კივის პლანტაციის გაშენება
კივის გასაშენებლად სასურველია შეირჩეს ქარისგან დაცული ადგილი. ნიადაგი უნდა იყოს კარგად წყალგამტარი, ასევე 1-1,5 მეტრის სიღრმეზე არ უნდა იყოს გრუნტის წყალი.
ნიადაგის არის რეაქცია (pH) სასურველია იყოს 5.5-6.0 ფარგლებში მაქსიმალური მოსავლიანობის უზრუნველსაყოფად, 7.2 მაღალი რეაქცია ამცირებს მცენარის მიერ მიკროელემენტების შეთვისების უნარს რაც მოქმედებს მცენარის მოსავლიანობაზე უარყოფითად. გასაშენებლად ვარგისია მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის სუსტი მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის ნიადაგები.
ნიადაგის წინასწარი შერჩევისა და ზედაპირული გასუფთავების შემდეგ ხნავენ პლანტაჟის წესით 50-60 სმ სიღრმეზე. ხვნის წინ სასურველია ნიადაგში შევიტანოთ მინერალური და ორგანული ნივთიერებები: 500 კგ. ფოსფორი, 200 კგ. კალიუმი ასევე შესაძლებელია ორგანული სასუქის შეტანა 80-100 ტონა ნაკელი ჰექტარზე გაანგარიშებით. დამუშავებას აწარმოებენ შემოდგომაზე. პირველადი დამუშავების შემდეგ ხდება ნიადაგის დადისკვა და მოსწორება. გრუნტის წყლებისა და მოსული ატმოსფერული ნალექების ნაკვეთიდან გაყვანის მიზნით ეწყობა სადრენაჟო ქსელები არსებული წესების მიხედვით.
საყრდენი სისტემა
კივი მრავალწლიანი ხვიარა მცენარეა, რომელსაც შეუძლია პროდუქტიულობა 40-50 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს. კივისთვის აუცილებელია მყარი საყრდენი – 1.8 – 2.0 მ-იანი რკინის, რკინაბეტონის ან ხის ბოძი.
იმის გამო, რომ აქტინიდია ორბინიანი მცენარეა, ყოველ 7-8 მდედრობით ფორმაზე რგავენ ერთ მამრობით ფორმას, ტენიანი რეგიონებისათვის უფრო რეკომენდებულია T-ს მაგვარი და ჰორიზონტალურ-შპალერული საყრდენების მოწყობა.
აღნიშნული ტიპის საყრდენებზე ვარჯი ორმხრივ განათებული და აერაციით უზრუნველყოფილია. საყრდენი ბოძების სიმაღლე ნიადაგის ზედაპირიდან სასურველია იყოს 1.8 მეტრი, საყრდენ ბოძებს შორის მანძილი სასურველია იყოს 6 მეტრი. საყრდენის ბოძების ჰორიზონტალურად მაგრდება 2,0 მ. სიგრძის რკინის, ან ხის შველერი, რომლის წვეროებზე და ცენტრალურ ნაწილში მთელ სიგრძეზე იჭიმება 2-2,5 მმ. დიამეტრის მოთუთიებული მავთული.
სრულ მოსავლიანი მცენარის ვარჯის სანაყოფე ტოტები ყოველწლიურად მაგრდება მავთულებზე
დარგვის სქემა და დამტვერვა
დარგვის სქემებია: 6მX5მ, 4.5მX4.5მ, 4მX5მ. ჰექტარზე მცენარეთა რაოდენობა _ 300-500 ფარგლებში მერყეობს.
კივის პლანტაციის დამტვერვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია რომ კივის პლანტაციებში მდედრი და მამრი მცენარეების ფარდობა იყოს 8/1 მდედრი მცენარეების სასარგებლოდ, ასევე რეკომენდებულია პლანტაციასთან ფუტკრის ოჯახების განთავსება 8 ფუტკრის ოჯახის ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი