დარგებიმედიარეგიონები

საქართველოს სოფლის მეურნეობა კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის

    ჟურნალ აგრარულ საქართველოში (N1 2021.) გამოქვეყნდა ინტერვიუ ახალგაზრდა სპეციალისტთან ბექა ლიპარტელიანთან, რომელიც საქართველოში აგრობიოლოგიური სპეციალობის წარმატებით გავლის შემდეგ გაცვლითი პროგრამით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მინესოტას უნივერსიტეტში.

ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელიც მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით სამშობლოში დაბრუნდა იმედია დიდ დახმარებას გაუწევს აგრარულ დარგს. როცა ამ ინტერვიუს ვკითხულობდი, ჩემი გამოცდილების ადამიანს უამრავი კითხვა მიჩნდებოდა, უპირველეს ყოვლისა ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, როდესაც გასულ საუკუნეში საქართველოში გვქონდა უდიდესი აგრარული სკოლა, მაგრამ დროთა განმავლობაში ხელისუფალთა არა ადეკვატური ქმედებით ყველაფერი დაიკარგა და განადგურდა.

მიჩნდება კითხვა: ნუთუ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას დღეს არ ძალუძს კვალიფიციური აგრონომ სპეციალისტების მომზადება? რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებითა და გამოყენებით სარგებლობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მაგალითად ისეთი ახალგაზრდა ფერმერი როგორიც ნიკა გუნთაძეა რომელზედაც ჩვენ კიდე ადრე ვწერდით (აგრარული საქართველო # 7, 2018.) დღეს ეს ახალგაზრდა დაამთავრა რა აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტია და მეცნიერებასა და წარმოებას წარმატებით ემსახურება.

ახალგაზრდა ფერმერი ნიკა გუნთაძე

ზოგადი ინფორმაციით ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში აგრონომიული მიმართულების ფაკულტეტებზე აბიტურიენტთა მიმართვიანობა ძალზე დაბალია, ამასთან ის ვინც მოხვდება ამ დარგებზე და შესაბამის დიპლომს მიიღებს იშვიათად თუ აგრძელებს მუშაობას ამ სფეროში. ისმის კითხვა- რატომ არ საქმდებიან ახალგაზრდა კადრები სოფლის მეურნეობაში? მაშინ როდესაც ქვეყანა ამ მიმართულებით სერიოზულ დეფიციტს განიცდის? დაკვირვებებმა ცხადყვეს , რომ დაბალი ანაზღაურება, ნიადაგთან და მცენარესთან მუშაობის სირთულე, სოფლად ცხოვრების დაბალი ინტერესი და სხვა მიზეზები განაპირობებს ახალგაზრდა სპეციალისტების ქალაქისკენ გადინებას. ამ პროცესის დარეგულირება და ახალგაზრდა კადრების სოფლად მობრუნებას ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა ესაჭიროება. ეს პრობლემები შესაძლებელია მხოლოდ რეგიონალურ და სახელმწიფოებრივ ჭრილში გადაწყდეს.

რეგიონებში სოფლად ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად უნდა მოწესრიგდეს. ახალგაზრდა სპეციალისტს უნდა გაუჩნდეს მოტივაცია სოფლად ცხოვრების და მუშაობის. წინააღმდეგ შემთხვევაში აგრარული სპეციალობის დიპლომის მიუხედავად მოზარდი სხვა სამსახურით დასაქმდება. დაახლოებით სამოცი წელია პირადად სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და წარმოების დარგში ვმუშაობ. მოწმე ვყოფილვარ ჩვენ თვალწინ როგორ ინგრეოდა სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა. უკანასკნელ წლებში ბევრი სასიკეთო სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა ქვეყნის ხელისუფლების ხელშეწყობით: ,,დანერგე მომავალი“, ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“, ,,ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა“, ,,აგრო დაზღვევა“ და სხვები. და რაოდენ გასაკვირია, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელები ფიზიკური პირები, ცალკეული ბენეფიციარები, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობენ და ხელმძღვანელობენ, მათი უმეტესობის სამოცდაათ პროცენტზე მეტი არასპეციალისტია, მაშინ როდესაც იხარჯება სახელმწიფო სახსრები და ხშირად შედეგები ძალზე დაბალია. საბჭოთა პერიოდში დომინირებდა ლოზუნგი. ,,კადრები წყვეტენ ყველაფერს“, დიახ ეს ფორმულა დღესაც ძალაშია. თუ გვინდა ინტენსიური და მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობა, ამ დარგს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ესაჭიროება. ამის რესურსი ქვეყანას გააჩნია. თუმცა საჭიროა ამ რესურსების სწორი, მიზნობრივი მართვა და გამოყენება. არადა რაც დრო გადის სოფლად აგრარულ სექტორში უკვე აგრონომების, აგროქიმიკოსების, მელიორატორების, მექანიზატორების, მცენარეთა დამცველების (ენტომოლოგი, ფიტოპათოლოგი, ვირუსოლოგი) ვეტერინარების, ტექნოლოგების, მწვავე დეფიციტი  შეინიშნება, აღარაფერს ვამბობთ სამეცნიერო კადრების მომზადებაზე, რაც ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში დავიწყებას მიეცა.

არსებული ინფორმაციით საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტოს სისტემაში, ცხრა რეგიონალური და 45 საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები ფუნქციონირებენ, რომელთა მიზანია რეგიონში დაინტერესებულ ბენეფიციარებს მიაწოდონ ინფორმაცია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ღონისძიებების შესახებ.

რეგიონებში საექსტენციო მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენის აზრით, ურიგო არ იქნებოდა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები უპირველეს ყოვლისა კარგად იცნობდნენ და აცნობიერებდნენ, სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულებების მიერ სუბტროპიკულ ზონაში დარგთა და კულტურათა შეთანაწყობის პრინციპებს, ამ მიმართულებით წლების მანძილზე მეცნიერულად დასაბუთებული  რეკომენდაციების ცოდნას და გასატარებელ ღონისძიებებს. ტრადიციული და ახალი კულტურების თვითნებური აღრევა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ამ ზონაში მიმდინარეობს პერსპექტივაში ბევრ დადებით შედეგებს ვერ მოგვიტანს.

ამ სიძნელეების დასაძლევად არსებობს კიდევ მეორე გზა: დღეს სოფლად დასაქმებული მეწარმეების მომზადება-გადამზადების კურსების ამოქმედება. მიუხედავად პანდემიისა ეს ღონისძიება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში, ასევე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურში- რომლებიც ტერიტორიულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ანასეულის ტერიტორიაზე მდებარეობენ. აქ ბენეფიციარები თეორიულ საკითხებთან ერთად გაეცნობიან სუბტროპიკული კულტურების ახალ ჯიშებსა და ფორმებს, სანერგე მეურნეობას, ასევე ფართო ინფორმაციას მიიღებენ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე. კარგი იქნება თუ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო გაითვალისწინებს ჩვენ წინადადებას და სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობაში დღეს დასაქმებული მეწარმეების  მომზადება გადამზადების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.

ზაურ გაბრიჩიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი