხოველებში ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში ინფექციის კერაში ხორციელდება დაავადების ამთვისებელი ყველა ცხოველის იძულებითი ვაქცინაცია, კერაში წესდება კარანტინი და ტარდება დაავადების საწინააღმდეგო ვეტერინარულ სანიტარული ღონისძიებები
წყარო: ihow.ge