აგროსიახლეები

სურსათის ეროვნული სააგენტო_ რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს

ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ატმის, ვაშლატამასა და ლურჯი მოცვის ექსპორტი.

„აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა. ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში.

იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მიზნით, „როსსელხოზნადზორი“ უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნიდან პესტიციდების გამოყენების რეგლამენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და კვლევები გამოითხოვოს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.