სორგო – ქართველი ფერმერებისთვის საინტერესო გვალვაგამძლე კულტურა
სორგოს მოვლა-მოყვანის ძირითადი წესები და მისი გამოყენების შესაძლებლობები.
სორგო სითბოსმოყვარული და შედარებით გვალვაგამძლე მარცვლოვანი კულტურაა, რომელსაც მაღალი ტემპერატურისა და წყლის დეფიციტის პირობებში წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.
სორგოს მოყვანა შესაძლებელია როგორც მარცვლის მისაღებად, ისე პირუტყვის საკვებად, მწვანე მასისა და სილოსის დასამზადებლად.
რა პირობებია საჭირო სორგოს მოსაყვანად?
- ნიადაგი – უკეთესად ვითარდება ნაყოფიერ, ფხვიერ და კარგად დრენირებულ ნიადაგზე. ვერ იტანს ნაკვეთზე წყლის ხანგრძლივად დგომას.
- თესვის დრო – ითესება კარგად გამთბარ ნიადაგში. ცივ მიწაში დათესილი თესლი ნელა და არათანაბრად აღმოცენდება.
- თესლი – უმჯობესია სერტიფიცირებული, ხარისხიანი და ადგილობრივ კლიმატთან ადაპტირებული ჯიშებისა და ჰიბრიდების შერჩევა.
- სარეველებთან ბრძოლა – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარის განვითარების ადრეულ ეტაპზე. გამოიყენება თესლბრუნვა, დროული კულტივაცია და საჭიროების შემთხვევაში, სორგოში რეგისტრირებული ჰერბიციდები.
- გამოკვება – საჭიროა აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. სასუქის რაოდენობა უმჯობესია ნიადაგის ანალიზის საფუძველზე განისაზღვროს. აზოტის სიჭარბემ შეიძლება მცენარის ჩაწოლის რისკი გაზარდოს.
- მორწყვა – სორგო გვალვას შედარებით კარგად იტანს, თუმცა წყალი განსაკუთრებით სჭირდება სწრაფი ზრდის, ყვავილობისა და მარცვლის ფორმირების პერიოდში.
როდის უნდა ავიღოთ მოსავალი?
მოსავლის აღების დრო დამოკიდებულია სორგოს დანიშნულებაზე. მარცვლოვანი სორგო იკრიფება მარცვლის მომწიფების შემდეგ, ხოლო საკვები სორგოს აღების ვადა განისაზღვრება იმის მიხედვით, გამოიყენება მწვანე მასად, თივად თუ სილოსად.
რატომ შეიძლება იყოს სორგო საინტერესო ქართველი ფერმერებისთვის?
- შედარებით კარგად იტანს გვალვასა და მაღალ ტემპერატურას.
- აქვს მრავალმხრივი გამოყენება – მარცვლეული, მწვანე საკვები და სილოსი.
- შეიძლება გახდეს მეცხოველეობის ფერმებისთვის საკუთარი საკვები ბაზის შექმნის დამატებითი საშუალება.
- გარკვეულ მშრალ და ცხელ პირობებში შეიძლება სიმინდის ალტერნატივად განიხილებოდეს.
- სხვა კულტურებთან ერთად მოყვანა ხელს უწყობს წარმოების დივერსიფიკაციას და კლიმატური რისკების შემცირებას.
რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა სორგოს დათესვამდე?
საქართველოში სორგოს ფართოდ დანერგვამდე საჭიროა სხვადასხვა რეგიონში მცირე საცდელი ნაკვეთების მოწყობა, ადგილობრივი პირობებისთვის შესაფერისი ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოცდა, მოსავლიანობისა და წარმოების თვითღირებულების შეფასება.
მთავარი საკითხი მაინც სარეალიზაციო ბაზარია. წინასწარ უნდა გაირკვეს საკუთარი ფერმისთვის გინდა საკვებად თუ ვინ შეისყიდის მოსავალს: მეცხოველეობის ფერმები, საკვების მწარმოებელი კომპანიები თუ გადამმუშავებელი საწარმოები.
მთავარი რჩევა ფერმერს: სორგოს მოყვანა თავდაპირველად მცირე ფართობზე გამოცადეთ. შეისწავლეთ ადგილობრივ კლიმატურ პირობებში მისი მოსავლიანობა და წინასწარ განსაზღვრეთ მისი საკუთარ ფერმაში გამოყენების ან რეალიზაციის შესაძლებლობა. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება ფართობის გაზრდის შესახებ.
სორგო შეიძლება ქართველი ფერმერისთვის დამატებითი, კლიმატური რისკების მიმართ შედარებით გამძლე კულტურა გახდეს, განსაკუთრებით იქ, სადაც წყლის რესურსები შეზღუდულია.
მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა

