აგროსიახლეები

საქართველოში წარმოებული პროდუქტი კატარის სუპერმარკეტებში იყიდება

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და ყურის რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელების კომპანია Lulu Hypermarket-ის მრავალთვიანი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, Lulu-ს ჰიპერმარკეტების კატარის ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა.

 

წლევანდელი 9 ივნისიდან ქალაქ დოჰასა და კატარის სხვა ქალაქებში არსებულ Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელ მომხმარებელს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტების შეძენა შეეძლება. მინერალური წყალი, ორგანული წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ჩირი, შოკოლადი _ ამ და სხვა მზა პროდუქციასთან ერთად, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ქსელში განთავსდა ქართული სეზონური ხილი და ქართული ცხვრის ხორცი.

ქართული პროდუქციის Lulu-ს ქსელში განთავსების აღსანიშნავი ღონისძიება, სლოგანით ქართული პროდუქტების ფესტივალი 2021 (Georgian Food Festival 2021), საზეიმო ვითარებაში გახსნეს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და Lulu Group International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ალტაფმა.

ხსენებული ფესტივალის ფარგლებში, მომდევნო 7 დღის განმავლობაში, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ობიექტებში განხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები კატარულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით.