საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.
„აგრარული სფეროს პოპულარობის ზრდასთან ერთად, აქტუალური ხდება აგრარული განათლება. სწორედ ამ დარგით დაინტერესებული პირების მოტივირებისა და ცოდნის შეფასების მიზნით, სამინისტროს პატრონაჟით, პირველი აგროოლიმპიადა ჩატარდება. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ინიციატივა მომავალში პოპულარულ ღონისძიებად იქცევა და ყოველწლიურად გაიმართება. უნდა აღინიშნოს, რომ აგროოლიმპიადა იქნება საუკეთესო პლატფორმა სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული და დარგით დაინტერესებული ადამიანებისთვის ცოდნის წარმოჩენისთვის. ოლიმპიადის ტესტები შემუშავებულია დარგის ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ. შესაბამისად, ოლიმპიადა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აგრარული განათლების და, ზოგადად, აგრარული სფეროს პოპულარიზაციაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს:
- სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში;
- აგრარული პროფილის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები;
- ფერმერები, რომლებიც ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად, აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება;
- 14-დან 18 წლამდე ასაკის, როგორც სპეციალიზებული კოლეჯის, ასევე, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.
„გვინდა საშუალება მივცეთ აგრარული დარგებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, გამოავლინოს საკუთარი ცოდნა, გააცნოს საკუთარი თავი დამსაქმებლებს, აღმოაჩინოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა“, – აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.
ოლიმპიადა ჩატარდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება მსურველთა რეგისტრაცია; მეორე ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება (დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით) მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში; მესამე ეტაპზე, ტესტირების საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
დარგების მიხედვით, გამოვლინდება სამი (I ადგილი, II ადგილი, III ადგილი) გამარჯვებული მონაწილე თითოეული კატეგორიიდან – ფერმერი; სტუდენტი და სპეციალისტი, მოსწავლე. ოლიმპიადაში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრიზები.
„ეროვნული აგრარული ოლიმპიადა წარმოადგენს სიახლეს ქართულ რეალობაში, ის უნიკალურია ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც. ჩვენი მოლოდინია, რომ ოლიმპიადა ხელს შეუწყობს სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს აგრარული სფეროთი და ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში“, – განაცხადა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა.
საქართველოს ეროვნული აგრარული ოლიმპიადა წელს პირველად ტარდება. გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი კი, საწყის ეტაპზე, ადგილობრივ აგრარულ სექტორში მისი დამკვიდრება, ხოლო შემდგომ, რეგიონულ დონეზე მისი გავრცელებაა.
ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ მიერ. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“. პროექტის პარტნიორები არიან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, პროექტი GRETA| მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი (EIEC).